"პურის გაძვირების საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს"
10-03-2014
"პურის გაძვირების საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს"
"ახლა საქართველოში დაახლოებით 100-120 ათასი ტონა ხორბლის მარაგია, რაც ქვეყანას 1-1,5 თვე ეყოფა"

მიმდინარე მოვლენების გამო უკრაინის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ქვეყანა დეფოლტის საფრთხის წინაშე დგას, გრივნა უფასურდება, შეჩერებულია ინვესტიციები, სახელმწიფოს საკრედიტო რეიტინგი შეუმცირეს. ევროკავშირი მზად არის, უკრაინას 11 მილიარდი ევრო ასესხოს. დახმარებისთვის მზად არის რამდენიმე ქვეყანა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტიც. შიდა ვალდებულებების შესასრულებლად ქვეყანას ორ წელიწადში 35  მილიარდი დოლარი სჭირდება.

საქართველოსთვის უკრაინა მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსთან ორმხრივი ვაჭრობის მოცულობით,
თურქეთსა და აზერბაიჯანთან ერთად, ის წლების განმავლობაში პირველ სამეულში შედიოდა. წლეულს იანვარში უკრაინამ მესამიდან მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა და ჩინეთისა და რუსეთის შემდეგ აღმოჩნდა, თუმცა ეკონომისტები ამბობენ, რომ ეს სავაჭრო ბრუნვის შემცირებას არ გამოუწვევია, ამის მიზეზია ის, რომ ჩინეთსა და რუსეთთან ვაჭრობამ მოიმატა. რუსეთში ექსპორტი გაიზარდა,
ხოლო ჩინეთიდან - იმპორტი.

საქართველოს საექსპორტო ბაზრებს შორის უკრაინა მეორე ადგილზეა. წლეულს იანვარში იქ 24 მილიონი აშშ დოლარის საექსპორტო პროდუქცია შევიდა - შარშან იანვარში შესულ პროდუქციაზე 2,5-ჯერ მეტი. საქართველოდან უკრაინაში ძირითადად სპირტი, ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები, მინერალური წყლები და ფეროშენადნობები შედის.  ქართული ღვინო და მინერალური წყლები უკრაინის ბაზარზე საშუალო და მაღალ საფასო სეგმენტში შედის, ხოლო უკრაინიდან შემოსულ იმპორტში ყველაზე დიდი წილი მოდის სიგარეტზე, საკვებ ზეთსა და არმატურაზე. მართალია, საქართველო მეტწილად რუსულ ხორბალს მოიხმარს და უკრაინიდან მხოლოდ საფურაჟე ხორბალი შემოდის, მაგრამ პოლიტიკურმა კრიზისმა უკვე იმოქმედა ხორბლის საერთაშორისო ფასზე, რუსულ ხორბალს კი, შესაძლოა ექსპორტირების პრობლემები შეექმნას.

ლევან სილაგავა, მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარე:
"უკრაინა მარცვლეულის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და შესაბამისად, იქაურმა ამბებმა მსოფლიო ბირჟებზე რყევები გამოიწვია. მაგალითად, ჩიკაგოს ბირჟაზე 3 მარტის შემდეგ 1 ტონა ხორბალი 5-7%-ით გაძვირდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. უკრაინის მოვლენებმა რუსული ხორბლის ფასზეც იმოქმედა. ტრეიდერებსა და კომპანიებს, რომლებსაც ხორბალი რუსეთიდან და უკრაინიდან შემოაქვთ,  ეშინიათ, რომ შესაძლოა, მომწოდებლებთან დადებული კონტრაქტები არ შესრულდეს. მაისის ფიუჩერსები უკვე გაძვირებულია 10%-ით.

ჩვენ ხორბალი ძირითადად 3-5 ათასტონიანი გემებით მოგვაქვს ეისკის პორტიდან, რომელიც როსტოვთან ახლოსაა. გემებმა ქერჩის ყურე უნდა გამოიარონ და შავ ზღვაში გამოვიდნენ. ცხადია, ასეთ პირობებში გემების ფრახტი ანუ დასაქირავებელი ფასიც გაიზარდა. კონტრაქტები ჯერჯერობით სრულდება, მაგრამ   როგორი ვითარება შეიქმნება ხორბლის ბაზარზე მომავალში, ეს პოლიტიკურ ვითარებაზეა დამოკიდებული. ამჟამად ტრეიდერები რუსულ კომპანიებთან კონტრაქტების დადებას ერიდებიან, რადგან შესაძლოა, მსოფლიომ მას ეკონომიკური სანქციები დაუწესოს და ხორბლის გამოტანა ვეღარ მოხერხდეს. მსგავსი პრობლემა უკრაინასთან დაკავშირებითაც იჩენს თავს, რადგან შესაძლოა, ხორბლით დატვირთული გემები რუსულმა სამხედრო გემებმა არ გამოატარონ. ასეთ დროს შესაძლებელია ხორბლის შემოტანა ყაზახეთიდან. იქ მარცვლეულს მატარებლებში ტვირთავენ და აზერბაიჯანის მხრიდან შემოდის ჩვენთან, თუმცა აქაც არის ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი: დაახლოებით ორი კვირის წინ ყაზახეთში ეროვნული ვალუტის, ტენგეს დევალვაცია მოხდა  და ყაზახური ხორბალიც გაძვირდა.

ახლა საქართველოში დაახლოებით 100-120 ათასი ტონა ხორბლის მარაგია, რაც ქვეყანას 1-1,5 თვე ეყოფა. გზაშია მცირედ გაძვირებული, ჯერ კიდევ პოლიტიკურ კრიზისამდე შეძენილი ხორბალი. საკითხი, რომელიც მოსახლეობას ყველაზე მეტად აღელვებს, პურის ფასია. დღეს პურკომბინატებს წისქვილკომბინატები ტომარა ფქვილს, რომლისგანაც პური მასობრივი მოხმარებისთვის ცხვება, 35 ლარად აწვდიან. ეს მეპურეებისთვის ხელსაყრელი ფასია, მათ საკმაოდ დიდი მარჟა აქვთ. დაახლოებით 45 ლარამდე უნდა გაიზარდოს ტომარა ფქვილის ფასი, რომ პურის გაძვირებაზე დაიწყოს ლაპარაკი".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით