ინვესტიციებს არ უყვარს არასტაბილურობა - კვირის პალიტრა

ინვესტიციებს არ უყვარს არასტაბილურობა

"ამჟამად ფულადი გზავნილების მოცულობა 1,5-ჯერ აღემატება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს"

2013 წელს საქართველოში 914 მილიონი აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, თანხის ნაწილი - 217 მილიონი - მხოლოდ IV კვარტალში. ეს 2012 წლის მონაცემებს 0,3%-ით აღემატება. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა კვლავ ნიდერლანდებია (180 მილიონი აშშ დოლარი) მთლიანი ინვესტიციის თითქმის მეხუთედით. მეორეა ლუქსემბურგი 145 მილიონით, ხოლო მესამე - ჩინეთი (98 მლნ). ლიდერთა ათეულშია აზერბაიჯანი, თურქეთი, აშშ, საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერთიანებული სამეფო, მალტა და არაბთა გაერთიანებული საამიროები. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებს სიტყვა მისცა, რომ ქვეყანაში დაბანდებული ინვესტიციების თითოეული ცენტი დაცული იქნება: საქართველოში კანონის უზენაესობა და კერძო საკუთრების დაცვა პრიორიტეტად გამოცხადდა, საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყანა მყარ პოზიციებს ინარჩუნებს, ხოლო გეოგრაფიული მდებარეობისა და სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობის შეღავათიანი სისტემის წყალობით, საქართველო ინვესტორებს ფართომასშტაბიან ბაზარს სთავაზობს...

როგორ შეიძლება შეფასდეს გასული საინვესტიციო წელი და როგორია პერსპექტივა? - ამ საკითხებზე ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძეს ვესაუბრეთ.

- 2013 წლის პირველ ნახევარში მეწარმეთა აქტიურობა შენელდა ე.წ. კოაბიტაციის პერიოდის გამო. ასეთ პირობებში რატომ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ვინმე უცხოელი მოვა და ქართული ეკონომიკის აღორძინებას ხელებდაკაპიწებული დაიწყებს? სწორედ ამიტომ სხვაობა 2012 წლისა და 2013 წლის მონაცემებს შორის სიმბოლურია - დაახლოებით 2,8 მილიონი დოლარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოს ყველა ვალუტა, მათ შორის დოლარიც, ინფლაციას განიცდიდა, 2012 წელთან შედარებით ინვესტიციების შემოდინების მხრივ, შეიძლება ითქვას, სტაგნაციაც კი შეიქმნა. შესაძლოა თავი დავიმშვიდოთ იმით, რომ მდგომარეობა არ გაუარესებულა, მაგრამ ჩვენს ეკონომიკას მეტი სჭირდება.

- ბატონო სოსო, უცხოეთიდან ხომ დიდი რაოდენობით ფული იგზავნება?

- უცხოეთიდან ფულად გზავნილებს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. გასულ წელს თითქმის 1,5 მილიარდი დოლარი შემოვიდა. ეს ოფიციალურად აღრიცხული გზავნილებია, არავინ იცის, რა თანხა შემოდის ჯიბით, ჩანთით და ა.შ. ფაქტობრივად, მოსახლეობის გამოგზავნილმა ფულმა ინვესტიციის ფუნქცია შეიძინა. ყველა აღიარებს, რომ ამ მიზნით შემოსული ფული არანაკლებ როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკაში, ვიდრე უცხოური ინვესტიციები. ამჟამად ფულადი გზავნილების მოცულობა 1,5-ჯერ აღემატება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ათიოდე წლის წინ კი ეს თანაფარდობა მხოლოდ 40% იყო, ანუ ინვესტიციები 2,5-ჯერ აღემატებოდა ფულად გზავნილებს.

- როგორ შეაფასებთ ამ თანაფარდობას?

- ინვესტიციები გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი, ფულადი ტრანზაქციები კი მცირე თანხაა. უცხოეთიდან ახლობლის გამოგზავნილ ფულს ჩვენი მოსახლეობა ხშირად პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იყენებს: იძენს სურსათს, სამოსსა და სხვა პროდუქციას, რომელიც აუცილებელია არსებობისთვის. ყიდულობენ უცხოურ, ძირითადად, თურქულ პროდუქციას. იკვრება ერთგვარი ჯაჭვი, რომლის წყალობითაც ჩვენი ქვეყანა ემსგავსება "მეგაერგნეთს". რატომ? - საქართველოში შემოდის თანხა, რომლითაც ჩვენი მოსახლეობა ყიდულობს თურქულ საქონელს, მერე ეს ფული თურქეთში გადის და შედეგად თურქეთის ეკონომიკა ძლიერდება, საქართველოში კი ეკონომიკა არ ვითარდება. ამიტომ ფულადი გზავნილების იმედად ყოფნა არ შეიძლება, ეს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს. საკმარისია დოლარის კურსი დაეცეს ან ჩვენს მოქალაქეებს უცხოეთში რამე პრობლემა შეექმნათ, რომ გადმორიცხვების მოცულობა შემცირდეს და შემოსავლის ეს წყაროც დაიშრიტოს. ამიტომ უმჯობესია, ინვესტიციების მოცულობა აჭარბებდეს გადმორიცხული თანხის რაოდენობას. ბოლო წლებში ყველაზე უკეთესი მდგომარეობა ინვესტიციების მხრივ 2011 წელს იყო, როცა ქვეყანაში 1,147 მილიარდი დოლარი შემოვიდა. 2013 წლის მონაცემები 2011 წლისას ჩამორჩება, რადგან როცა ქვეყანაში არც არჩევნებია დაგეგმილი და არც ხელისუფლების ცვლილება, ეკონომიკაც უფრო სტაბილურია. გვინდა თუ არა, პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ნიშანდობლივია, რომ არჩევნების შემდეგ, 2013 წლის ბოლო კვარტალში, ინვესტიციების მოცულობამ საგრძნობლად მოიმატა.

- რას გვიქადის მიმდინარე საინვესტიციო წელიწადი?

- 2014 წელიც სიურპრიზებს გვიმზადებს: იმართება ადგილობრივი არჩევნები, არ ვიცით, უკრაინის ამბები რა გავლენას მოახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე, ან რა მოხდება ყირიმში... უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია: ამ ქვეყნიდან 600 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია შემოდის, რაც სამჯერ აღემატება უკრაინაში ჩვენს ექსპორტს. იმავდროულად, ჩვენი ეკონომიკისთვის მეტად მნიშვნელოვანია რუსეთის ფაქტორიც. ამ ორ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები უშუალოდ აისახება შემოსულ ინვესტიციებსა და საერთოდ, ქართულ ეკონომიკაზე.

ინვესტორთა არჩევანი

2013 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია - 198 მლნ აშშ დოლარი, ანუ მთლიანი მოცულობის 22% - ენერგეტიკის სექტორში ჩაიდო. მეორე ადგილზე საფინანსო სექტორია 170 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (138 მლნ).

ხათუნა ჩიგოგიძე