პოლიტიკური ნება და მონოპოლია!..
10-03-2014
პოლიტიკური ნება  და მონოპოლია!..
მონოპოლისტების "პარპაში"ქართული ეკონომიკის მოუშორებელი ჭირი?!

აპრილის ბოლოს ხელისუფლება ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახურის ამოქმედებას გეგმავს, თუმც კი სხვა სახელით. ეს ჩვენ მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა. კანონპროექტი უკვე მზად არის და უახლოეს ხანში პარლამენტი მის განხილვას დაიწყებს.

კანონპროექტის მიხედვით, ჩამოყალიბდება კონკურენციის სააგენტო - დამოუკიდებელი სსიპ, რომლის საქმიანობაში (საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად) ხელისუფლებაში მყოფი პირები ვერ ჩაერევიან. იგი დამოუკიდებლად შეისწავლის ქვეყნის კონკურენტულ გარემოს. სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის წინაშე და მის
ხელმძღვანელს 5 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტთან შეთანხმებით, პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. კანონის ძალაში შესვლამდე სპეციალისტები უკვე ასახელებენ იმ მიმართულებებს, სადაც აშკარა და თვალსაჩინოა მონოპოლიური სქემები: ნავთობპროდუქტებისა და კვების პროდუქტების ბიზნესი, ფარმაცევტული სექტორი და სხვ.

წლების განმავლობაში მონოპოლიურ-ოლიგოპოლიური სუბიექტების "პარპაში" ქართული ეკონომიკის მოუშორებელი "ჭირია". ქართულ ბიზნესში უპირატეს მდგომარეობას
სხვადასხვა დროს სხვადასხვა გზითა და საშუალებით აღწევდნენ, ყველაზე ნაცად გზად კი ხელისუფლებასთან ნათესაურ-მეგობრული კავშირი მიიჩნეოდა.

ირაკლი ლექვინაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "მომხმარებელს კარგად ახსოვს დრო, როცა ბაზარზე სულ ორი ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორი დომინირებდა და მათი სატარიფო პოლიტიკაც ერთმანეთის მსგავსი იყო. 1997 წლიდან, ათი წლის განმავლობაში, მაგთისა“და ჯეოსელის“ ტანდემი მეტ-ნაკლებად თანაბრად იყოფდა ბაზარს, რაც ტიპური დუოპოლია (რაც ბაზარზე მხოლოდ ორ მოთამაშეს ნიშნავს) გახლდათ. არსებობს მოსაზრება, რომ ტარიფები მაშინ ხელოვნურად იყო გაზრდილი. სხვათა შორის, მოგვიანებით ამ დასკვნამდე მივიდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიაც. „მაგთი“ და ჯეოსელი“ მაღალი ტარიფების დაწესების გამო არ დაჯარიმებულან, რადგან მაშინ არ არსებობდა მარეგულირებლის დადგენილი ზღვრული ფასები. ჯეოსელსა და მაგთის შორის მაშინ ბაზარი ასე იყო განაწილებული: ჯეოსელი - 55%, მაგთი - 45%. დუოპოლიური ტანდემითა და გაბერილი ფასებით ყველაზე მეტად მომხმარებელი ზარალდებოდა, ეს კომპანიები კი უზარმაზარ შემოსავალს იღებდნენ. ბილაინმა დაბალი საფასო პოლიტიკით მოკლე დროში მოახდინა გავლენა ბაზარზე და ტარიფები საგრძნობლად შემცირდა. ხელისუფლების შეცვლასთან ერთად სხვა ბაზრებზე ახალ-ახალი მონოპოლისტები ჩნდებოდნენ. ასეთი იყო დაზღვევის პროექტი 2009 წელს, როცა სადაზღვევო კომპანიებს რეგიონების მიხედვით ექსკლუზიურად გადაეცათ უფლებები. ეს მომხმარებლის არჩევანს ზღუდავდა, გარდა ამისა, სადაზღვევო კომპანიები მხოლოდ საკუთარი კლინიკებით ემსახურებოდნენ მომხმარებელს.

ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა კომპანიისთვის ექსკლუზიური პირობების შექმნის მაგალითი იყო ტენდერები და აუქციონები, სადაც რამდენიმე კვირის შექმნილი კომპანიები იმარჯვებდნენ და კვალიფიციურ მოთამაშეებს ძირავდნენ. მონოპოლიის მაგალითი იყო ლატარიის კომპანია, რომელსაც ოფიციალურად ჰქონდა ექსკლუზიური უფლება, ლატარია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაეთამაშებინა. კონკურენციის შეზღუდვის მაგალითი იყო საქართველოს ფოსტის ჩაყენება სხვა ექსპედიტორებთან შედარებით მონოპოლიურ მდგომარეობაში. შეგვიძლია, ასევე, დავასახელოთ "სოკარის" მონოპოლიური მდგომარეობა საწვავისა და გაზის მოწოდებისა და განაწილების სექტორში. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ფქვილის ბაზარზე, როცა აზერბაიჯანულ "კარმენს" ადგილობრივ წისქვილკომბინატებთან შედარებით უპირატესი მდგომარეობა ჰქონდა".

