ცხვარს გადასახადები "ახრჩობს"
10-03-2014
ცხვარს გადასახადები "ახრჩობს"
მეცხვარეობა საქართველოში უფრო ძნელია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რის მთავარ  მიზეზად მეცხვარეები გადასახადებს ასახელებენ, ამიტომაც ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან შეხვედრისას მეცხვარეთა ასოციაციამ საძოვრებზე დაწესებული გადასახადების შეცვლა მოითხოვა: "ჩვენ არ მოვითხოვთ განსაკუთრებულ პირობებს, ჩვენ მხოლოდ გადასახადის ოდენობის შეცვლას ვითხოვთ, ოღონდ ისე, რომ არც ჩვენ დავზარალდეთ და არც სახელმწიფო," - ამბობს საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ წინა ხელისუფლების დროს მეცხვარეებს გადასახადი უსაფუძვლოდ გაუძვირეს.

- ადრე მიწის გადასახადი ჰექტარზე სამი
ლარი იყო, ბოლო წლებში კი, ერთი ხელის მოსმით, 500%-ით გაზარდეს, თანაც თანხა რაიონების მიხედვით განსხვავებულია, მაგალითად: დედოფლისწყაროში - 7 ლარია, ახმეტაში - 5, ხოლო სიღნაღში - 16 ლარი. რატომ? - არავინ იცის. ამასთან, როცა წინა მთავრობამ ეს გადასახადი შემოიღო, არავის უკითხავს: შეუძლია კი მეცხვარეს მისი
გადახდა? უბრალოდ, მაშინ ცხვრის ექსპორტი გაიზარდა და ეგონათ, გლეხის გადახდისუნარიანობაც მოიმატებდა. დღეს ვითარება ასეთია: ჩვენ ერთი სული ცხვრის შენახვა დაახლოებით 120 ლარი გვიჯდება, ხოლო ვისაც მიწა დაქირავებული აქვს - 140-150 ლარიც.  მეცხვარეების უმეტესობას ბანკში აქვს სესხი აღებული და საკმაოდ მაღალ პროცენტსაც იხდის, რათა როგორმე მიწის გადასახადი გადაიხადოს. თანხის გადახდა მაშინაც კი გვიწევს, როცა ცხვარი კვდება. მაგალითად, ერთ-ერთ შპს-ში 2012 წლის ზამთარში 2 ათასი სული ცხვარი დაეხოცათ და 300 ათასი ლარი იზარალეს, ამას დაემატა ისიც, რომ მკვდარი ცხვრის ჩამოსაწერად თითო სულში 20 ლარის გადახდა მოუხდათ. პროცედურა ასეთია: თუ თქვენ მოგიკვდათ ცხვარი ან სხვა პირუტყვი, მიდიხართ, იხდით ბანკში 20 ლარს, შემდეგ კი მოითხოვთ, რომ საგადასახადო ორგანომ თავისი წარმომადგენელი გამოგიგზავნოთ. ის მოდის, ნახულობს, რომ ცხვარი ნამდვილად მკვდარია და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოწერს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ჩვეულებრივად იბეგრებით საშემოსავლო გადასახადით.  რა ქნას მეცხვარემ, მაგალითად, თუშეთში, სადაც არც ინტერნეტია და არც იმის პირობები, რომ ის დროულად დაუკავშირდეს საგადასახადო სამსახურს? ამიტომ უნდა დაწესდეს რაღაც  სტანდარტი, რომ ცხვრების განსაზღვრული რაოდენობა შეიძლება დაიხოცოს შობადობის ან გადარეკვის დროს, დავუშვათ, 15%. დოლის დროს ხანდახან 15%-ზე მეტი გვეხოცება, ეს დამოკიდებულია ამინდზე, კვებასა და ბევრ სხვა ფაქტორზე.

