როგორ დავიბრუნოთ დაბეგრილი ფული - კვირის პალიტრა

როგორ დავიბრუნოთ დაბეგრილი ფული

თუ წელიწადში დარიცხული ხელფასი 6.000 ლარს თუნდაც ერთი თეთრით გადააჭარბებს, შეღავათით ვერ ისარგებლებთ

დაუბეგრავი მინიმუმი, რომელსაც ხალხმა უკვე მე-13 ხელფასიც შეარქვა, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მომდევნო ექვს თვეში 600 ათასამდე მოქალაქეს დაუბრუნდება. ამ მიზნით ბიუჯეტიდან 170 მილიონი ლარი გამოიყოფა. დაუბეგრავ მინიმუმს ის პირები დაიბრუნებენ, რომელთა წლიური ხელფასი 6.000 ლარს არ აჭარბებს.

დაუბეგრავი მინიმუმის ცნება საგადასახადო კოდექსში 2013 წელს შევიდა და ის საარსებო მინიმუმს (თვეში 150 ლარს) გაუთანაბრდა; ანუ წლიური დაუბეგრავი მინიმუმი 150X12=1.800 ლარი გამოდის.

მოქალაქეს, რომელსაც ერთ წელიწადში 6.000 ლარის ოდენობის ხელფასი დაერიცხა, 20%-იანი საშემოსავლოს დაქვითვის შემდეგ, ხელზე 4.800 ლარი აქვს აღებული. მას სახელმწიფო 360 ლარს დაუბრუნებს უკან - 1.800 ლარის 20%-ს.

გამოდის, დაუბეგრავ მინიმუმს დაიბრუნებს ყველა, ვისაც თვეში საშუალოდ 500 ლარამდე ხელფასი აქვს გამოწერილი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნაღდი ფულით გაცემული ან ბანკში სახელფასო ანგარიშზე ჩარიცხული თანხა გამოწერილ ხელფასზე ნაკლებია.

ამიტომ, სანამ ყოველთვიურ ჯამაგირს 12 თვეზე გადაამრავლებთ, ჯობს ჯერ ბუღალტერთან გადაამოწმოთ, რა თანხას შეადგენს თქვენი ხელფასი საშემოსავლო გადასახადის ჩამოკლების გარეშე. თუმცა ამის დაანგარიშება ყველას თვითონვე შეუძლია მარტივი ოპერაციით, რომელიც პროფესიონალმა ბუღალტრებმა განგვიმარტეს: თქვენ მიერ ხელზე აღებული თანხა 0,8-ზე უნდა გაყოთ.

მაგალითად, ხელფასის სახით თვეში იღებთ 400 ლარს. ეს თანხა რომ 0,8-ზე გავყოთ, მივიღებთ 500 ლარს. სწორედ ეს გახლავთ თქვენს სახელზე გამოწერილი ხელფასის მოცულობა. მაგრამ თუ წელიწადში დარიცხული ხელფასი 6.000 ლარს თუნდაც ერთი თეთრით გადააჭარბებს, ამ შეღავათით ვერ ისარგებლებთ.

თუ თქვენი წლიური ხელფასი 1.800 ლარზე მეტია და 6.000 ლარს არ აღემატება, უკან 360 ლარს სრულად მიიღებთ, ხოლო თუ ისე არ გაგიმართლათ, რომ თქვენი წლიური ხელფასი 1.800 ლარზე ნაკლებია, უკან 360 ლარზე ნაკლებს მიიღებთ - სწორედ იმდენს, რამდენიც საშემოსავლოსთვის გაქვთ დაქვითული.

შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ თვითდასაქმებულები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული როგორც გადასახადის გადამხდელები, ამ შეღავათით ვერ ისარგებლებენ. თანხა დაუბრუნდებათ იმ  დასაქმებულებს, ვისი დამქირავებელიც ბუღალტრული წესების დაცვით აღრიცხავს მთლიან ხელფასს, საშემოსავლოს ბიუჯეტში იხდის და ინფორმაციას შემოსავლების სამსახურს აბარებს. შეღავათით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ სამსახურში დასაქმებულ პირს, ეს იქნება სახელმწიფო, კერძო თუ არასამთავრობო სექტორი.

ნოდარ ხადური, საქართველოს ფინანსთა მინისტრი: "მოსახლეობისთვის ამ თანხის დაბრუნება 2014 წლის 1-ლი აპრილიდან დაიწყება. ის პირები, ვისი შემოსავალი წელიწადში 6.000 ლარს არ აღემატებოდა, უნდა მივიდნენ ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში, ვისთანაც მემორანდუმი გავაფორმეთ (სულ ათი ასეთი ბანკია) და მარტივი დეკლარაცია შეავსონ, ფაქტობრივად, ეს მხოლოდ პირადი ნომრის სისტემაში შეყვანას ნიშნავს. ამის გაკეთება ბანკში მისვლის გარეშე, ინტერნეტითაც შესაძლებელია. დაახლოებით 600 ათასამდე ჩვენი თანამოქალაქე დაიბრუნებს ამ თანხას, ამიტომ ბანკებთან ერთად ვიმუშავებთ, რათა ხარვეზები არ შეიქმნას".

ლევან კალანდაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "ეს კამპანია უფრო მეტად პიარს ემსახურება და პოლიტიკურ მიზნებზეა გათვლილი, ვიდრე კონკრეტულ რაციონალურ ეკონომიკურ შედეგზე. სარგებელი, რასაც საზოგადოება მიიღებს ამ დაუბეგრავი მინიმუმის ამოქმედებით, ძალიან მცირე იქნება. კარგად ჟღერს, როცა დაბალშემოსავლიან მოსახლეობას ეუბნები, რომ მაქსიმუმ 360 ლარი უკან დაუბრუნდება, მაგრამ, მოდი, საკითხს ცოტა სხვაგვარად შევხედოთ. საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული იყო საშემოსავლო გადასახადის შემცირება, რასაც მართლაც საგრძნობი ეფექტი ექნებოდა, ერთი მხრივ, მოსახლეობისთვის, მეორე მხრივ კი, ეკონომიკური ეფექტი ექნებოდა ბიზნესისთვის. ამაზე ხელისუფლებამ უარი თქვა და აქცენტი გაკეთდა იმაზე, რაც ბიუჯეტს ნაკლებად დააწვება, სალაპარაკოდ კი მომგებიანი თემა იქნება. რთულ და ეფექტურ გამოსავალზე უარი ითქვა და შეირჩა ნაკლებად ეფექტური და იაფი, მაგრამ უკეთ გასაპიარებელი თემა.

დაუბეგრავი მინიმუმის დაწესება, საზოგადოდ, არ არის სამართლიანი. იმის გამო, რომ მაღალი შემოსავალი მაქვს, სახელმწიფო უფრო მეტად მბეგრავს, ვიდრე იმას, ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს. გამოდის, მაღალი შემოსავლის გამო ვისჯები. უმჯობესი იყო, 20%-იანი განაკვეთი შეემცირებინათ 18%-მდე, როგორც იგეგმებოდა, ან გაეწერათ გადასახადის შემცირების კიდევ უფრო გრძელვადიანი გრაფიკი. ასეთ შემთხვევაში, ბიზნესს ხელფასების ზრდის სტიმული და შესაძლებლობა ექნებოდა. დაუბეგრავი მინიმუმის შემოტანა, პრაქტიკულად, პროვოცირებაა, რათა ბიზნესმა ფიქრი დაიწყოს, როგორ იპოვოს ხვრელები, რომ მისი თანამშრომელი არ დაიბეგროს".