"ლიდერისთვის ადგილზე დგომა არ შეიძლება" - კვირის პალიტრა

"ლიდერისთვის ადგილზე დგომა არ შეიძლება"

"ბიზნესმა მიიღო შესაბამისი გზავნილები და წლეულს განუზომლად მეტ ბიზნესაქტივობას ველოდებით"

ახლახან სააქციო საზოგადოება "ნიკორას" დაარსებიდან 15 წელი შეუსრულდა. როცა საქმიანობას იწყებდა, კომპანიამ პირველი კრედიტი "ბაზის ბანკში" მიიღო, რომლითაც საზღვარგარეთ დანადგარები შეიძინა. ვინაიდან იმ დროისთვის ახალშექმნილი "ნიკორა" ერთ-ერთი მსხვილი მსესხებელი იყო, ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ფინანსური დირექტორი ირაკლი ბოქოლიშვილი მუდმივად საქმის კურსში იყო, რა ხდებოდა კომპანიაში და როგორ ვითარდებოდა ბიზნესი. მან ოთხი წლის წინ "ნიკორას" დამფუძნებლისგან შეთავაზება მიიღო და დათანხმდა, ჯერ ფინანსურ დირექტორად მივიდა, შემდეგ კი გენერალური დირექტორის პოზიციაზე გადაინაცვლა.

- ბატონო ირაკლი, თავიდანვე ადევნებდით თვალს "ნიკორას" განვითარებას. თქვენი აზრით, რა იყო ის ძირითადი ფაქტორები, რომელთა დამსახურებით იმ დროისთვის პატარა "ნიკორა" დღეს ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა?

- პირველ რიგში, შეიკრიბა თანამოაზრეების ჯგუფი, რომლებსაც უნდოდათ, შეექმნათ ქართული წარმოება და აქცენტი გაეკეთებინათ ხარისხზე. მეორე, მათი სტარტაპის დროს კონკურენცია პრაქტიკულად არ არსებობდა, ანუ განვითარების მეტი საშუალება იყო. დღეს სააქციო საზოგადოება "ნიკორას" აქვს არა მარტო ხორცპროდუქტების წარმოება, არამედ მის ჰოლდინგში ათზე მეტი შვილობილი კომპანია ერთიანდება, რომლებიც კვების მრეწველობის სხვადასხვა მიმართულებასა და იმპორტზე მუშაობენ. "ნიკორას" სავაჭრო ქსელი საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანია - ამ ეტაპზე 92 სუპერმარკეტი ქვეყნის მასშტაბით. ქსელს ყოველწლიურად 10-15 ობიექტით ვზრდით.

- ბოლო დროს საქართველოში რამდენიმე ფერმა ამუშავდა, თუმცა მწარმოებლები ხშირად ლაპარაკობენ ბაზარზე გაყინული იმპორტირებული ხორცის სიჭარბეზე.

- რამდენიმე წლის წინ ადგილობრივი ბაზარი პრაქტიკულად არ არსებობდა. იყო მხოლოდ იმპორტირებული ხორცი. ბოლო დროს გაიხსნა მეღორეობის რამდენიმე ფერმა, რომლებსაც მაღალი ხარისხის პროდუქტი აქვთ, თუმცა ამ ფერმებიდან მოწოდებული ხორცის თვითღირებულება 1,5-ჯერ ძვირია იმპორტირებულზე. ეს ძალიან დიდი სხვაობაა. ამიტომ ჩვენ, ძირითადად, მაინც ბრაზილიიდან იმპორტირებულ ღორის ხორცზე, დანიიდან ან იტალიიდან იმპორტირებულ ღორის შპიკზე ვმუშაობთ. თუმცა გვაქვს პრემიუმკლასის ნედლად შებოლილი ნაწარმი - "კაიზერი", რომლისთვისაც უფრო ადგილობრივ ღორის ხორცს ვიყენებთ. რაც შეეხება საქონლის ხორცს, ჩემთვის არ არის ცნობილი სათანადოდ განვითარებული საქონლის ფერმა საქართველოში. ადგილობრივი საქონლის ხორცს ჩვენი კომპანია ნახევარფაბრიკატების წარმოებაში იყენებს, რეალურად ეს გლეხების მიერ ჩაბარებული საქონელია.

- წლეულს მთავრობა მიზნად ისახავს, ეტაპობრივად გაზარდოს ადგილობრივი წარმოების წილი ბაზარზე და შეამციროს იმპორტირებული პროდუქცია, რომლის წარმოება ადგილზეც შესაძლებელია. "ნიკორა" ადგილობრივი მწარმოებელიც არის და იმპორტიორიც. რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ ხსენებული ინიციატივის განხორციელება?

