ბიზნესჩიტი ფოტოაპარატიდან
24-02-2014
ბიზნესჩიტი ფოტოაპარატიდან
"გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება"! - ოდესღაც ეს ფრაზა ძალიან პოპულარული იყო ფოტოგრაფებს შორის. ფოტოს გადაღებაზე მოთხოვნა ყოველთვის არსებობდა. დღეს ფოტოატელიეები ფოტოსტუდიებმა ჩაანაცვლა და მიუხედავად იმისა, რომ ახლა სურათებს მობილური ტელეფონიც კი იღებს, პროფესიონალურ ფოტოზე კვლავაც მოთხოვნაა.

მამუკა კიკალიშვილი ("კიკალა სტუდიოს" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი): "ფოტოსტუდიის შექმნის იდეა 2005 წელს გამიჩნდა. ფოტოგრაფია თავიდან ჩემთვის ჰობი იყო და შემდეგ იქცა ბიზნესად. დროულად მივხვდი, რომ საქართველოში ფოტოსტუდია არ არსებობდა. საჭირო იყო ორი მთავარი კომპონენტი -
კარგი სტუდია და ხარისხიანი ფოტო. ვიქირავე მცირე ფართი, გავარემონტე, ვიყიდე მინიმალური აღჭურვილობა და ფოტოებს ვუღებდი ჩემს ახლობლებს, მეგობრებს, ფოტოგადაღებას ვთავაზობდი იმ სამოდელო სააგენტოებს, სადაც ჩემი მეგობრები მუშაობდნენ. მაშინ ვერც კი გავბედავდი ფოტოებში რამე ანაზღაურების აღებას. ეს ჩემთვის სწავლა უფრო იყო, ვიდრე კომერცია და ჩემი სიამოვნებისთვის
ვაკეთებდი ამას.

დაახლოებით ორი წლის შემდეგ მივხვდი, რომ ამ სერვისზე მოთხოვნა გაჩნდა. მომხმარებელი მოდიოდა და შეკვეთას გვაძლევდა, გაჩნდა მოთხოვნა სარეკლამო ფოტოზეც. ასე ნელ-ნელა ჩემი საყვარელი საქმიანობა ბიზნესად გარდაიქმნა და შემოსავლის შემოტანაც დაიწყო. ჩამოვაყალიბე შპს და დავარქვი "კიკალა სტუდიო". მაშინ სამი თანამშრომელი მყავდა, ახლა - ოცი. ადრინდელზე ბევრად დიდი შენობა გვაქვს და ჩვენი სტუდია პროფესიონალური ფოტოსტუდიის სტანდარტებს პასუხობს. ბიზნესის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, "კიკალა სტუდიომ" კიდევ ორი ახალი კომპანია "შვა" - "სტუდიო ფემილი" და სამოსის წარმოება "ატელიე კიკალა". გასული საუკუნის 90-იან წლებში მოდის კვირეულებს ვაწყობდი, ერთ-ერთი პირველი ვიყავი საქართველოში, ვინც მოდის ჩვენებებს მართავდა. დიზაინერი არ ვარ, მაგრამ ეს მიმართულება ყოველთვის მაინტერესებდა. ჩვენების შემდეგ გინდა, შენი პროდუქცია ფართო აუდიტორიას აჩვენო, ამის გაკეთება კი შესაძლებელია ხარისხიანი ფოტოებით.

სწორედ ასე დავუკავშირე ერთმანეთს ეს ორი სფერო და საინტერესო ბიზნესტანდემი გამოვიდა. ჩვენ არ ვართ ორიენტირებული მასობრივი მოხმარების სამოსზე, უფრო ძვირად ღირებულ სამოსს ვამზადებთ. ერთ წელიწადში სამი კოლექცია შევქმენით, ბოლო კოლექცია პარიზის ჩვენებისთვის მზადდება.

