საქართველოს ეკონომიკის ძირითადი პრობლემები - კვირის პალიტრა

საქართველოს ეკონომიკის ძირითადი პრობლემები

მთავრობამ "ფულის დაგრძელების" პროექტი წამოიწყო

მთავრობამ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც 2020 წლისთვის ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება იგეგმება. მაგალითად, დღეს თუ ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 5811,7 ლარს შეადგენს, 2020 წელს ის 13 ათასი ლარი უნდა გახდეს, უმუშევრობა კი 15%-დან 12%-მდე უნდა შემცირდეს. კონკრეტულად როგორ და რა გზებით აპირებს მთავრობა ამ მაჩვენებლების მიღწევას? - ამ და სხვა საკითხებზე "ეკოპალიტრა" ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ესაუბრა.

- დოკუმენტი, რომელიც ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრებმა წარმოვადგინეთ და რომლის შექმნაში მთელი მთავრობა იყო ჩართული, ჩვენი ქვეყნისთვის სიახლეა. ასეთი სტრატეგიული ხედვები, სტრატეგიული დოკუმენტები საქართველოს, სამწუხაროდ, არ ჰქონია, ან თუ არსებობდა, მხოლოდ ქაღალდზე. ეს დოკუმენტი მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებებს ითვალისწინებს, მათ შორის, წარმატებული პოსტკომუნისტური ქვეყნებისას. შევეცადეთ ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე დიდი პრობლემების განსაზღვრას და და მათი გადაჭრის გზების დასახვას.

- რა არის დღეს ეკონომიკის ყველაზე დიდი პრობლემა?

- საქართველოს ეკონომიკა არ არის კონკურენტუნარიანი. დღეს ქართული პროდუქცია არათუ უცხოეთში, საქართველოშიც ვერ ახერხებს კონკურენციის გაწევას. ამის მიზეზი ფინანსებზე დაბალი ხელმისაწვდომობაა. ვგულისხმობ საბანკო საკრედიტო რესურსებს. კონკურენტული არ არის ჩვენი შრომითი რესურსი. სამწუხაროდ, განვლილ ოცწლიან პერიოდში ჩვენმა კვალიფიციურმა პერსონალმა დაკარგა სამსახური და დროთა განმავლობაში - კვალიფიკაციაც. დიდია განათლების სისტემის ხარვეზების როლიც, აგრეთვე კონკრეტული ხედვის უქონლობის - რა გვსურდა. გახსოვთ ალბათ, ხან შვეიცარიას ვაშენებდით საქართველოში, ხან სინგაპურს და ხანაც მათ ნაზავს. ჩვენ დავსახეთ გზები, როგორ გამოვასწოროთ ეს პრობლემები.

- როგორ უნდა გახდეს იაფი საკრედიტო რესურსი უფრო ხელმისაწვდომი?

- ბანკებს ლიკვიდური აქტივების ნაკლებობა არ აქვთ, მაგრამ გრძელვადიანი ფულის პრობლემა მაინც დგას. მათ აქვთ მოკლევადიანი ფული, მოტივირებული არიან, რომ მოკლევადიანი პროექტები დააფინანსონ და უმეტესწილად თავს იკავებენ სერიოზული საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისგან. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით, მთავრობამ დაიწყო პროექტი, რომელსაც ფულის დაგრძელების პროექტი ვუწოდეთ. ბანკებისგან ვისესხეთ 44 მილიონი ლარი, წლეულს ვაპირებთ კიდევ 200 მილიონის სესხებას და იმავე ბანკებს, დაახლოებით +1%-ით, უკან მივასესხებთ, ოღონდ უკვე ხანგრძლივი ვადით. რეალურად გამოდის, რომ ბანკმა ჩვენ მოგვცა ფული X პროცენტად, ჩვენ მას დავუბრუნეთ X+1%-ად და ბანკს ეს გრძელვადიანი ფულადი რესურსი, ფაქტობრივად, 1% უჯდება. მას უკვე აქვს გარანტია, რომ სახელმწიფოსგან ამ ფულს არ დაკარგავს. ამიტომ უჩნდება ინტერესი და შესაძლებლობა, გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტები დააფინანსოს, შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთით.

საქართველოს მცირე ეკონომიკა ვერ ზემოქმედებს გარე ბაზარზე, სამაგიეროდ გარე ბაზარი, მათ შორის ფინანსური, დიდ გავლენას ახდენს ქართულ ეკონომიკასა და ფინანსურ ბაზარზე. თუ, რა თქმა უნდა, ხელოვნური ბარიერები არ არსებობს. ასეთი კი შესაძლოა იყოს პოლიტიკური რისკი, ინფლაციის რისკი, ეკონომიკის ჩაკეტილი იდეოლოგია და სხვ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ევროპული ეკონომიკისა და ფინანსური ბაზრის ნაწილიც უნდა ვიყოთ. ეს უკვე ნიშნავს გაცილებით იაფი ფინანსური რესურსის შემოსვლას. მაგრამ, ყველაფერს განაპირობებს მოლოდინები ქვეყნის გარეთ თუ შიგნით. ამ მოლოდინების ფორმირების ძალიან საინტერესო ეტაპი მიმდინარეობს ახლა. კერძო საინვესტიციო ფონდები ძალიან კარგი მექანიზმია, რომ თვითონაც დააბანდონ ინვესტიციები და სხვებმაც ირწმუნონ, რომ ჩვენს ქვეყანაში ინვესტირება მომგებიანია.

საყურადღებო და შედარებით გრძელვადიანი ამოცანაა ადგილობრივი დანაზოგების წახალისება. ბანკებში დეპოზიტები არსებობს, მაგრამ ადგილობრივი დანაზოგები ძალიან ცოტაა. მოსახლეობის დიდ ნაწილს დანაზოგი არ აქვს, რადგან მათი შემოსავალი ძალიან მცირეა, ასე კი დანაზოგები არ იქმნება, ქვეყანაში ვერ ხორციელდება ინვესტიცია, ეკონომიკა არ იზრდება, შესაბამისად, ხალხი არ მუშაობს და შემოსავალი არ აქვს - როგორც ხედავთ, ერთგვარ ჩაკეტილ წრეს ვიღებთ. ეს წრე უნდა გავარღვიოთ. რეალურ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა დაზოგვას ხელი შევუწყოთ, მაგალითად, საპენსიო ფონდის ჩამოყალიბებით.

- სამთავრობო პროგრამის თანახმად, უმუშევრობა დღეს 15%-ია. ხელისუფლებაში მოსვლამდე თქვენც და ეკონომიკის სხვა ექსპერტებიც აცხადებდით, რომ უმუშევრობის რეალური დონე ბევრად მაღალია. თუ ასეა, რატომ არ აისახა ეკონომიკურ სტრატეგიაში რეალური მაჩვენებელი და შემდეგ მისი შემცირება 2020 წლისთვის?

- დღეს საქართველოს კანონმდებლობა საერთოდ არ ითვალისწინებს ტერმინს "უმუშევარი". არსებობს განსაზღვრება "დასაქმების მაძიებელი". მსოფლიოშიც და ეკონომიკურ თეორიაშიც, უმუშევრად მიიჩნევა ადამიანი, რომელსაც არ აქვს სამსახური, უნდა მუშაობა და ეძებს მას. ამ კრიტერიუმით თუ დავითვლით, ჩვენი მოსახლეობის მხოლოდ 15%-ია უმუშევარი. მაგრამ მოსახლეობას თუ ვკითხავთ, არიან თუ არა ისინი დასაქმებული, მივიღებთ დაუსაქმებლობის საკმაოდ დიდ მაჩვენებელს. ყველაზე ცუდი არის თვითდასაქმების ძალიან მაღალი დონე როგორც სოფლად, ისე ქალაქში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არაფორმალური დასაქმებიდან ადამიანები ფორმალურ დასაქმებაზე გადავიდნენ. დღეისთვის აგრარულ სფეროში 70-მდე ახალი საწარმოა შექმნილი. გასული წლის მეორე კვარტალიდან დღემდე ბიზნესში 15 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ეს ძალიან ცოტაა იმ ფონზე, როცა სამუშაო ძალა საქართველოში დაახლოებით 2 მილიონ ადამიანს ითვლის. ადამიანებმა ეკონომიკური ზრდის სიკეთე დასაქმებითა და შემოსავლის მიღებით უნდა იგრძნონ და არა იქიდან, რომ სახელმწიფო ეკონომიკურად გაძლიერდება და მერე ვიღაცას სოციალურ დახმარებას გაუზრდის. სტრატეგიაშიც გვიწერია, რომ ჩვენი მიზანი ინკლუზიური, ანუ ყოვლის მომცველი ეკონომიკური ზრდაა. შარშან ერთ ადამიანზე მშპ-ის მოცულობით საქართველო მსოფლიოში 115-ე ადგილზე იყო, 2012 წელს კი 116-ე. აი, ეს იყო რეალურად მთელი ჩვენი პროგრესი - ერთი პოზიციით წავიწიეთ წინ.

- გავრცელდა თქვენი განცხადება იანვარში ქვეყანაში 8%-იანი ეკონომიკური ზრდის შესახებ. ეს ალბათ წინასწარი მონაცემია, რომელიც დაზუსტებას საჭიროებს...