- საქართველოდან რამდენი ცხვარი გადის საექსპორტოდ?
- ყოველწლიურად საშუალოდ 16 მილიონი დოლარის ღირებულებისა. ადრე ქართული ცხვარი გადიოდა ლიბიაში, კატარში, ლიბანში, სირიაში, იორდანიაში, ქუვეითში, ირანში, დუბაიში, მაგრამ ეს ბაზრები დავკარგეთ და შარშან მხოლოდ აზერბაიჯანიღა დაგვრჩა. იორდანიაში, ძირითადად, სომხეთიდან შემოყვანილი ცხვარი გაიყვანეს, ირანში კი ქართული ცხვარი ძალიან მცირე ოდენობით გავიდა. ბაზრების დაკარგვა მაღალმა ფასმაც განაპირობა. მაგალითად, შარშან სომხეთში 1 კგ ცოცხალ საქონელს 2 დოლარად ყიდდნენ, ხოლო ჩვენთან - 4 დოლარად.  2013 წელს საქართველოდან სულ გავიდა დაახლოებით 160 ათასი სული ცხვარი.

-  ჩვენი ჯიშები დაბალპროდუქტიულია, რატომ?
- თუშური ცხვარი წელიწადში ერთ ბატკანს გვაძლევს, მაშინ, როცა არსებობს ჯიშები, რომლებიც ორ, სამ, ოთხ ბატკანსაც კი იძლევა. ჩვენი ცხვარი წელიწადში 50 ლიტრამდე რძეს იწველება და აქედან 30-35 ლიტრი ბატკანს მიაქვს, მაგრამ არსებობს ჯიშები, რომლებიც 200-300 ლიტრ რძეს გვაძლევს. ამიტომაც სჭირდება ქართულ ცხვარს სელექცია, სხვა ჯიშებთან შეჯვარება და გაუმჯობესება.
აუცილებელია სტაციონარული ბაგების შექმნაც. გაზაფხულზე, დოლის შემდეგ, საქართველოში გვყავს დაახლოებით 800 ათასი სული ცხვარი და გვაქვს 250 ათასი ჰექტარი ზამთრის საძოვარი. ნორმით 1 ჰექტარზე ერთი სული ცხვარი უნდა მოდიოდეს, ჩვენ კი 1 ჰექტარზე სამი და ოთხი ცხვარი გვყავს. ამის გამო საძოვრები ცუდ დღეშია. ფერმერებს, ვისაც საამისო თანხა აქვთ, შეუძლიათ სტაციონარულ პირობებში ჰყავდეთ ცხვარი, თვითონ მიხედონ საკვებ ბაზას (ხორბალი, ქერი), ადგილზე მოუარონ და შეინახონ. თუ ჩვენში ასეთი ფერმები შეიქმნება, მაშინ 1 ჰექტარზე ცხვრის სულადობა დაიკლებს და საძოვრების ხარისხიც გაუმჯობესდება. სტაციონარულ ფერმაში წინასწარ იქნება დადგენილი კვების რაციონი, შეჯვარების პერიოდები, ფერმერს შეუძლია განსაზღვროს, როდის გაჩნდეს ბატკანი და სხვ. მარტში, მაგალითად, მუსლიმებს ბაირამობის დღესასწაული აქვთ და ცხვარზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ ამ დროს ჩვენი ბატკანი 10 კილოგრამიც არ არის. სტაციონარში შესაძლებელია ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმო და ბევრი ცხვარი მაშინ გყავდეს, როცა მასზე მოთხოვნა დიდია.

ხათუნა ჩიგოგიძე
datiko48
13 მარტი 2014 09:01
ეს ყველაფერი მიზანმიმართული ბოროტებაა დანერგილი წინა ჟიზოფრენიკი პრეზიდენტის მიერ,რომელმაც გაანადგურა ყველა ის მიმართულება რითაც ცხოვრობდა ქართველი ოჯახი.ქართულ მიწას ის დიდი ძალა აქვს რომ გადააგდო უკუღმა თესლი ამოვა წაღმა.არა და დღეს მოსულთა ტვინის შეგნებამდეც კი არ დადის როგორ უნდა წარიმართოს საქართველოს ეკონომიკა,მოათრევენ ვითომ ინვესტორებს,გაყიდულია ქართული მიწები,ჩამოსული არიან ირანელები თუ თურქები,ერაყელები თუ აფრიკელები,ხოლო ქართველი კაცი და ქალი გარიყულნი არიან სხვა ქვეყანაში ემიგრანტებად.ნუთუ არ დარჩა საქართველოში ქართული სული?მიდის ერის გადაშენება,და გაივსო საქართველოში სექტანტებით,და ებრძვიან ყველაზე წმინდა რწმენას-მართლმადიდებლობას.

რედაქტორის რჩევით