მონოპოლიის თვალსაჩინო მაგალითი იყო ისიც, როცა ნამინისტრალი კეზერაშვილის "გალფმა", ფაქტობრივად, "ეკონომიკური სასწაული" მოახდინა - მან თითქმის ორ წელიწადში შეძლო, ადგილობრივ ბაზარზე მანამდე არსებული ყველა მოთამაშისთვის გაესწრო და ავტოგასამართი სადგურების ყველაზე დიდი ქსელი აემოქმედებინა(?!). მართალია, კეზერაშვილის წარმატება "სენტასა" და "მაგნატის" მფლობელებს ქონების წართმევის ფასად დაუჯდათ, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა იმ პირობებში, როცა ქვეყანა იმართებოდა პრინციპით: "ძალა აღმართს ხნავს". დაახლოებით იგივე სიტუაციაა გარე რეკლამის ბიზნესში - კეზერაშვილი აქაც უცებ ყველაზე დიდი მოთამაშე გახდა.

იმას, რაც დღეს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ხდება, ეკონომისტების ენაზე ოლიგოპოლია ჰქვია - საქმე გვაქვს ფარმაცევტული პროდუქციის რამდენიმე მიმწოდებელთან, რომლებსაც ბაზარი, პრაქტიკულად, გაყოფილი აქვთ, ძირითადად, ურთიერთშეთანხმებით, ეს კი სხვა არაფერია, თუ არა კარტელური შეთანხმება.

ამგვარ ვითარებაში მომხმარებელს დიდი არჩევანი არ აქვს - სამი კომპანიიდან რომელიმეს უნდა მიაკითხოს. ბუნებრივია, ისინი ფასწარმოქმნის მეტ-ნაკლებად ერთიან პოლიტიკას ატარებენ.
დარწმუნებული ვარ, სრულყოფილი მოკვლევის ფარგლებში ბაზარზე არსებული კიდევ არაერთი მონოპოლიური სუბიექტი გამოვლინდება. ბაზრების მონოპოლიზაციას მთელ მსოფლიოში ებრძვიან. კონკურენცია თავისუფალი ბაზრის სიმბოლოა. სწორედ კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი, რომ ბიზნესმა განვითარების ერთნაირი პირობები, ხოლო მომხმარებელმა - მაღალი ხარისხი და ხელსაყრელი ფასები მიიღოს. კონკურენცია ეკონომიკური კეთილდღეობის სათავეა და ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ბაზარზე ახალი ჯოხთაბერიძეებისა და კეზერაშვილების გაჩენა. ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ 2015 წლის 1-ლი მარტიდან საქართველოში მსუბუქი ავტომობილების ტექდათვალიერება განახლდება. საქართველოს მთავრობა რამდენიმე ოპერატორთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს და შეირჩა საერთაშორისო კომპანია TUV Rheinland Group-ი, რომელმაც თავად გამოთქვა საქართველოს ბაზარზე შემოსვლის სურვილი. მთავრობამ გადაწყვეტილება პრაქტიკულად უკვე მიიღო და მალე ეს ფირმა საქართველოს ბაზარზე შემოვა, რაც კიდევ ერთი მონოპოლისტის დაბადებას მოასწავებს, თუნდაც - ფორმალურად. ტექდათვალიერების აუცილებლობის ერთ-ერთ მიზეზად ატმოსფეროს დაბინძურებას ასახელებენ, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა ადამიანი შეიძლება მაღალმა გადასახადებმა და ტარიფებმა სუფთა ჰაერზეც "დაახრჩოს".

მონოპოლიის საშიშროებაზე საუბრობენ ფოთის პორტში მოქმედი სატერმინალო ლოგისტიკური კომპანიები და აცხადებენ, რომ გადაზიდვის ინდუსტრიაში სახელმწიფოს ხელდასხმით ახალი მონოპოლისტი ყალიბდება.

კომპანიები ირწმუნებიან, რომ საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებში მსოფლიო ბაზრის უმსხვილესი ოპერატორი, დანიური კომპანია "მოლერ-მაერსკი", რომელიც ფლობს ფოთის პორტს და 49 წლის ვადით სამართავად აქვს აღებული ფოთის ინდუსტრიული ზონა, მალე საქართველოს ლოგისტიკის ბაზარს სრულ მონოპოლისტად მოევლინება.