- ეს ფინანსთა სამინისტროს გაანგარიშებული მაჩვენებელია, რომელიც ეყრდნობა გადასახადის გადამხდელთა დეკლარირებას. ყოველი თვის შუა რიცხვებში, ყველა გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია, ანუ წინა თვის ბრუნვა და ეკონიმიკური აქტივობა აჩვენოს. შემიძლია გითხრათ, რომ დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვა გაზრდილია 16%-ით გასული წლის იანვართან შედარებით. ჩვენი გათვლებით, ეკონომიკურმა ზრდამ უნდა შეადგინოს მინიმუმ 8%. საგრძნობლად გაზრდილია სოფლის მეურნეობა და მასთან დაკავშირებული საწარმოების ბრუნვა - 83%-ით. 43%-ით არის გაზრდილი ბრუნვა სამშენებლო სექტორში.

- გასული წლის საკმაოდ ცუდი მაგალითი გიდევთ წინ, როცა დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა ვერ შესრულდა და ვერც დაგეგმილი გადასახადების ამოღება მოახერხეთ. ბიუჯეტს დაახლოებით 600 მილიონი ლარის დანაკლისი ჰქონდა, რასაც დღემდე ვერ გპატიობენ ოპონენტები...

- 2013 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ საშემოსავლო ნაწილის შევსება და ნაწილი ხარჯებსაც დააკლდა, ყველა ძირითადი მიმართულებით ხარჯები შესრულდა - იმაზე მეტი, ვიდრე 2012 წელს. სწორმა მენეჯმენტმა ბევრი თანხა გამოგვითავისუფლა, მათ შორის ჯანდაცვასა და ინფრასტრუქტურაში. ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი შევაჩერეთ კორუფციული გარიგების მაღალი რისკების გამო. კომპანიამ, რომელმაც არჩევნებში ჩვენი გამარჯვების მეორე დღეს თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, რამდენიმე კვირით ადრე ერთ-ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის ტენდერში გაიმარჯვა. ცხადია, ასეთი ტენდერები უნდა გაგვეუქმებინა. შესაბამისად, გასული წლის პირველ ნახევარში შედარებით სუსტი იყო ეკონომიკური ზრდა. ბიუჯეტმა გადასახადების სახით, დაახლოებით 600 მილიონ ლარამდე ვერ მიიღო, თუმცა 1 მილიარდ 300 მილიონი წინასწარ ამოღებული გადასახადები დაგვხვდა. ძალიან ცოტა დრო გვქონდა იმისთვის, რომ გასული წლის ბიუჯეტში, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო შემუშავებული, სიღრმისეულად ჩაგვეხედა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წლევანდელ ბიუჯეტში მსგავსი პრობლემები აღარ იყოს.

- ლარის კურსის ვარდნა დოლარის მიმართ - ბევრი მოსაზრება არსებობს, რატომ მოხდა ეროვნული ვალუტის მკვეთრის გაუფასურება მოკლე დროში. ხელს უწყობდა თუ არა ეს ბიუჯეტში მეტი თანხის მობილიზებას?

- ეს პროცესი მოხდა მთელ მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ზოგან მეტად და ზოგან ნაკლებად. აშშ-ის ეკონომიკის გამოცოცხლებამ გამოიწვია დოლარზე მოთხოვნის ზრდა ყველა ქვეყანაში, მათ შორის, მაგალითად, თურქეთში 20%-ით. ჩვენი ეკონომიკა დოლარიზებულია და ყველა საქმიანი გარიგების 70-75% დოლარში იდება. როცა ეკონომიკის გამოცოცხლება იწყება, დოლარზე მოთხოვნა იზრდება. ჩნდება სუბიექტური ფაქტორიც - ცუდი მოლოდინების ტირაჟირება, რომ ქვეყანა ინგრევა, ლარს კუპონის ბედი ელის, ხადური რას აკეთებს და სხვ. ვალი სახელმწიფოსაც უცხოურ ვალუტაში აქვს აღებული და თუ დოლარის კურსი ლარის მიმართ იზრდება, ეს არც სახელმწიფოს აწყობს, რადგან ვალის მომსახურების ხარჯები იმატებს.

