ბიზნესი ოთხ ფეხზე - კვირის პალიტრა

ბიზნესი ოთხ ფეხზე

ძველებურ ტრანსპორტს თბილისის ქუჩებში კონკურენტი არ ჰყავს

თბილისის ქუჩებში ცოტა ხნის წინ ძველებური სატრანსპორტო საშუალება გამოჩნდა, ოღონდ უკვე ბიზნესგეგმით... ცხენებითა და ფაეტონით, ან ვირშებმული ორთვალათი გასეირნება ყველა მსურველს დღისა და ღამის ნებისმიერ დროს შეუძლია. მეფაეტონე შეკვეთებს მობილური ტელეფონით იღებს და კონკურენტების - თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებების გვერდით, თოხარიკით მიაქროლებს ცხენებს დანიშნულ მისამართზე.

ნიკუშა გიგაური (ფაეტონის მეპატრონე): "ოთხი თვეა, თბილისის ქუჩებში ხალხს ფაეტონით მგზავრობას ვთავაზობთ. გადავწყვიტეთ, თბილისელებს ძველებური ტრანსპორტით მოვმსახურებოდით და ამ საქმით ცოტა ფულიც გვეშოვა. ორი ათას ლარად კარგი ცხენები შევიძინეთ, სამი ათასი ლარი კი ფაეტონის დამზადება დაჯდა. მნიშვნელოვანი ხარჯი გავწიეთ, მაგრამ ვფიქრობთ, მომგებიანი საქმე წამოვიწყეთ და დანახარჯს მალე დავფარავთ. ფაეტონით მგზავრობას რომ უფრო მეტი ხიბლი ჰქონდეს, მგზავრების დაკვეთით, სანამ მეწყვილე ფაეტონს მართავს, გარმონზე სხვადასხვა მელოდიებს ვასრულებ. ორთაჭალელი კაცი ვარ, ქართული ტრადიციების მოტრფიალე და თუ ჩემთვის სასიამოვნო საქმე სასარგებლოც იქნება, ამაში ცუდი რა არის?!"

ვეფხია მარტიაშვილი (ფაეტონის მეპატრონე): "ფაეტონით გასეირნება ერთი საათის განმავლობაში 50 ლარი ღირს. ფასის მიუხედავად, მოთხოვნა დიდია. ძირითადად ქორწილებისთვის ან ღირშესანიშნავი თარიღებისთვის ქირაობენ ფაეტონს, თანაც რამდენიმე საათით. მომსახურების საფასურში მუსიკაც შედის, რაც მთავარია, ცოცხალი შესრულებით. დამკვეთები ტელეფონითაც მიკავშირდებიან და ზოგჯერ იმდენი გამოძახება მაქვს, შესვენებისთვის შუალედიც არ მრჩება. ყოფილა შემთხვევა, რომ დღეში ათ გამოძახებაზე გავსულვარ, ზოგჯერ კი სამ კლიენტზე მეტი არ მყოლია. ამ საქმეს ყოველდღიური ხარჯიც აქვს. მართალია, ჩემს ფაეტონს საწვავი არ სჭირდება და არც ბენზინის გაძვირება მაშინებს, მაგრამ ცხენებს დღეში დაახლოებით 50 ლარის საკვები უნდათ. ამას დროდადრო ცხენების დაჭედვისა და ფაეტონის შეკეთების ხარჯებიც ემატება. სამაგიეროდ, ეს ისეთი საქმეა, კანონი გადასახადების გადახდას არ ავალდებულებს.

საახალწლოდ კარგი მუშაობა გვაქვს. ხალხმრავალ ადგილებს ვარჩევთ და საღამოობით იქ ვმოძრაობთ. თუ ამ ბიზნესმა ისე გაამართლა, როგორ გავთვალეთ, არ გამოვრიცხავთ, გაზაფხულისთვის გავაფართოვოთ და კიდევ ერთი ფაეტონი შევიძინოთ. გამონაბოლქვი ამ ტრანსპორტს არ აქვს და ჰაერს ეს არ აბინძურებს".

