რძის პროდუქტების წარმოებას მკაცრი გამოცდა ელის - კვირის პალიტრა

რძის პროდუქტების წარმოებას მკაცრი გამოცდა ელის

ნაწარმზე გარკვევით უნდა მიეთითოს, ნატურალური რძისგანაა დამზადებული თუ რძის ფხვნილით

ახალი წლიდან ყველა მწარმოებელმა არაჟანზე, ხაჭოზე, მაწონზე, კარაქზე, ყველზე, იოგურტსა და რძისგან დამზადებულ სხვა პროდუქტებზე დიდი შრიფტით უნდა დააწეროს - "დამზადებულია ნატურალური რძისგან" ან "დამზადებულია რძის ფხვნილის გამოყენებით". ასეთია "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონის მოთხოვნა, რომელში შესული ცვლილებაც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა. წარწერა ეტიკეტზე მკაფიო უნდა იყოს და კარგად იკითხებოდეს. სავაჭრო ქსელში შემოწმებას მალე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამსახურიც დაიწყებს. შერჩევით შეამოწმებს რძის ნაწარმს, წაიღებს ლაბორატორიაში და თუ ეტიკეტზე მითითებული წარწერა არ დაემთხვევა შიგთავსს, საქმეს ფინანსურ პოლიციას გადასცემს. ხოლო თუ აღმოჩნდა, რომ წარწერაზე ნატურალური რძეა მითითებული, პროდუქტი კი რძის ფხვნილისგან არის დამზადებული, მწარმოებელს ფალსიფიკაციაში დაადანაშაულებენ. რძის მწარმოებლებს ახალი ვალდებულება არ მოსწონთ და ამბობენ, რომ ეს დანახარჯებს გაუზრდით, რაც პროდუქციის ფასზეც აისახება.

რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს სურდათ ინიციატორების დაყოლიება, რომ ეტიკეტზე "მშრალი რძე" დაეწერათ, მაგრამ უშედეგოდ. კანონმდებლებმა ნედლეულად რძის ფხვნილის მითითება კატეგორიულად მოსთხოვეს. კომპანიებს ახალი ინიციატივა არ მოსწონთ, მაგრამ იძულებული იქნებიან, კანონის მოთხოვნებს შეეგუონ; მიიჩნევენ, რომ კანონმდებლებს შეეძლოთ ეს ცვლილებაც გადაევადებინათ და კომპანიებისთვის მოსამზადებლად დრო მიეცათ. მით უმეტეს, სურსათის უვნებლობის შესახებ კანონი 2014 წლამდე გადაავადეს. მაგრამ რძის მწარმოებლები გულდაწყვეტით ამბობენ, რომ ამ კანონს ძლიერი ლობისტი აღმოაჩნდა და პარლამენტში ცვლილება გაიტანეს.

ამჟამად რძის პროდუქტების ბაზარზე 15-მდე კომპანია მუშაობს, რომელთა შორის დიდი კონკურენციაა. როგორ ნაწილდება მათ შორის ბაზრის წილები, ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს.

არაოფიციალურად ბაზრის ლიდერებად კომპანიები "ეკო-ფუდი" და "სანტე" ითვლებიან, რომელთა მტკიცებით, ბაზრის დაახლოებით 45-45%-ს ინაწილებენ, დარჩენილ 10%-ს კი კომპანიები "სანდო", ქობულეთის რძის ქარხანა, "ვიმ-ბილ-დანი" და სხვები. თუმცა კომპანია "სანდო" აცხადებს, რომ მას ბაზრის დაახლოებით 10-15% უკავია. კომპანიების დიდი უმრავლესობა პროდუქციას თითქმის მთლიანად რძის ფხვნილისგან აწარმოებს, რომელიც უცხოეთიდან, უმეტესად ბელორუსიასა და უკრაინიდან შემოდის. რძის ფხვნილით წარმოება კომპანიას იაფიც უჯდება და ტექნოლოგიურადაც გაცილებით მოსახერხებელია. ახლა კომპანიები არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ: ან ნატურალური რძე შეისყიდონ ადგილობრივი ფერმერებისგან და ეტიკეტზე მათთვის მომგებიანი მითითება წააწერონ, ან პროდუქტი იაფი იმპორტული რძის ფხვნილით აწარმოონ და ეტიკეტზეც წამგებიანი წარწერა გააკეთონ.

წინასწარი საუბრებიდან ჩანს, რომ კომპანიების უმრავლესობა ბოლო ვარიანტს აირჩევს. მიზეზად ისინი ადგილობრივ ბაზარზე ნატურალური რძის დეფიციტს ასახელებენ. დეფიციტი განსაკუთრებით ზამთარში იქმნება, როცა ქართული ჯიშის ძროხები ნაკლებად იწველებიან. ამ დროს ლიტრი რძე 80 თეთრი ღირს, 2-ჯერ მეტი, ვიდრე ზაფხულში. გლეხებს რძის რეალიზაცია რომ გაადვილებოდათ და კომპანიებსაც ნატურალური ნედლეული ეშოვათ, რეგიონებში რძის ჩამბარებელი პუნქტები გაიხსნა, თუმცა მათ ვერ იმუშავეს. კომპანიებმა არჩევანი მაინც იმპორტული რძის ფხვნილის სასარგებლოდ გააკეთეს. მიზეზად, სეზონურ დეფიციტთან ერთად, ქართული ძროხის რძის დაბალი ხარისხი დაასახელეს.

შალვა ალავიძე (კომპანია "ეკო-ფუდის" მარკეტინგის მენეჯერი): "ვიმოქმედებთ ისე, როგორც კანონი მოითხოვს, მაგრამ პირდაპირ ვამბობთ, რომ ეს მწარმოებლისთვის არასასურველი ცვლილებაა. ორმაგი ხარჯის გაწევა მოგვიწევს, ტარის შეცვლა ანუ მისი ხელახლა შეკვეთა მოგვიხდება, სადაც ახალი წარწერა იქნება დატანილი. ნატურალური რძის პრობლემა ყველა კომპანიას აქვს, რადგან გლეხებისგან ჩაბარებული რძე მწარმოებელ კომპანიებს არ ჰყოფნით. ჩვენთან სეზონურად ზამთარსა და ზაფხულში რძის დეფიციტია და კომპანიები თითქმის მთლიანად იმპორტირებულ მშრალ რძეზე გადადიან. "ეკო-ფუდი" რძეს 32 პუნქტში იბარებს. აქედან 20 პუნქტი საკუთარია, 12 კომპანიისთვის მუშაობს. რძის სეზონზე დღეში 7-8 ტონა რძეს ვიბარებთ, ზამთარში კი 3 ტონაც გაჭირვებით გროვდება. ქართული რძის ხარისხი მაღალი არ არის და სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, შემადგენლობაში ცილის ოდენობის დასასტაბილურებლად მას მშრალი რძის დამატება სჭირდება. ცვლილება პროდუქციის ღირებულებაზე აუცილებლად აისახება. ვფიქრობ, სეზონურად ფასის გაზრდა მოგვიწევს".

ზურაბ ცქიტიშვილი (კომპანია "ამალთეას" დამფუძნებელი): "ეტიკეტზე ნედლეულის მითითება რძის მწარმოებლისთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილებაა. ეს არც ერთ კომპანიას არ მოსწონს, მაგრამ ხმამაღლა არ ამბობენ. "ამალთეა" თითქმის წელიწადია გაჩერებულია ფინანსური პრობლემების გამო. ახლა რამდენიმე ინვესტორთან ვაწარმოებ მოლაპარაკებას და ვცდილობ, მუშაობა მალე დავიწყოთ. წარმოების განახლების შემდეგ ახალი წარწერის პრობლემა ჩვენც დაგვიდგება. ზამთარში, როცა ძროხა არ იწველება, წარმოებას ხომ ვერ გააჩერებ? ზამთარში რძეს პრაქტიკულად ვერ იშოვით, რადგან ქართულ ძროხას სეზონური წველადობა ახასიათებს. თითქმის ყველა ერთდროულად იგებს ხბოს და ერთდროულად შრება. უცხოეთში სეზონურობის პრობლემა ხელოვნური განაყოფიერებით მოაგვარეს, ამიტომ რძე მუდმივად აქვთ. ძროხები ბაგურ კვებაზე ჰყავთ, სადაც ვიტამინებით გამდიდრებული საკვები მუდმივად უნდა ჭამონ და მუდმივად მოიწველონ. ჩვენთან კი ძროხა საბალახოდ რომ გავიდეს, გაზაფხულს ელოდება".

კომპანია "ვიმ-ბილ-დან საქართველოში", რომელიც რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს ეკუთვნის და ბაზარზე ორიოდე თვის წინ გამოჩნდა, აცხადებენ, რომ რძის პროდუქტს ისედაც 100%-ით ნატურალური რძისგან აწარმოებენ, ამიტომ დამატებითი ხარჯი არ ექნებათ. ცვლილება კი ბაზარს გამჭვირვალეს გახდის და კომპანიების მიმართ მომხმარებლის ნდობა გაიზრდება. კომპანიაში ამბობენ, რომ მათ პროდუქციაზე უკვე დატანილია წარწერა, რა კომპონენტებს შეიცავს. კომპანიამ ფონიჭალაში ქარხანა ააშენა და ის ნატურალურ რძეს სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრ მიხო სვიმონიშვილის ფერმიდან იბარებს. სვიმონიშვილმა ბაზრის მოთხოვნებს ალღო აუღო და ძვირად ღირებული შვეიცარიული ძროხები ჩამოიყვანა. ისინი ბაგურ კვებაზე ჰყავთ და მთელი წლის განმავლობაში იწველებიან. შვეიცარიული ძროხები ყოველდღიურად 3,5 ტონა რძეს იძლევიან, რასაც "ვიმ-ბილ-დანს" აბარებენ. მაგრამ კონკურენტებს დაუჯერებლად მიიჩნიათ, იაკობაშვილის კომპანია მხოლოდ ნატურალურ რძეს იყენებდეს. მათი თქმით, მომავალში, როცა კომპანია წარმოებას გააფართოებს, ნატურალური ნედლეული მით უმეტეს არ ეყოფათ.

პროდუქტი "აჭრილი ფასებით"

- 2009 წლის II ნახევარში გაიზარდა მსოფლიო ფასები რამდენიმე ძირითად სასურსათო პროდუქტზე, მათ შორის, რძესა და რძის ნაწარმზე. ნოემბერში რძის პროდუქცია 80%-ით ძვირი ღირდა 2008 წლის აგვისტოსთან შედარებით, ხოლო რძის ფხვნილი ყველაზე ფართოდ გაყიდვადი პროდუქტი გახდა;

- აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ 2010 წელს რძე 30%-ით გაძვირდება, ხოლო რძის ფხვნილი - 40%-ით.

- ევროპაში რძის ნაწარმით თვითუზრუნველყოფის დონე 109%-ია, ხოლო ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში - 236%. ახალზელანდიური რძის 90% ექსპორტით გადის.

ნონა ქვლივიძე