რუსული ეკონომიკური "რულეტკა"
24-03-2014
რუსული ეკონომიკური "რულეტკა"
რა შეიცვლება საქართველოსთვის, თუ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს დააწესებენ

რუსეთი უკრაინულ პროდუქტს ბაზარზე აღარ უშვებს. ევროკავშირი მზად არის, თუ საჭირო გახდება, რუსეთის წინააღმდეგ დააწესოს სანქციები - ეკონომიკურიც კი. რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე ფიქრობენ აშშ-შიც. საქმე ეხება ამერიკაში რუსული კაპიტალის, ინვესტიციების, კრედიტების გაყინვას, ასევე ევროპაში რუსული გაზის ბლოკირებას. შესაძლებელია თუ არა მოვლენების ამგვარი განვითარება და ჩვენთვის რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მასშტაბურ ეკონომიკურ სანქციებს? - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრა ექსპერტი ეკონომიკის
საკითხებში ირაკლი ლექვინაძე.


- სანქციები ჯერჯერობით მთელი სიმკაცრით არ ამოქმედებულა. ალბათ, ჯერ კიდევ აკვირდებიან რუსეთისა და მისი ლიდერის ნაბიჯებს. დასავლეთში კარგად იციან ასეთი დაპირისპირებისა და სანქციების ფასი - ის ორივე მხარეს დააზარალებს, თუმცა, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის გამო მისი დანაკარგი უფრო მასშტაბური იქნება. თუ მოვლენების ესკალაცია
ყირიმს არ გასცდება, ვფიქრობ, სანქციები მთელი სიმკაცრით არ ამოქმედდება, მაგრამ თუ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიებსაც მისწვდა, ეკონომიკური ბლოკადის მასშტაბი გაიზრდება. ზოგიერთი ბერკეტი უკვე ამოქმედდა, მაგალითად, აშშ-მა პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში ნავთობის სტრატეგიული მარაგი გახსნა და 5 მილიონი ბარელის გაყიდვა გადაწყვიტა. იწყება მოლაპარაკება ირანთან, რუსეთიდან გაედინება დასავლური კაპიტალი, რაც, ანალიტიკოსების შეფასებით, 2014 წლის პირველ კვარტალში 70-75 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რუს ჩინოვნიკებს დაუწესდათ სანქციები, მათი აქტივები კი იყინება.

- დგას თუ არა რუსეთი ეკონომიკური კრიზისის საფრთხის წინაშე?

- განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით რუსეთი ეკონომიკურად არც ისე მდიდარია. მაგალითად, რუსეთის მშპ დაახლოებით 2 ტრილიონი დოლარია, მსოფლიო ეკონომიკის დაახლოებით 3%, ევროპის მშპ 23%-ია, აშშ-ისა კი - 22%. რუსეთში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 14 ათასი დოლარია, თუმცა შემოსავლები ძალიან არათანაბრად არის განაწილებული და ქვეყნის სიმდიდრის უდიდესი ნაწილი დაახლოებით 100 ოლიგარქის ხელშია თავმოყრილი. რუსეთიდან ყოველწლიურად დაახლოებით 150 მილიარდი დოლარი გაედინება, რაც ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია. ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურა აგებულია ენერგომატარებლებიდან მიღებულ შემოსავლებზე (დღეში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი), ბიუჯეტიც, ძირითადად, ნავთობდოლარებს ეყრდნობა. ვფიქრობ, ხანგრძლივ კრიზისს რუსეთის ეკონომიკა ვერ გაუძლებს - მოვლენების ესკალაციისა და სანქციების გამწვავების შემთხვევაში მისი რეზერვი ორ-სამ თვეს თუ იქნება საკმარისი. გარდა ამისა, იკლებს ნავთობის მსოფლიო ფასი და დღეს 1 ბარელის ღირებულება 100 დოლარზე ნაკლებია. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში დაძაბულობის ზრდისას ნავთობის ფასი ყოველთვის იმატებს, ახლა კი სხვაგვარი ვითარებაა. რუსეთის ბიუჯეტი გათვლილია ნავთობის ფასზე - 102 დოლარი 1 ბარელზე - და ამ ფასის ვარდნა მისთვის მძიმე იქნება.