თანამედროვე ქალაქისთვის უჩვეულო ტრანსპორტით გასეირნებას თბილისელებს კახეთიდან ჩამოსული ბატონი გუჯაც სთავაზობს. უკვე წლებია, რაც ამ საქმითაა დაკავებული. საქმე სეზონურია, მაგრამ მომგებიანი, თუნდაც კრიზისის დროს.

გუჯა ბასურაშვილი (ორთვალის მეპატრონე): "გურჯაანელი კაცი ვარ. უკვე ცხრა წელია, საახალწლოდ, ჩემს სახედარ ქოჩორასთან ერთად თბილისში ჩამოვდივარ ფულის საშოვნელად. მთელი წლის განმავლობაში ჩემი სახედარი საზიდარში მყავს შებმული, ხან ტყეში დამყავს შეშაზე და ხანაც ბაღ-ბოსტანში დოვლათის დასაბინავებლად. ახალი წლისთვის კი საზეიმოდ მოვრთავ ხოლმე, ორადგილიან ორთვალაში შევაბამ და თბილისის გზას გამოვუყენებ. მონაცვლეობით, ხან სად ვდგავართ და ხან სად: სადაც საახალწლო სოფლებია მოწყობილი და ბევრი ბავშვია, ხანაც ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადრე მომხმარებელს მხოლოდ ვირშებმული ორთვალათი გასეირნებას ვთავაზობდი, ახლა კი უფრო მრავალფეროვანი სერვისი მაქვს. მსურველებს, ვირთან და თოვლის პაპასთან ერთად, სამ ლარად ფოტოს გადაღებაც შეუძლიათ. ვირით გასეირნება კი, დაახლოებით 150 მეტრზე, ორი ლარი ღირს. ადრე იმავე მანძილზე ხალხი ლარად დამყავდა, მაგრამ ბოლო წლებში ყველაფერი გაძვირდა და მეც მოვუმატე ფასს.

ცხრა წლის განმავლობაში სამი ვირი მაინც გამოვიცვალე. სახედარი ახალგაზრდა და ჯანიანი უნდა იყოს, რომ ასეთ დატვირთვას გაუძლოს. დღეში დაახლოებით 20 მუშტარს ვემსახურები. ვირის შენახვა ძვირი ჯდება, რასაც ვშოულობ, ნახევარს მაინც ქოჩორას ვახარჯავ. კარგი კვება სჭირდება. ქერს ვაჭმევ და ის კი საკმაოდ ძვირი ღირს. ერთი ეგ არის, არც გადასახადის გადახდას მთხოვს ვინმე და არც პარკირების ფულს. ძველით ახალ წლამდე დავრჩებით მე და ქოჩორა ქალაქში, მერე კი ისევ გურჯაანის გზას გავუყვებით".

მეფაიტონეები უკრაინიდან

- ფაეტონებით სეირნობის მოყვარულებს ეკიპაჟები უკრაინაში წლის ნებისმიერ დროს ემსახურებიან;

- საახალწლოდ ფაეტონით გასეირნება ხარკოვის ქუჩებში ჩვეულებრივზე ორჯერ ძვირი, საათში 1000 გრივნა (დაახლოებით 210 ლარი) ჯდება;

- მუსიკალური ცენტრითა და გათბობის სისტემით აღჭურვილი კარეტის ქირაობა საათში 1200 გრივნა ღირს;

- უკრაინაში ცხენშებმული ტრანსპორტით გასეირნება უფრო ძვირია, ვიდრე ლიმუზინით;

- შედარებისთვის: ინდოეთში ვირით 1-საათიანი გასეირნება 10-დან 40 რუპიამდე (0,35-დან 1,45 ლარამდე) ღირს.