რაც შეეხება ბიუჯეტის შევსების სარგებელს, უკაცრავად, თქვენ ეს არ გეხებათ, მაგრამ ეს არაპროფესიონალური განაცხადია, რადგან ინფლაციის უმნიშვნელო ზრდა ვერ შეავსებდა ბიუჯეტის დანაკლისს. ხელოვნურად შექმნილმა აჟიოტაჟმა, ოპონენტებისა და "ყველაფროლოგი" ექსპერტების უსაფუძვლო განცხადებებმა გამოიწვია ის, რომ ადამიანებმა, რომლებსაც ჰქონდათ ლარი, მისი დაკარგვის შიშით, ამ ფულის კონვერტირება დოლარში გადაწყვიტეს, ვისაც დოლარი ჰქონდა, ელოდებოდა კურსის კიდევ უფრო ზრდას. შესაბამისად, დოლარზე მოთხოვნა გაჩნდა, ბაზარს კი დოლარი არ მიეწოდებოდა. შემდეგ ეროვნულმა ბანკმა დოლარის ინტერვენცია დაიწყო. თუ მთელი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი ბაზარზე ყიდულობდა დოლარს და, მაგალითად, შარშან $500 მილიონზე მეტი აქვს შეძენილი, მხოლოდ ბოლო დროს მან $480 მილიონი გაყიდა ხელოვნური აჟიოტაჟის ჩასაცხრობად. ეკონომიკა მივიდა წონასწორობამდე, დოლარის გაზრდილმა ფასმა შემცირება დაიწყო და ბოლო დროს ეროვნულ ბანკს $60 მილიონის კვლავ ყიდვამ მოუწია, რათა ძალიან მკვეთრი ვარდნა აერიდებინა. არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ არსებობდა და არც არსებობს, რომ დოლარის კურსი ლარის მიმართ მკვეთრად გაიზარდოს.

- კომპანია "ალბატროსს" სახელმწიფომ ქონება დაუბრუნა. ახლა მიდის საუბარი, რომ "სენტასა" და "მაგნატსაც" შეიძლება დაუბრუნდეს წინა ხელისუფლების პირობებში დაკარგული ქონება. დაიძრა ყინული სამართლიანობის აღდგენის საქმეში თუ ეს გამონაკლისებია?

- "ალბატროსის" თემაზე, უკეთესი იქნება, ჩემს კოლეგა ეკონომიკის მინისტრს ჰკითხოთ, რადგან, რამდენადაც მახსოვს, კომპანიის ქონება არ იყო გადაცემული კერძო საკუთრებაში, არამედ სახელმწიფოს ხელში იყო. "სენტას" საქმე, როგორც ვიცი, სასამართლოსა და პროკურატურაშია და ჩემს კომპეტენციას სცდება. სამართლიანობის აღდგენას რაც შეეხება, სერიოზულად ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით. მათ შორის ერთ-ერთია დავების განხილვის საბჭო. ამ ეტაპზე 1100-მდე დავაა ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში - გადამხდელები ჩივიან, რომ მათ არასწორად ჰქონდათ დარიცხული გადასახადები. თითოეულ საქმეს ხელახლა გავდივართ. დავების დაახლოებით 60-65% გადამხდელთა სასარგებლოდ წყდება, რადგან აშკარად ვხედავთ, რომ იქ სამართლიანობა დარღვეულია.

- "ჯეოსელის" ფინანსური შემოწმება ხომ თქვენი კომპეტენციაა? რა გახდა მობილურ ოპერატორში საგამოძიებო სამსახურის შესვლის მიზეზი? ერთ-ერთი ვერსიით, ამის მიზეზი "ჯეოსელის" მხრიდან უკანონო სატელეფონო მოსმენებზე უარის თქმა იყო...

- ასეთი განცხადება "ჯეოსელის" ხელმძღვანელობისგან არ მომისმენია. ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა და, რაც ჩემთვის გასაკვირია, არასამთავრობო სექტორმა, მოგვიწოდეს, საჯარო გავხადოთ, რას ვამოწმებთ "ჯეოსელში". რომელიმე ქვეყანაში გინახავთ, საგამოძიებო სამსახური ასე იქცეოდეს? გვაქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელზეც ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაა. როცა მიიჩნევენ საჭიროდ, თავად გაახმაურებენ. გადასახადებიდან თავის არიდების ეჭვი არსებობს და ამას ვამოწმებთ. ეს არის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოვალეობა. თუმცა ყველაფერს შეიძლება კუდი გამოაბა. სხვათა შორის, "ჯეოსელს" 4,7 მილიონი ლარი აქვს დარიცხული გადასახადების სახით, რომელსაც ის ასაჩივრებს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში. ერთსაც გეტყვით, ცნობილი გამონათქვამია, რომ ორი რამ არის გარდაუვალი, სიკვდილი და გადასახადები. უნდა შექმნა ისეთი ინსტიტუცია, რომ ადამიანმა გადასახადი არ დამალოს, მაგრამ ვინც დამალავს, ის უნდა დაისაჯოს.