ირაკლი იაშვილი, "ისთ გეით გრუპის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: "საზღვაო-სატრანსპორტო ინდუსტრია ასე მუშაობს მთელ მსოფლიოში - არსებობს სხვადასხვა საოკეანო ხაზი, მათგან საქართველოში შემოდის 8-9 ხაზი და ყველას თავისი ინფრასტრუქტურა აქვს. ეს საზღვაო ხაზები ერთმანეთის კონკურენტები არიან. მსოფლიოს თითქმის ყველა ნავსადგურში ამ საოკეანო ხაზებს თავიანთი სერვისები და გაყიდვის ოფისები აქვთ. მაგალითად, ჩინეთიდან მოდის ტვირთი და ამ კონტეინერის სახმელეთო თუ საზღვაო გადაადგილება, სატერმინალო მომსახურება და მიმღების საწყობში მიტანა - ეს ყველაფერი ამ საზღვაო ხაზების ტარიფში შედის.

კომპანიები სწორედ ამ ტარიფებით უწევენ ერთმანეთს კონკურენციას. 2011 წლიდან მოქმედებს ფინანსთა სამინისტროს ზეპირი შეზღუდვა - თუ კონტეინერში მსუბუქი ავტომობილია და მოგეხსენებათ, რამხელა ბაზარია ეს, უფლება არ გვაქვს, ჩვენს კონტეინერს ჩვენივე ტერმინალში მოვემსახუროთ. ვალდებული ვართ, მივიტანოთ ფოთში, თერმინალს-ში, რომელიც "მაერსკის" შვილობილია. ახლა კი თერმინალს-ი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუშაობენ ისეთ სისტემაზე, რომ 1-ლი მაისიდან არათუ ავტომობილები, არამედ 100%-ით ყველა ტვირთი, რომელიც შემოვა საქართველოში, უნდა შევიდეს მხოლოდ ფოთის ნავსადგურის მფლობელი კომპანიის ტერმინალში. შესაბამისად, IPM თერმინალს-ი თავის მდგომარეობას ბოროტად იყენებს და აცხადებს, რომ გემს არ დაცლის, თუ კონტეინერს მის ტერმინალში არ მიიტან, სახელმწიფო კი ამბობს, რომ თუ ტვირთს კონკრეტულად ამ ტერმინალში არ მიიტან, ის საბაჟო პროცედურას არ განახორციელებს. შედეგად, ათი ტერმინალის ნაცვლად ფოთში დარჩება ერთი ტერმინალი, რომელიც ზემოგებებს მიიღებს და ბაზრის მონოპოლისტი გახდება, 5000 ადამიანი კი უმუშევარი დარჩება. ფოთში სხვა სამსახური არ არსებობს და ეს სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს. თბილისში უკვე ორი წელია, მუშაობს "გეზი". სატვირთო ავტომობილები რომ შემოდის, სახელმწიფო არ აძლევს უფლებას, "გეზის" გარდა, რომელიც აეროპორტთან მდებარეობს, სხვაგან, მაგალითად, ლილოს ან წავკისის ტერმინალში მივიდნენ და განაბაჟონ.

ირაკლი ლექვინაძე: "საქართველოს მაგალითი აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში უნიკალურია. 1996-2005 წლებში საქართველოში არსებობდა ანტიმონოპოლიური სამსახური, მაგრამ ბაზარზე იყო თავისუფალი კონკურენციის პრობლემა. იყვნენ პრივილეგირებული და არაპრივილეგირებული კომპანიები, იყო კარტელური გარიგებები, კორუფციული სქემები. 2005-2013 წლებში საქართველოში ანტიმონოპოლიური სამსახური არ არსებობდა, მონოპოლიებისა და კარტელური გარიგებების პრობლემა კი კვლავაც აქტუალურია. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მონოპოლია და ბაზარზე კომპანიის დომინანტური მდგომარეობა პრობლემა ხდება მაშინ, როცა კომპანიას აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირების ლეგალური (კანონმდებლობის დონეზე) ან "არაფორმალური" მხარდაჭერა.

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დახვეწილი იქნება კანონმდებლობა, მთავარია ერთი რამ - პოლიტიკური ნება, რომ ბაზარზე იყოს კონკურენცია და სხვადასხვა მოხელის მხრიდან "არაფორმალურმა" ლობირებამ არ გამოიწვიოს ბაზრის დეფორმირება; ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა ბაზარზე არ უნდა შექმნას პრივილეგირებული და არაპრივილეგირებული პირობები".
***
12 მარტი 2014 10:49
კომერციული ბანკები ? არ არიან მონოპოლისტები ? ყველას ერთი პროცენტი და პირობა აქვს და როდის გვეღირსება სესხის დამტკიცების "საკომისიოს" და სესხად აღებული თანხის განაღდების "საკომისიოს" გაუქმება ? ისედაც % იღებ და მთელი თანხის მინ2-3 % ბანკშივე ტოვებ და მერე მაგ თანხაზეც ზემოდან პროცენტებს უხდი რაც არც გაგიხარჯავს ....
სამშენებლო ბიზნესიც ბანკებმა ჩაიგდეს ხელში და მრავალი სხვა ... არა რა არ ეშველება ქართულ ხასიათს არაფერი გაღორებული ერთეულები მართავენ პროცესებს ...

რედაქტორის რჩევით