ნუგზარ ფალიანი: "აუცილებელია დაიხვეწოს ტენდერების ჩატარების მექანიზმი"
03-03-2014
ნუგზარ ფალიანი:  "აუცილებელია დაიხვეწოს ტენდერების ჩატარების მექანიზმი"
"ჩემს კომპანიას არაერთი მოგებული ტენდერი  გაუუქმეს... მაშინვე გადაუსვამდნენ ხოლმე ხაზს იმ საწარმოს, რომელთანაც დაკავშირებულ ჩემს გვარს მოჰკრავდნენ თვალს"

ნუგზარ ფალიანი, ქუთაისის პირველი მერი, ქუთაისელებმა პირდაპირი წესით 4 წლით აირჩიეს, მაგრამ 2003 წელს მოხდა რევოლუცია და ვითარება შეიცვალა - ფალიანი აიძულეს, თანამდებობა დაეტოვებინა. როგორც ბატონი ნუგზარი ამბობს, ამის მერე ბიზნესის წამოწყება სცადა, მაგრამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ საქმეშიც ყველა გზა მოუჭრა. კომპანია, რომლის დამფუძნებელიც ნუგზარ ფალიანია, გზების რეაბილიტაციითა და სამშენებლო სამუშაოებით არის
დაკავებული. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა ხელისუფლების მაღალჩინოსნები ამ სფეროში არსებულ კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა, მისი თქმით:

"პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის ბიძაშვილი იოსებ ქადაგიშვილი ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ და სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. წლის განმავლობაში საგზაო მშენებლობაში
გამოცხადებულ რამდენიმე ტენდერში გაიმარჯვა შპს "სერპანტინმა" (ჯამური ღირებულება 15 მილიონი ლარი), მათ შორის 12,5 მილიონი ლარის ტენდერები სწორედ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მას დაქვემდებარებულმა ორგანიზაციამ გამოაცხადა. კომპანია "სერპანტინის" 51%-ის მფლობელი 65 წლის თამარ ჯანყარაშვილია, შს მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილის დედა და შსს-ს გენინსპექციის უფროსის, ნანუკა თამაზაშვილის მამიდაშვილის, ზვიად ჯანყარაშვილის ახლო ნათესავი".

მოგვიანებით ირაკლი ქადაგიშვილმა ღარიბაშვილის ოჯახთან ახლობლობა უარყო. ამ საკითხზე ნუგზარ ფალიანი გვესაუბრება:



- საგზაო მშენებლობის სფეროში 34 წელზე მეტია ვსაქმიანობ და კარგად ვიცი, რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს და რა ხდება ახლა. ვერავინ დამაჯერებს, რომ წინა ხელისუფლების წევრებს, რომლებიც ამგვარ ვითომ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, ამ სფეროში არსებული პრობლემები მართლაც აინტერესებთ. მათი აგრესიის მიზეზი ის არის, რომ დაკარგეს ის ბერკეტები, რომელთა წყალობითაც ტენდერებში მათთვის სასურველ ორგანიზაციებს ამარჯვებინებდნენ. მაშინ ტენდერებს იგებდნენ რამდენიმე დღის შექმნილი ორგანიზაციები, რომლებსაც არავითარი საგზაო ტექნიკა და მით უმეტეს, გამოცდილება არ გააჩნდათ. ჩემს კომპანიას კი არაერთი მოგებული ტენდერი ისე გაუუქმეს, მიზეზიც არ აუხსნიათ. მეტიც, ქუთაისში გვქონდა სამშენებლო კომპანია, რომელშიც საგადასახადო სამსახურმა ყველაფერი ისე თავდაყირა დააყენა, რომ იძულებული გავხდით დაგვეხურა. მაშინვე გადაუსვამდნენ ხოლმე ხაზს იმ კომპანიას, რომელთანაც დაკავშირებულ ჩემს გვარს მოჰკრავდნენ თვალს.

- რატომ?

- პოლიტიკური მოტივით. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ისეთი პირობები შემიქმნეს, იძულებული გამხადეს, ქუთაისის არჩეული მერის თანამდებობა დამეტოვებინა. მაშინ ათიოდე კაცი შიმშილობდა ჩემი გადადგომის მოთხოვნით, მერე კი ლამის ყველამ სამ-სამი თვით ჩამოირიგეს მერობა.

- ახლა როგორ ატარებენ ტენდერებს?

- "ნაციონალურმა მოძრაობამ" იმდენი პრობლემა შემიქმნა (და არა მხოლოდ მე), მიკვირს, როგორ საყვედურობენ "ქართულ ოცნებას" რაიმეს? რატომ მიიჩნევენ, რომ შპს "სერპანტინის" ტენდერში გამარჯვება ალოგიკურია, როდესაც ეს კომპანია "ნაციონალური მოძრაობის" დროსაც იგებდა ტენდერებს? ეს ორგანიზაცია ათი წელია მუშაობს და არა მარტო კახეთის რეგიონში, არამედ მთელ საქართველოში. ჩემი კომპანია Fin-Estate, ძირითადად, კახეთის რეგიონში საქმიანობს და თუ ვინმეს უნდა ჰქონდეს პრეტენზია ტენდერში გამარჯვებაზე, სწორედ ჩვენ უნდა ვიყოთ. მაგრამ მე კარგად ვიცი "სერპანტინის" შესაძლებლობები და ამიტომ არც შედეგი გამკვირვებია და არც პრეტენზია მაქვს. თუმცა, გასულ წელს ჩვენ ერთი ტენდერი მოვუგეთ "სერპანტინს". რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს სფერო თავისუფალია ზეწოლისგან.

- არ გაეჭვებთ ის ნათესაური კავშირები, რაზეც "ნაცმოძრაობის" წევრები ლაპარაკობენ?
- ამ უსაფუძვლო პრეტენზიების ავტორებმაც კარგად იციან, რომ საავტომობილო გზების თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ქადაგიშვილს კანონი არ დაურღვევია, ამიტომაც ამაზე ვერაფერს ამბობენ. სამაგიეროდ, ლაპარაკობენ თითქმის არარსებულ ნათესაურ კავშირებსა და სხვა აბსტრაქტულ ურთიერთობებზე. ისე, ადამიანი ნამუსზე ხელს თუ აიღებს და მოინდომებს ნათესაური კავშირები ვინმეს დააბრალოს, საქართველოში ყველას გამოუჩხრეკს საერთო ნათესაობას, სამეგობრო და სანაცნობო წრეს. "ნაცმოძრაობის" წევრებს მინდა ვკითხო, შპს "სერპანტინი" მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც რომ იგებდა ტენდერებს, მაშინ რატომ არ ჰქონდათ მსგავსი პრეტენზიები?! ისე, უპრიანია, ჩვენ გვქონდეს პრეტენზიები წინა ხელისუფლების ზოგიერთ პირთან, რადგან კარგად ვიცით, რომელ კომპანიებს უქმნიდნენ სასათბურე პირობებს; რომელი სახელმწიფო სტრუქტურის მეშვეობით ბლოკავდნენ, აკოტრებდნენ ან ციხეში უშვებდნენ ფავორიტი კომპანიების კონკურენტებს; ამ კომპანიებმა მაშინდელი ხელისუფლების წევრთა ლობირებით ყველა მომგებიან ტენდერში გაიმარჯვეს და დიდი ფინანსური და მატერიალური სახსრები დააგროვეს, შეიძინეს გამოცდილება და დღეს დიდი კაპიტალბრუნვაც აქვთ. ტენდერები დღესაც ძველი კანონით ტარდება, ზემოაღნიშნული ფაქტორების გამო კი უმეტესად ისევ ეს ორგანიზაციები სარგებლობენ დიდი უპირატესობით და ტენდერებში იმარჯვებენ, ხოლო ის სამშენებლო ორგანიზაციები, რომლებსაც წინა ხელისუფლება დაბრკოლებებს გვიქმნიდა, დღესაც დაჩაგრულია.

- რას გულისხმობთ?

- ტენდერების არსებული წესების თანახმად, თუ ტენდერში მონაწილეობა გინდა, უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში დაახლოებით 10 მილიონი ლარის ოდენობის სამუშაო მაინც უნდა გქონდეს შესრულებული. მაგრამ წინა ხელისუფლება რომ გბლოკავდა, ამას როგორ გააკეთებდი?
გამოდის, ისევ ისინი მონაწილეობენ, ვინც წინა ხელისუფლებას სასათბურე პირობებში ჰყავდა. ამიტომაც აუცილებელია, დაიხვეწოს ტენდერების ჩატარების მექანიზმი, რომელიც ამ უსამართლოდ შექმნილ ბარიერებს ერთხელ და სამუდამოდ მოხსნის.

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით