2009 წლის 10 მთავარი მოვლენა ქართულ ეკონომიკაში - კვირის პალიტრა

2009 წლის 10 მთავარი მოვლენა ქართულ ეკონომიკაში

გასული წლის მთავარი ეკონომიკური მოვლენების გამოსავლენად, "ეკოპალიტრა" რამდენიმე ეკონომიკის ექსპერტსა და ბიზნესმენს დაუკავშირდა და ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენების დასახელება სთხოვა. პასუხების დაჯამების შემდეგ ის მოვლენები გამოვარჩიეთ, რომლებიც რესპონდენტებმა ყველაზე ბევრჯერ დაასახელეს.

1. ქვეყნის ეკონომიკის 4%-იანი ვარდნა

2. ეკონომიკური თავისუფლების აქტის შემუშავება და საბიუჯეტო კოდექსის მიღება

3. ორჯერ განხორციელებული ბიუჯეტის სეკვესტრი

4. ეროვნული ბანკის კვლავ გაძლიერება

5. ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტი

6. სახაზინო ვალდებულებების გამოშვება

7. გახმაურებული საგადასახადო დავები ("ნიკორა", "ტავ ურბან ჯორჯია", "პეპსი", "ელიტ-ელექტრონიქსი", "ყაზბეგი", "ჯეოსელი" და სხვ.) და ბიზნესზე ადმინისტრაციული წნეხის გაძლიერება

8. გაზაფხული-ზაფხულის საპროტესტო აქციები, რომელმაც ეკონომიკა მოლოდინის რეჟიმში გადაიყვანა

9. ფინანსური პოლიციის აღდგენა

10. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნით აქციზის გაზრდა ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე და 5%-იანი საბაჟო გადასახადის არგაუქმება

ირაკლი ლექვინაძე ("ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგის" კომერციული დირექტორი): "პირობითად შეგვიძლია მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები ორ ნაწილად დავყოთ. ყველაზე მძიმე პერიოდი ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესისთვის წლის პირველი ნახევარი იყო, პირველ რიგში, საპროტესტო აქციები და პოლიტიკური არასტაბილურობა გვევლინება მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად. იყო პერიოდი, მაგალითად მარტში-აპრილში, როცა ქვეყანაში იყო შეგრძნება, თითქოს ყველაფერი გაჩერდა. წლის მეორე ნახევარში რამდენიმე საკითხია საგულისხმო. პირველ რიგში ალბათ ის, რომ წლეულს ეკონომიკამ 4%-იანი კლება განიცადა. ჩვენისთანა პატარა ქვეყნის ეკონომიკისთვის ეს საკმაოდ დიდი დაცემაა. პირველ რიგში, ის აისახება უმუშევრობაში, მცირე ბიზნესის წილის, ზოგადად აქტივობის შემცირებაში, საშუალო ფენის შემოსავლების კლებაში, რაც ცხოვრების დონის ხარისხს აუარესებს და სხვ. ეკონომიკის 4%-იანი კლება ცუდია, მაგრამ პოსტკრიზისული და ომის შემდგომი ეკონომიკისთვის ეს ბუნებრივია.

აუცილებელია გავიხსენოთ გახმაურებული საგადასახადო სკანდალები, რაც პირველ რიგში ეხება კომპანია "ყაზბეგს", "ელიტ-ელექტრონიქსს", "ნიკორას", "ჯეოსელსა" და სხვებს. ანუ სახელმწიფომ ადმინისტრაციული რესურსი აამოქმედა, ბიზნესზე წნეხისთვის. შარშან ის გაძლიერდა, რაც ბუნებრივია, არ არის კარგი. რაც უფრო მარწუხებშია ბიზნესი, მით უფრო რთულია ბიზნესისთვის ოპერირება, განვითარება და დაგეგმვა.

უნდა აღინიშნოს ბოლო დროს ფარმაცევტული კომპანიების მიმართ გამოთქმული პრეტენზიები. მონოპოლიების თემა, რომელიც ეკონომიკის ბევრ სექტორში გვხვდება, ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ მონოპოლიები არ დარეგულირდება ხმამაღალი განცხადებებითა და სატელევიზიო ზეწოლით. კიდევ ერთ მნიშვნელოვან შარშანდელ ფაქტს დავასახელებდი, ეს არის ეკონომიკური თავისუფლების აქტი, რომელიც მიიღო ჩვენმა ქვეყანამ. დეკლარირების დონეზე ეს ფაქტი კარგია, რადგან ჩვენ მივდივართ ლიბერალიზაციისკენ და რაც უფრო ლიბერალური გავხდებით, მით უფრო საინტერესო ვიქნებით ინვესტორებისთვის, თუმცა დეკლარირება და რეალური ქმედებები არაერთგვაროვანია. ანუ, დეკლარირებას ვუკეთებთ ერთ მიმართულებას და მეორეა, პრაქტიკულად როგორ ვნერგავთ ამას. მაგალითად, რამდენიმე დღის გამოცხადებული იყო ეკონომიკური თავისუფლების აქტი, როცა უკვე გაცხადდა, რომ გადასახადები უნდა გაზრდილიყო განსაზღვრული დასახელებების პროდუქციის იმპორტზე. ამავე პერიოდში გაიზარდა თამბაქოს აქციზი. ეს წინააღმდეგობრიობა საკმაოდ ართულებს ეკონომიკური პოლიტიკის პროგნოზირებას. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა ტიპის ეკონომიკისკენ მივდივართ, ეს დასავლური მოდელია, აღმოსავლური, თუ ჩვენ მიერ შექმნილი რაღაც ინოვაციური მოდელი.

2010 წლის პროგნოზი შესაძლოა რამდენიმე სეგმენტად დაიყოს. ეკონომიკური წარმატებები, წარმატებები ბიზნესში, პირველ რიგში, დამოკიდებულია პოლიტიკიურ სტაბილურობაზე და ასევე სახელმწიფოს ქმედებებზე ბიზნესის მიმართ. თუ ზეწოლა გაგრძელდა, ეს კიდევ უფრო შეაფერხებს ბიზნესის განვითარებას. მაგრამ ეს ორი ფაქტორიც რომ გამოვრიცხოთ, პრობლემები ბიზნესის ცალკეულ სეგმენტებს ამ წელსაც ექნება. მაგალითად, ეკონომიკაში მთავარი მამოძრავებელი ძალა მაინც ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება, რომელთაც სახელმწიფო დააფინანსებს. ყველაზე დიდი ფული სწორედ ამ ნაწილში დაიხარჯება და სწორედ ეს იქნება ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების მთავარი მამოძრავებელი ძალა. არ მგონია, სამშენებლო სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პროგრამები ამ ბიზნესის დასახმარებლად წლეულსაც გაგრძელდება. შესაძლოა გამოცოცხლება მოხდეს უძრავი ქონების მეორად ბაზარზე. ქვეყნის ეკონომიკაში საბანკო სექტორი, ვფიქრობ, ყველაზე კარგ პოზიციებს ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ აქტიური ვერ არის. ეს მაღალი ეკონომიკური რისკებითაა გამოწვეული. ვფიქრობ, 2010 წელსაც საბანკო სექტორი ასეთივე რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთები შემცირდეს კიდეც. მოსალოდნელია რამდენიმე წვრილი ბანკის გაერთიანებაც რომელიმე მსხვილ ბანკთან.

ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ტურიზმია. აქაც ალბათ მინიმალური ზრდა იქნება, ვინაიდან ჯერ კიდევ მეომარი ქვეყნის იმიჯი გვაქვს. სოფლის მეურნეობაში მდგომარეობა ცუდია, შარშან ექსპორტი შემცირდა და ამაში განსაკუთრებით დიდი იყო ქვეყანაში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შემცირების წილი. თუ სოფლის მეურნეობის განვითარების რაღაც ახალი სამოქმედო გეგმა, ახალი კონცეფცია არ შეიქმნა, შემცირების ტენდენცია ამ სექტორში წლეულსაც გაგრძელდება. ქართული ეკონომიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სექტორია ენერგეტიკა. აქ დაწყებულია ცვლილებები, მზად არის პროექტები, რომლებიც ინვესტორებს ელოდება და მთავრობის ეფექტურ მუშაობაზე იქნება დამოკიდებული დიდი ინვესტიციების შემოსვლა ამ სექტორში. და კიდევ ერთი სექტორი, რომელიც ასევე აღნიშვნის ღირსია, ტრანსპორტი და ლოჯისტიკაა. ჩვენი გეოგრაფიული ფუნქციებიდან გამომდინარე, 2009 წელი ამ მხრივ მძიმე იყო, რადგან ექსპორტ-იმპორტი შემცირდა დაახლოებით 30-40%-ით და ეს დარგზეც აისახა. თუმცა, წლის მეორე ნახევარში მაინც ზრდა აღირიცხა და ვფიქრობ, ეს სფერო 2010 წელსაც მზარდი იქნება".