ქართულ თხილს ხარისხის პრობლემა აქვს - კვირის პალიტრა

ქართულ თხილს ხარისხის პრობლემა აქვს

"ვერც მცენარეს უვლიან სათანადოდ და ვერც მოსავალს ინახავენ"

ბოლო წლებში ქართული თხილი საკმაო მოცულობით გადის ევროპისა თუ აზიის ბაზრებზე და ქვეყნის საექსპორტო ხუთეულშიც დაიმკვიდრა ადგილი. თუ ადრე თხილი მარტო დასავლეთ საქართველოში მოჰყავდათ, ახლა ის უკვე კახეთშიც მოაშენეს, თუმცა დარგში უამრავი პრობლემაა, რაც თხილის ფასზეც აისახება.

ფერმერები და ამ დარგის სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ბოლო სამი წელია, თხილს ასეთ მაღალი ფასი არ დასდებია. შეგახსენებთ, რომ 1 კილოგრამი თხილის შესასყიდი ფასი შარშან 3,20-3,30 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო 2006-2007 წლებში 6 ლარიც კი ღირდა. რა მდგომარეობაა წლეულს და რა განსაზღვრავს თხილის ფასს საქართველოში? პასუხებისთვის დარგის წარმომადგენლებს მივმართეთ.

ირინა ჯავახაძე (საქართველოს თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი): - როგორც წესი, თხილის ექსპორტი სექტემბრიდან იწყება, თებერვლის მიწურულს მოსავლის 80% უკვე გაყიდულია. მსოფლიო ბაზარზე გარჩეული თხილის ფასი შემცირებულია და ვინაიდან ამ დარგში თურქეთია ფასების განმსაზღვრელი, იქაურ ფასებს უნდა გადავხედოთ: 1 კილოგრამი თურქული გარჩეული თხილი 6,30 დოლარი ღირს, ხოლო ქართული - 6,20-6,10 დოლარი.

ექსპორტზე უმეტესად გარჩეული თხილი გადის და ამის მიხედვით დგინდება ნაჭუჭიანი თხილის ფასიც. მას თხილის ტენიანობა და გამოსავლიანობა განსაზღვრავს. ტენიანობის დაკლებით თხილის ფასიც იზრდება. შეიძლება ამინდმა არ შეუწყოს ხელი მოსავალს ან უხარისხო თხილი მოვიდეს და სხვ. ფასზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ვინაიდან შარშანდელი მოსავალი არ იყო კარგი, თხილი ნაკლები ღირდა. შარშანდელთან შედარებით წლეულს ფასები მართლაც მაღალია. თანაც, მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე ექსპორტზეა გატანილი და ფასწარმოქმნაზე ბუნებრივია, ესეც მოქმედებს. ალბათ მალე გაიტანენ დარჩენილ 20%-საც და მომავალ მოსავალს დაელოდებიან.

ალექსანდრე მოწერელია (თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე): - თხილის მოსავლის ექსპორტი ახალ წლამდე დასრულდა და ახლა სადღაც 20%-ია დარჩენილი. საქართველო თხილის 99%-ს ექსპორტზე უშვებს. მსოფლიო ბაზრებზე ვართ დამოკიდებული: თუ იქ ფასი დავარდა, ქართული თხილის ფასიც მცირდება.

ასე მოხდა 1-1,5 თვის წინ, როცა თურქეთმა თხილის ფასი $1,2-ით დოლარით დააგდო. იმავდროულად, თხილი ძალიან ცოტაა დარჩენილი და თავმოყრილია არა გლეხების, არამედ ე.წ. დამამზადებლების ხელში, ვინც 5-10 ტონა შეისყიდა და ფასის აწევას ელოდება. თან ინფორმაციაც არ აქვს, რა ხდება მსოფლიო ბაზარზე, სამაგიეროდ დარწმუნებულია, რომ სეზონის ბოლოს თხილის ფასი მოიმატებს. ჩვენ ამ პროდუქტს ვერასოდეს ვერც გავაიაფებთ და ვერც გავაძვირებთ იმიტომ, რომ მცირე რაოდენობით ვაწარმოებთ: დაახლოებით 50 ათას ტონას. ზუსტი სტატისტიკაც კი არ გვაქვს, შეიძლება ბოლო სეზონზე 60 ათასი ტონაც მოვიდა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია: თურქეთში, მაგალითად, 600 ათასი ტონა იკრიფება, იტალიაში - 135-დან 150 ათას ტონამდე, ბუნებრივია, მსოფლიო ბაზარზე ფასს ჩვენ ვერ დავადგენთ. ამასთანავე, არ გვაქვს ისეთი მომხიბლავი პირობები, რომელიც შეიძლება ევროპელებს შევთავაზოთ.

ერთადერთი უპირატესობა, რაც ქართულ თხილს შეიძლება ბაზარზე ჰქონდეს - დაბალი ფასია. თურქები მაგალითად, თხილს სამი თვის კონსიგნაციით ყიდიან, ჩვენ კი ამის საშუალება არ გვაქვს. ჩვენი ფერმერები თხილს ძალიან ცუდად ინახავენ და სათანადოდ ვერ აშრობენ, რაც თხილის ხარისხს უქმნის პრობლემას: ობი და ფარული სიდამპლე ქართულ თხილში ხშირად გვხვდება. ამიტომ, ისეთი კომპანია, როგორიც "ფერეროა", ქართულ თხილს იშვიათად ყიდულობს - ურჩევნიათ თურქული ან იტალიური შეისყიდონ.

ფასწარმოქმნაზე ბევრი რამ მოქმედებს, მაგრამ უპირველესად - მსოფლიო ბაზრის ფასები და მერე - ხარისხი. ასე მაგალითად, შარშან ქართული თხილის ხარისხი იმდენად დაბალი იყო, რომ ევროპის მოწინავე კომპანიებმა უარი თქვეს მის შესყიდვაზე. თხილის ხარისხი და გამოსავლიანობა უფრო დიდი რომ ყოფილიყო, ფასიც უკეთესი იქნებოდა. პრობლემა იწყება მინდორში, სადაც მცენარეს სათანადოდ ვერ უვლიან, მერე კი მოსავალსაც ვერ ინახავენ, როგორც საჭიროა. ამიტომ, ქართული თხილის ხარისხი ხშირად დაბალია და უცხოელების დამოკიდებულებაც მის მიმართ ფრთხილია: ისინი გრძელვადიანი კონტრაქტებისგან თავს იკავებენ.

ბეგლარ სიორიძე (თხილის საექსპორტო კომპანიის დამფუძნებელი): - წლეულს საქართველოში ხარისხითაც და რაოდენობითაც კარგი მოსავალი მოვიდა. ამავე დროს, ქართველ ბიზნესმენებს უფრო თავისუფალ გარემოში გვიწევს მუშაობა, ყიდვა-გაყიდვა და ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, რომ თხილის ფასი შარშანდელთან შედარებით დიდია. ისიც უნდა ითქვას, რომ დააახლოებით ერთი თვის წინ თურქეთმა თავისი თხილის ფასი დააგდო. ამ ბაზარზე თურქეთი ყველაზე დიდი მოთამაშეა, ამიტომ, რა ფასსაც თურქეთი დაადგენს, იმას მისდევს ჩვენი ფასებიც. ისინი წარმატებით იყენებენ თანამედროვე ტექნიკას და უფრო ხარისხიან პროდუქციასაც აწარმოებენ, ამიტომ, თურქული თხილი, ქართულთან შედარებით, ყოველთვის 20-25 ცენტით უფრო ძვირი ღირს.

ხათუნა ჩიგოგიძე