მართალია, აშშ-მა ნავთობის მარაგი გახსნა, მაგრამ ყველაზე ეფექტიანად დასავლეთს ირანის ფაქტორის გამოყენება შეუძლია, რომელსაც ენერგომატარებლების უზარმაზარი მარაგი აქვს. გარდა ამისა, "გაზპრომის" რამდენიმე უმსხვილესმა კონტრაქტორმა უარი თქვა გაზის შესყიდვაზე, რაც ასევე პრობლემაა რუსეთისთვის. ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის რუსეთის ეკონომიკა და ფინანსური სისტემა მზად არ არის.

- საქართველო მთლიანად იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებს მოიხმარს. თუ ნავთობის ფასს რუსეთის წინააღმდეგ ბერკეტად გამოიყენებენ, ჩვენთან რა მოხდება?
- ანალიტიკოსების შეფასებით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირება მოსალოდნელი არ არის. ამ კრიზისის გამო მსოფლიო ბაზარზე ძვირდება მარცვლეული, ხორბალი და სავარაუდოდ, ამას უფრო ვიგრძნობთ. ჩვენ დღეს ნაკლებად ვართ დამოკიდებული რუსეთიდან და უკრაინიდან შემოტანილ მარცვლეულზე, თუმცა საერთაშორისო ფასები ჩვენზეც აისახება.

- ბევრი ჩვენი თანამოქალაქე რუსეთში მუშაობს. მათ უმუშევრობა დაემუქრებათ?
- ფულად გადმორიცხვებში რუსეთის წილი, სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხვების ზრდის ხარჯზე, 60%-დან 50%-მდეა შემცირებული. ის არ შემცირებულა ემბარგოსა და რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგაც კი, ამიტომ ვფიქრობ, დიდ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. 2013 წელს რუსეთიდან 750 მილიონ დოლარზე მეტი გადმოირიცხა. არ მგონია, რომ კრიზისის გამწვავება ქართველებს უმუშევრად დატოვებს.

- რუსეთი საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. თუ მას ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებენ, მოგვიწევს თუ არა სხვა მომწოდებლების მოძებნა?
- რუსეთი ჩვენი ქვეყნის ძირითადი სავაჭრო პარტნიორების სამეულშია. ეს ბაზარი ჩვენი ექსპორტისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმპორტისთვის. შარშან საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტი გაიზარდა. სანქციები საექსპორტო კომპანიებისთვის უდავოდ მტკივნეული იქნება. რუსეთიდან, ძირითადად, კვების პროდუქტები შემოდის. მისი ჩანაცვლება შესაძლებელია თუნდაც თურქეთიდან.

- ჩვენს საექსპორტო პროდუქციას რუსეთის ბაზრის დაკარგვის საფრთხე დაემუქრება?
- საფრთხე არსებობს, თუმცა ამის წინა პირობა ჯერჯერობით არ ჩანს. რუსეთში ქართული პროდუქცია ბევრი არ არის. გარდა ამისა, მისი მომხმარებლები შეძლებული ადამიანები არიან, ვისზეც კრიზისი გავლენას თითქმის არ ახდენს. აი, თუ ანტიქართული კამპანია დაიწყება, ბუნებრივია, ეს საქართველოდან ექსპორტის მოცულობას შეამცირებს. შესაძლოა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ რაღაც ნაბიჯები გადადგას. ექსპორტი შემცირდება, მაგრამ ბაზრები დღეს დივერსიფიცირებულია და ქართული ეკონომიკისთვის ეს დიდი დანაკარგი არ იქნება.

- რით შეუძლია რუსეთს დაუპირისპირდეს ამერიკისა და ევროკავშირის ეკონომიკურ სანქციებს?

- რუსეთის უმთავრესი ბერკეტი მისი ბირთვული პოტენციალია. გარდა ამისა, განიხილეს კანონპროექტი, რომელიც ევროპული და ამერიკული კომპანიების აქტივების კონფისკაციას გულისხმობს. ეს, შეიძლება, საპასუხო ნაბიჯი იყოს, თუკი დასავლეთი მკაცრ სანქციებს დააწესებს. რუსეთში დასავლურ კომპანიებს სოლიდური აქტივები აქვთ, თუმცა რუსი ოლიგარქების ქონება ევროპასა და აშშ-ში მეტია და მათი დანაკარგიც უფრო დიდი იქნება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით