ყველაზე მდიდრები მსოფლიოში
17-03-2014
ყველაზე მდიდრები მსოფლიოში
ბიზნესგამოცემა "ფორბსმა" 2014 წლის მარტში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის მონაცემებით, მსოფლიოში 1645 მილიარდერია, მათი ქონება კი 6,4 ტრილიონი დოლარია - შარშანდელზე 1 ტრილიონით მეტი. 268 ახალგამომცხვარ მილიარდერს შორის 42 ქალბატონია, სულ კი მსოფლიოში რეკორდულად ბევრი, 172 მილიარდერი ქალია.

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ კომპანია "მაიკროსოფტის" ხელმძღვანელი და დამფუძნებელი ბილ გეიტსი კვლავ მწვერვალზე მოექცა. მან ერთ წელიწადში ქონება 9 მილიარდი დოლარით გაზარდა და 76 მილიარდით პირველი ადგილი დაისაკუთრა. გეიტსი 15
წელი იყო რეიტინგის ლიდერი, ოთხი წლის წინ კი პირველობა ტელეკომუნიკაციების მექსიკელ მაგნატს - კარლოს სლიმ ელუს დაუთმო, რომელიც ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა. მესამე ადგილი წილად ხვდა ტანსაცმლის ესპანელ მაგნატს - ამანსიო ორტეგას, რომელიც თითქმის 6 მილიარდი დოლარით უსწრებს ამერიკელ ბიზნესმენსა და ფილანთროპს - უორენ ბაფეტს.
შემოსავლის ზრდის რეკორდი კი მარკ ცუკერბერგმა დაამყარა - ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის, "ფეისბუკის", დამფუძნებლისა და მფლობელის ქონებას 15,2 მილიარდი დოლარი მიემატა და 28,5 მილიარდს მიაღწია.

აშშ ლიდერია მილიარდერთა საერთო რაოდენობით - რეიტინგში "ამერიკული დელეგაცია" 492 ადამიანს ითვლის. მეორე ადგილზეა ჩინეთი (152 მილიარდერი), მესამეზე კი - რუსეთი (111 მილიარდერი). წლეულს "ფორბსმა" პირველად მიაკვლია მილიარდერებს ალჟირში, ლიტვაში, ტანზანიასა და უგანდაში. ასევე პირველად 25 უმდიდრეს ადამიანს შორის მოხვდა ნიგერიელი ალიკო დანგოტე.

შარშანდელთან შედარებით 19 მილიარდერი დააკლდა თურქეთს, რვა კი ინდონეზიას. სულ მილიარდერთა რიგებს 100 ადამიანი გამოეთიშა, რომელთაგან 16 გარდაიცვალა.
"ფორბსის" რეიტინგში არ შედიან სამეფო ოჯახების წარმომადგენლები და დიქტატორები\. რაც შეეხება მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქართველს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ახლა უკვე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ბიძინა ივანიშვილი რეიტინგში 270-ე ადგილზე აღმოჩნდა. მისი ქონება 5,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
guruli
25 მარტი 2014 01:15
არ მინდა ამდენი ფული, სულ 300000 ევრო მეყოფა და ზალიან მაგრად ვიცხოვრებ. მეტის სურვილი არა მაქვს და დავტკბები ცხოვრებით
gio
19 მარტი 2014 14:42
ერთი ეგ მაინტერესებს რა თავში საყრელად უნდათ ამდენი მილიონები? რომ მერე მათმა შთამომავლობამ არ იმუშაონ და სხვაზე იბატონინ....

რედაქტორის რჩევით