"სტუდიო ფემილი" ფართო მასებისთვის გათვლილი ფოტოსტუდიაა, რომლის დაფუძნების იდეა ბაზარზე გაჩენილმა მზარდმა მოთხოვნამ მოიტანა, რომელიც სოციალურ ქსელებში ფოტოების განთავსების სურვილმა წარმოშვა. მოთხოვნა გაჩნდა ხარისხიან, მაგრამ არა მაღალი მხატვრული ღირებულების ფოტოებზე. დავასკვენით, რომ ეს ე.წ. ფოტოკონვეიერი უნდა ყოფილიყო, რაც ბევრად შეამცირებდა ყოველი ფოტოს თვითღირებულებას. დღეს "სტუდიო ფემილიში" ერთი ფოტოს ფასი 2 ლარიდან იწყება და, შესაბამისად, მოთხოვნაც დიდია. მოდიან ოჯახები, მეგობრები, გვიკვეთენ ინდივიდუალურ გადაღებებს. შედარებისთვის, "კიკალა სტუდიოს" ძირითად სტუდიაში პროფესიონალური ფოტოსესია საკმაოდ ძვირი ჯდება და მისი ფასი 3 ათასი ევროდან იწყება. ძირითადი სტუდია ემსახურება დიდ კომპანიებს, მათ სარეკლამო მიზნებსა და სამოდელო სააგენტოებს".

* * *


"ფასიანი ყველი", როგორც ბიზნესი

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების დიდი წილი დღეს მცირე საოჯახო მეურნეობებზე მოდის. მათ უფრო თავის გადარჩენის ამოცანა აქვთ, ვიდრე კომერციული დატვირთვა. თუმცა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესში წარმატების მაგალითებიც არსებობს.

ნინო ზამბახიძე (საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე):
"აგრარული საქმიანობა 2007 წელს დავიწყე, შეიძლება ითქვას, კურიოზულად. თბილისში მქონდა ყავისა და ჩაის სადისტრიბუციო კომპანია. ერთ მშვენიერ დღეს ბიზნესპარტნიორი მამაკაცი ახალციხეში წავიდა, დათვრა და ორი ძროხა იყიდა. შემდეგ კი ეს საერთოდ დაავიწყდა. ახალციხიდან დაგვირეკეს, კარგია, ეს ორი ძროხა რომ შეიძინეთ, მაგრამ პირუტყვს მოვლა სჭირდება და უნდა ჩამოხვიდეთო.

სოფლის მეურნეობასთან მანამდე არანაირი შეხება არ მქონია. როცა ჩავედით, მივხვდით, რომ ორ ძროხას ისეთივე მოვლა-პატრონობა სჭირდება, როგორც ათს. გადავწყვიტეთ, მცირე მიწა შეგვეძინა, ძროხებისთვის სათავსო აგვეშენებინა და ოჯახში ნატურალური რძის პროდუქტიც გვექნებოდა. თბილისში დაბრუნებულებმა შევიტყეთ, რომ "ათასწლეულის გამოწვევის ფონდს" ამ მიმართულებით საგრანტო კონკურსი ჰქონდა გამოცხადებული და ერთი კვირაღა რჩებოდა. დავწერეთ პროექტი, როგორ შეიძლება აქციო კუსტარული მეურნეობა თანამედროვე საწარმოდ. რძე არ მიყვარდა, გასინჯულიც არ მქონდა, არც ყველის წარმოების ტექნოლოგია ვიცოდი, პროფესიით მარკეტოლოგი ვარ. თუმცა ბევრი ცნობა შევკრიბე ყველის წარმოებაზე, იმ ერთ კვირაში რეგიონშიც ჩავედით და ვნახეთ ოჯახურ მეურნეობებში ყველის დამზადება. მართლაც იღბლიანი აღმოვჩნდით მე და ჩემი პარტნიორი და "მილენიუმმა" $125 ათასით დაგვაფინანსა. რა თქმა უნდა, თანადაფინანსებაც საჭირო იყო და რა თანხებიც გვქონდა, გავაერთიანეთ.

დავიწყეთ რძის გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობა. ინტერნეტით ვეძებდი, როგორი უნდა ყოფილიყო ასეთი საწარმო. ისიც ხდებოდა, რაღაცას ავაშენებდით, შემდეგ სადმე ამოვიკითხავდი, რომ ასე არ უნდა გაგვეკეთებინა და ვანგრევდით. ამის გამო მშენებლობა საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა. შემდეგ, ადგილობრივებისგან რძე უნდა მიგვეღო. ძნელია, როცა რეგიონში სრულიად უცნობი ადამიანი იწყებ საქმიანობას. დრო დაგვჭირდა ნდობის მოსაპოვებლად.

აღმოჩნდა, რომ გლეხი ყველის წარმოებაზე გაწეულ ხარჯებს არ ითვლიდა და უბრალოდ, საბაზრო ფასებით ხელმძღვანელობდა. როცა ჩვენ ყველა ხარჯი დავთვალეთ, აღმოჩნდა, რომ იმაზე ორჯერ ძვირად უნდა გაგვეყიდა პროდუქცია, ვიდრე გლეხები ყიდდნენ, რადგან ორჯერ ძვირი გვიჯდებოდა. გამოსავლის ძებნა დავიწყეთ, ავაწყვეთ სადისტრიბუციო ქსელიც, ახალციხიდან ყველის ნიმუშები ჩამოვიტანეთ და სუპერმარკეტებს ვთავაზობდით. მოსწონდათ, მაგრამ ეძვირებოდათ. შემდეგ ჭკუა ვიხმარეთ და 30-ტონიანი საცავები გავაკეთეთ. ქარხნულ ყველს სამ თვეს ვინახავდით.

ზაფხულში არ ვიყავით უკმაყოფილო, მაგრამ სექტემბერში რძის მოცულობამ იკლო. გვითხრეს, რომ საკვების შემცირებასთან ერთად, რძის რაოდენობაც მცირდებოდა. ახლა რომ ვიწყებდე ბიზნესს, ამდენ შეცდომას არ დავუშვებდი. ავიღეთ სესხი და პირუტყვის საკვების მწარმოებელი ქარხანა გავაკეთეთ. დიდი წარმადობისაა, საათში ხუთი ტონა საკვები შეუძლია აწარმოოს, ლამის მთელი საქართველოს პირუტყვს ეყოფა გამოსაკვებად. იგივე ხარჯი გვექნებოდა, მცირე წარმადობის საწარმო რომ გაგვეკეთებინა და ბარემ დიდი გავაკეთეთ. დაახლოებით $130 ათასი დაგვიჯდა. დავიწყეთ ამ საკვების გაცემა ადგილობრივებზე, ზოგს ბარტერით ვუცვლიდით, თუმცა რძე მაინც ვერ მივიღეთ საკმაო მოცულობით. ეს პირუტყვის ჯიშსა და სახეობაზეც იყო დამოკიდებული. დავდექით ფაქტის წინაშე, როცა პირუტყვის საკვებისა და ყველის საწარმოები გვაქვს, მაგრამ ნედლეულით მთლიანად გლეხებზე ვართ დამოკიდებული. დავიწყეთ მიწების შეძენა და 100-სულიანი ფერმის გაკეთება გადავწყვიტეთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რძეს გლეხებისგან აღარ ჩავიბარებთ.

სოფლის მეურნეობას, როგორც ბიზნესს, მოგებაზე გასასვლელად დიდი დრო სჭირდება, აგრეთვე რეინვესტირებაც. კარგია ბიზნესის დივერსიფიცირება, მაგალითად, შევიძინეთ 5 ჰექტარი ვაშლის ბაღი, პატარა ჭალაც შევისყიდეთ, სადაც გვინდა თევზსარეწი გავაკეთოთ. ბიზნესის კეთების მთელი აზრი თანხის შინ წაღებაში არ არის. მინდა, რომ კონკრეტული რეგიონი, სოფელი წნისი, სადაც ჩემი ბიზნესი მაქვს, აგროტურიზმის კერად ვაქციო".

P.S. გაგვიზიარეთ თქვენი ბიზნესის ისტორია, გახდით გადაცემა "ბიზნესფაილის" მონაწილე და გახადეთ თქვენი კომპანია კიდევ უფრო ცნობილი რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში. გადაცემაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 272-52-83.
Mirian Karaulashvili
28 თებერვალი 2014 02:09
აბა ბიჭო!
სულ ასე ნაუცბათევად და პირველივე მოთხოვნაზე იძლეოდა "მილენიუმ ჩელენჯი" გრანტებს და კრედიტებს! ::))
თქვენ თვითონ გჯერათ რასაც ჰყვებით?!

რედაქტორის რჩევით