- ეს კურსი სწორია. მიზნის მისაღწევად საჭიროა არა წვრილ-წვრილი მეურნეობები, არამედ ცოტა უფრო მსხვილი. თუ სექტორი გამსხვილებისკენ არ წავიდა, ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა ვერ შეიქმნება.

ახალი წლიდან ძალიან საინტერესო პროექტი დაიწყო: თითოეულ რაიონში, უფრო თბილისიდან მოშორებით, რათა ადგილზე შეიქმნას სამუშაო ადგილები და მუშახელი დასაქმდეს, ეწყობა ტენდერები სოფლის მეურნეობის პროექტების მხარდასაჭერად. პირობები ძალიან კარგია. მეწარმე ვალდებულია, პროექტისთვის საჭირო თანხის მხოლოდ 10% ჰქონდეს, 40% არის გრანტი, დანარჩენი კი გახლავთ იაფი კრედიტი, რომელიც მერყეობს წლიური 3-დან წლიურ 1%-მდე.

ვფიქრობ, ამ პროექტისთვის უფრო გამოცდილმა კომპანიებმა უნდა დაიწყონ აქტივობის რეგიონებში გატანა. ამას ვაპირებთ ჩვენ, ვამზადებთ პროექტს გურიაში განსახორციელებლად, რომელიც თევზის წარმოების გაფართოებაზე იქნება ორიენტირებული.

- ქვეყანაში ბიზნესისადმი მიდგომა შეიცვალა, ჩნდება ახალი შესაძლებლობები, კომპანიის განვითარების რა მასშტაბებზე ფიქრობთ გასვლას?

- დღეს ბიზნესი თავს ნამდვილად უკეთესად გრძნობს. თუმცა ვითარება თვალის დახამხამებაში ვერ შეიცვლება. კომპანიების უმრავლესობამ, რომლებიც გარკვეულწილად ასოცირებული იყვნენ ძველ ხელისუფლებასთან, საქმიანობა შეაჩერა, ხოლო ბიზნესში თავისუფალი ნიშა მყისიერად არ ივსება. ბიზნესი სანამ ნაბიჯს გადადგამს, დიდხანს ფიქრობს. შესაბამისად, ორხელისუფლებიანობა, განსაზღვრული მოლოდინი, როგორ კურსს აიღებდა მთავრობა, ასევე იყო აქტივობის შენელების მიზეზი. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უკვე დალაგდა, ბიზნესმა მიიღო შესაბამისი გზავნილები და წლეულს განუზომლად მეტ ბიზნესაქტივობას ველოდებით.

რაც შეეხება ახალ შესაძლებლობებს, მარტო თავისუფალი ვაჭრობის დეკლარირება საქმეს არ შველის. მაგალითად, დიდი ხანია გვაქვს ასეთი ხელშეკრულება თურქეთთან, რომელიც სრულდება მხოლოდ თურქეთის სასარგებლოდ. მართალია, სახელმწიფო დონეზე მეორე მხრიდანაც არ ხდება რაიმე დაბრკოლების დეკლარირება, თუმცა როგორც კი დაბალ რგოლზე ჩადიხარ, დაწყებული მებაჟიდან, პრაქტიკულად, შეუძლებელია თურქულ ბაზარზე ქართული პროდუქციის შეტანა. მთავრობამ აუცილებლად უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ნაკლები ბარიერები დაგვხვდეს იქითაც.

რაც შეეხება მომავალს, კომპანია რამხელაც უნდა გახდეს, ადგილზე დგომა არ შეიძლება, თუ ლიდერის პოზიციების შენარჩუნება გინდა. ჩვენი შეფასებით, დღეისთვის ხორცპროდუქტების ბაზრის 35-40% გვიჭირავს. ამის იქით გაზრდა შეუძლებელიც კია, შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ მოხმარება, რაც ჩვენს ბაზრის წილს კი არა, გაყიდვებს გაზრდის. "ნიკორას" გაყიდვები ისედაც მზარდი ტენდენციით ხასიათდება. მაგალითად, ოთხი წლის წინ 80 მილიონი იყო, შარშან კი - 160 მილიონი. წლეულს 190 მილიონზე ვაპირებთ გასვლას.

ყველაზე დიდ რეზერვს მაღაზიების ქსელის განვითარებაში ვხედავ. თუ ეკონომიკა წინ წავიდა და მოქალაქეთა მსყიდველუნარიანობა გაიზარდა, კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდება სურვილი, შეიძინოს უფრო ხარისხიანი პროდუქტი. ამიტომ, ვფიქრობ, მაღაზიების ქსელის განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს.