რამდენად რეალურია "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტი?
17-03-2014
რამდენად რეალურია "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტი?
ჯერჯერობით შეკითხვები პასუხებზე მეტია

"600 მილიონი დაახლოებით 20 ათასი ოჯახის ახალსახლობას თუ ეყოფა, თბილისში კი, ავარიულ სახლებში, 300 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს"

ირაკლი შიხიაშვილი: "მალე ყველა დაინახავს, რომ ეს არც პიარკამპანიაა და არც წინასაარჩევნო ფაციფუცი"


თბილისში ე.წ. "ხრუშჩოვკების" დემონტაჟი იგეგმება. ამასთან დაკავშირებით, საკრებულოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ საინვესტიციო ჰოლდინგს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. დოკუმენტი "ხრუშჩოვკების" დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებს. მემორანდუმში საუბარია ძველი თბილისის რეაბილიტაციაზეც.

ინვესტორი 600 მლნ დოლარის შემოტანას გეგმავს. სამუშაოები დაახლოებით ოთხ თვეში უნდა დაიწყოს. სალიმ უმაიდ საიფი, რომელიც არაბული ჰოლდინგის სახელით საუბრობს, ამბობს, რომ თბილისში "ხრუშჩოვკების" ნაცვლად 15-სართულიანი კორპუსების აშენება იგეგმება, სადაც გათვალისწინებული იქნება საოფისე ფართები, ტერიტორიის გამწვანება. ჯერჯერობით ლაპარაკია 800 "ხრუშჩოვკის" დემონტაჟზე ისანი-სამგორის რაიონში.

პროექტის დეტალებზე
თბილისის საკრებულოში ჯერ არაფერს ამბობენ, მაგრამ ცნობილია, რომ მემორანდუმის საფუძველზე დემონტაჟის პროექტს მხარი უნდა დაუჭიროს და დაამტკიცოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. ჯერ არც ერთი მხარე არ ამხელს, სად იცხოვრებენ ე.წ. "ხრუშჩოვკებში" მცხოვრები მოქალაქეები ახალი სახლების აგებამდე და როგორ დააკმაყოფილებენ მათ ბინებით. საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიაში ამბობენ, რომ "ხრუშჩოვკების" ახალი კორპუსებით ჩანაცვლების კონცეფციაზე მუშაობა დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება.

თბილისში "ხრუშჩოვკების" დემონტაჟის აუცილებლობაზე საუბრობენ საქართველოს მენაშენეთა ასოციაციაშიც. ისინი აცხადებენ, რომ ამ კორპუსებს ექსპლუატაციის ვადა დიდი ხნის წინ გაუვიდა და მათი დემონტაჟის კონცეფცია სპეციალისტებს 2007 წელს უკვე მზად ჰქონდათ, თუმცა საკითხის მომზადებისას ადგილობრივ ხელისუფლებას მათთვის არ მიუმართავს.

ირაკლი როსტომაშვილი, მენაშენეთა ასოციაციის პრეზიდენტი:
"ავარიული ფონდი ყველაზე მტკივნეული პრობლემაა ქალაქისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ბევრი შეკითხვა ჩნდება: რამდენად მომზადებულია ის პროგრამა, რომელზეც საკრებულოში ისაუბრეს და რის შესახებაც მემორანდუმი გაფორმდა? ჯერ გვეუბნებოდნენ, რომ პროექტზე ჩეხები მუშაობდნენ, შემდეგ კი გამოჩნდა არაბი ინვესტორი, რომელიც სახელმწიფოს გარანტიას სთხოვს. თუკი გარანტია ფინანსთა სამინისტრომ უნდა გასცეს, მაშინ რად გვინდა უცხოელი ინვესტორი, აქაურ ბიზნესმენებს მისცენ სახელმწიფო გარანტია და ჩვენ ვიშოვით ფულს "ხრუშჩოვკების" დემონტაჟისა და ახალი კორპუსების ასაშენებლად. 600 მილიონ დოლარზე სახელმწიფო გარანტია თუ იქნება, კომპანიას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან 6%-იანი სესხის აღება შეუძლია. ამიტომ ეს ინიციატივა რაღაც კეთილი სურვილების სადღეგრძელოს მაგონებს. რაც შეეხება 600 მილიონს, ეს თანხა დაახლოებით 20 ათასი ოჯახის ახალსახლობას თუ ეყოფა, თბილისში კი, ავარიულ სახლებში, 300 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

ჩემი ინფორმაციით, თბილისში 520 "ხრუშჩოვკაა". ეს, ძირითადად, 4-5-სართულიანი კორპუსებია. არის რამდენიმე 8-სართულიანიც. თუ სამუშაოები რამდენიმე თვეში იწყება, ახლა ამ სახლების მცხოვრებლებთან უკვე მოლაპარაკებები უნდა მიმდინარეობდეს. ყველას გვყავს ახლობელი, ნათესავი, ვინც ასეთ სახლებში ცხოვრობს. ზოგმა ბინა ორი თვის წინ გაარემონტებინა, ზოგს კი, რაც იქ ცხოვრობს, ხელი არაფრისთვის უხლია. დათანხმდებიან ეს ადამიანები ერთსა და იმავე პირობებს? კიდევ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და უკვე 25 წელია, ამ პრობლემას ვერაფრით მოევლო. მიმდინარეობს ბინათმშენებლობა და ამას არ მოსდევს სპეციალური ინფრასტრუქტურის განვითარება. მაგალითად, ვაკეში, ბარნოვსა და ფალიაშვილზე, ბოლო წლებში მრავალი სახლი აშენდა, მოსახლეობის სიმჭიდროვე სამჯერ გაიზარდა და სხვა თუ არაფერი, სკოლების რაოდენობა არ გაზრდილა. ფალიაშვილზე ახალაშენებულ სახლებში პირველ სართულზე კანალიზაციის სუნი დგას, რადგან სისტემა მოცულობას ვერ ატარებს. ვაჟა-ფშაველას კვარტალებში თუ ხუთჯერ დიდი სახლები აშენდება, ეს ნიშნავს, რომ ხუთჯერ მეტი მოსახლე იქნება და არსებობს კი შესაბამისი ინფრასტრუქტურა?
უნდა გვქონდეს ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა, მაგრამ სამწუხაროდ, არ გვაქვს. ამიტომ ამგვარი ინიციატივების არ მჯერა, განსაკუთრებით - არჩევნების წინ. ადვილი სათქმელია, რომ გამოჩნდა ვიღაც არაბი ინვესტორი, რომლის ვერც კომპანია მოვძებნეთ ინტერნეტში და არც მისი გვარ-სახელი იცის  ვინმემ. თუ სახელმწიფოს შეუძლია, ერთ კაცს 600-მილიონიანი სახელმწიფო გარანტია მისცეს, იქნებ ჯობდეს, 1000 ადგილობრივ მენაშენეს მისცეს ეს გარანტია? სახელმწიფო გარანტია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია და როცა ვიღაც არაბი შეიხი ამას ითხოვს, ბევრი კითხვა ჩნდება.

"ხრუშჩოვკების" დემონტაჟსა და მათ ადგილას სხვა შენობების აგებას ისანი-სამგორის რაიონიდან იწყებენ. ამ რაიონში 150-200 "ხრუშჩოვკაა", თითოში 40 ოჯახი ცხოვრობს. ახლა თუ 5-სართულიანი კორპუსები დგას, სამჯერ მეტი, ანუ 15-სართულიანები უნდა აშენდეს. ბინების ნაწილს ინვესტორი მოსახლეობას გადასცემს, ნაწილს კი გაყიდის. შარშან ისანი-სამგორის რაიონში 1700 ბინა გაიყიდა და აქედან 1400 ე.წ. მეორეული ბინა იყო. არაბი ინვესტორი რომ ქველმოქმედი არ არის, ცხადია, რადგან იგი სახელმწიფო გარანტიას ითხოვს. ჩანს, რაღაც ბიზნესგეგმა აქვს და საინტერესოა, რას ეფუძნება მისი გათვლა - ამ კონკრეტულ რაიონში ხომ ახალ საცხოვრებელ სახლებზე მოთხოვნაQ ძალიან დაბალია!..

სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა უნდა იყოს. ბიზნესის განვითარებისას მოსახლეობას დამატებითი დოვლათი უჩნდება, რაც აჩენს მოთხოვნას სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის - უძრავ ქონებაზეც. თუ ხალხს ფული არ ექნება, ინვესტორი ბინებს ვერ გაყიდის. და კიდევ, ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფოში არსებობდეს ურბანული განვითარების სამინისტრო. სამწუხაროა, რომ დღეს ამაზე ხელისუფლებაში არ ფიქრობენ".

ირაკლი შიხიაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე: "მოდი, ჩვენი ოპონენტების ეჭვებზე ნუ ვილაპარაკებთ, რადგან ისინი ყველაფერს ეჭვქვეშ აყენებენ. პირველი ეტაპი უკვე გავიარეთ, ახლა დაიწყო მეორე - კონცეფციის შემუშავება. როცა არსებობს საერთო მიზნები და სურვილები და მიღწეულია შეთანხმება, მერე იწყება კონცეფციაზე მუშაობა. უნდა გაირკვეს, ჩანაფიქრს როგორ განვახორციელებთ, რა რესურსით... ალბათ, ჯერ ავარიულ სახლებს მივხედავთ, რომელთა გამაგრება არ შეიძლება და იქ ცხოვრება საშიშია. გამოგიტყდებით - ყველაზე მეტი კითხვა ამ პროექტის შესახებ მე მაქვს. ზოგიერთს ჰგონია, რომ მემორანდუმს ხელი მოვაწერეთ, ხვალ ეს ფული ჩაირიცხება და ზეგ უკვე მშენებლობას დავიწყებთ, მაგრამ ასე არ არის. ჩვენ გვინდა, ზაფხულისთვის მოვამზადოთ კონცეფცია, შევიმუშაოთ სტრატეგია და რაც მთავარია, ფინანსთა სამინისტრომ პროექტის შესასრულებლად საჭირო ყველა საკითხი შეისწავლოს. საფრთხე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ავარიული სახლების გამო ემუქრებათ, აშკარაა, ამიტომ უკან დასახევი გზა არ გვაქვს.

ლაპარაკი არ არის მხოლოდ ერთ ინვესტორზე. ჩვენ ვცდილობთ, საქმეში სხვა კომპანიებიც ჩავრთოთ. ამ საკითხზე ვესაუბრეთ ჩინელებს და მათთან თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი უკვე მოვაწერეთ, ვცდილობთ პროექტში ჩეხების ჩართვასაც. შესაძლოა, ვინმეს ჰგონია, რომ ირაკლი შიხიაშვილი რომელიღაც არაბ შეიხს ლობირებს, მაგრამ ასე არ არის. ისიც გავიგე, რომ ზოგიერთი უკვე ყიდულობს "ხრუშჩოვკის ბინას", რომ მერე რაღაც სარგებელი ნახოს. მე ამ ეიფორიას სერიოზულად არ აღვიქვამ. სულ მალე ყველა დაინახავს, რომ ეს არც პიარკამპანიაა და არც წინასაარჩევნო ფაციფუცი".
otari
21 მარტი 2014 15:17
ეს არის კიდევ ერთი ფულის შოვნის მცდელობა ქალაქის მამების მიერ.ვიღაც არაბ ბისნესმენს სახელმწიფო რატომ უნდა აძლევდეს გარანტიებს,გაყვლეფავენ ამ უბედურ ხალხს და მერე არაფერს არ აუშენებენ.რაც გააკეთა ცენტრ პოინტმა იმაზე უარესს იზამენ.არ დათანხმდეთ ხალხო თორემ დარჩებით ღია ცის ქვეშ. მაგენს თქვენ კი არ ადარდებთ ფულის შოვნა უნდათ თქვენს ხარჯზე.1 ხუთმეტ სართულიან კორპუსის აშენებას 2 მილიონი სჭირდება, რა ფოკუსნიკები არიან მაგის მესამედ ფასში ააშენონ? ყველა ხალხის მოტყუებაზეა,თუ არ გინდათ იმათ ადგილზე აღმოჩნდეთ ვინც ეხლა ქუჩაში ცხოვრობს და სახლ-კარი არა აქვს.
tamaz
21 მარტი 2014 13:57
გივი, რა მაგარი ხარ არითმეტიკაში. ჯერ რომ დავუშვათ 50 კორპუსი ააშენოს, ბინები გაყიდოს, ამოღებული ფულით 70 ახალი კორპუსი ააშენოს და ა.შ. ეგრე არ გამოვა? :))
თუმცა ამ პროექტის მეც არ მჯერა, დაულაგებელი და ეკონომიკურად დაუსაბუთებელია. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, დაანგრევენ რამოდენიმე ხრუშოვკას, არაფერს აღარ ააშენებენ და გვეყოლება კიდევ 400-500 უსახლკარო ოჯახი :((
givi
19 მარტი 2014 15:57
600 მილიონით 800 კორპუსს როგორ ააშენებენ? ანუ ერთ 15 სართულიან კორპუსს 750 000 დოლარი უწევს. შეეკითხეთ ნებისმიერ მშენებელს შესაძლებელია თუ არა 15 სართულიანი კორპუსის აშენება 750 000 დოლარად.

რედაქტორის რჩევით