საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საზოგადოებას ეკონომიკურ ხედვას აცნობს... - კვირის პალიტრა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საზოგადოებას ეკონომიკურ ხედვას აცნობს...

ინტერვიუ საქათველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან ქალბატონ ირინა კვახაძესთან

1. საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 2013 წლის ბოლოს შეიმუშავა „საქართველოს გრძევადიანი ეკონომიკური განვითარების კონცეფცია“. რა მიზანს ისახავს ეს დოკუმენტი და რა არის მისი მთავარი იდეა?

საქართველოს ბიზნესასოციაციამ 2013 წლის ბოლო კვარტალში დაასრულა “საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების კონცეფციაზე მუშაობა“.  კონცეფციის შემუშავების იდეა გაჩნდა 2013 წლის გაზაფხულზე, როდესაც მთავრობამ დაიწყო ეკონომიკური ხედვის ჩამოყალიბებაზე მუშაობა და კერძო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელს ჩვენი ჩათვლით მოგვმართა ჩვენი რეკომენდაციების, ხედვის მისაღებად. გადავწყვიტეთ, გამოგვეყენებინა ეს შესაძლებლობა და ნაცვლად რეკომენდაციებისა, შეგვემუშავებინა ჩვენი ხედვა, როგორ უნდა გავუმკლავდეთ უახლოესი 7 წლის მანძილზე ქვეყნის წინაშე მდგარ ეკონომიკურ გამოწვევებს.  კონცეფციის შემუშავების მთავარი მიზანი იყო, კერძო სექტორის დიდ ნაწილს ხელისუფლებისთვის და საზოგადოების სხვა წრეებისთვის გაეცნო საკუთარი ეკონომიკური ხედვა - რა ამოცანების გადაჭრა მიგვაჩნია აუცილებლად იმისათვის რომ  ქვეყანამ ეკონომიკური განვითარების გარკვეულ ნიშნულს მიაღწიოს 2020 წლისთვის.

აღსანიშნავია, რომ კონცეფციაზე მუშაობაში მრავალი მხარე იყო ჩართული, მასზე მუშაობდა ასოციაციაში სპეციალურად შექმნილი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები და ასოციაციის აღმასრულებელი გუნდი. სამუშაო ჯგუფს თანათავმჯდომარეობას უწევდნენ ბადრი ჯაფარიძე, თი ბი სი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.კონცეფციაზე მუშაობის პროცესში შედგა შეხვედრები მრავალ მხარესთან, მათ შორის მთავრობის თუ საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან -ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ პროცესში. შეხვედრების მიზანი იყო, განგვეხილა ეკონომიკის წინაშე მდგარი მთავარი ამოცანები და გვემსჯელა გადაჭრის გზებზე, მიგვეღო მათი კომენტარი ჩვენს მიერ შემუშავებულ გადაწყვეტილებებზე. გარდა ამისა, კონცეფციაში მოცემული იდეები განხილულია საერთაშორისო ორგანიზაციების, მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან. ამ მრავალმხრივი მსჯელობის შედეგად კონცეფციაში ასახული იდეები შეძლებისდაგვარად დაბალანსებულია.

კონცეფციის მთავარი იდეაა, საქართველოს ეკონომიკა 2014-2020 წლებში გაიზარდოს სწრაფად, საშუალოდ წლიურად მინიმუმ 7%-ით და 2020 წლისთვის მთლიანმა შიდა პროდუქტმა ერთ სულ მოსახლეზე შეადგინოს მინიმუმ 8500 აშშ დოლარი. ბიზნესის ხედვით საქართველო უნდა გადაიქცეს ქვეყანად, რომელიც მიისწრაფის,გახდესრეგიონშიკონკურენტუნარიანი, ექსპორტზეორიენტირებული, თავისუფალიბაზრისპრინციპებზედაფუძნებულიეკონომიკისმქონე, მაღალი ხარისხის განათლების სისტემის და ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანა. კონცეფციის ცენტრალური იდეაა საქართველოს გადაქცევა რეგიონული მიზიდულობის ცენტრად. რეგიონული მიზიდულობის ცენტრის იდეა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ვიცით, საქართველო წარმოადგენს მოცულობით მცირე ბაზარს, შესაბამისად, რთულდება ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესება მხოლოდ საქართველოს გასაღების ბაზრით. თუმცა, თუ საქართველო გახდება რეგიონული მიზიდულობის ცენტრი მათთვის ხელმისაწვდომი გახდება რეგიონის ბაზარი, რომლის მოსახლეობაც 400 მილიონს აჭარბებს.

ცხადია დასახული მიზნის მისაღწევად საჭიროა რიგი ამოცანების გადაჭრა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ გამოყო ხუთი სტრატეგიული ამოცანა, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად, რომლებიც ყველაზე პრიორიტეტულია მოცემული 7 წლის მანძილზე და ასევე, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია არსებული რეალობის, რესურსების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.  ეს ხუთი ამოცანაა: ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, საქართველოს გადაქცევა რეგიონული მიზიდულობის ცენტრად, შრომის სრულფასოვანი ბაზრის ჩამოყალიბება და განვითარება, ინოვაციური პოტენციალის გაუმჯობესება და ინფრასტრუქტურის განვითარება.

თითოეული სტრატეგიული ამოცანა მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, კონკურენციის ზრდის ხელშეწყობა, ნათელი და ცხადი რეგულაციების უზრუნველყოფა, ბიზნეს–დავების გადაჭრის ეფექტური სისტემების ჩამოყალიბება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, საჯარო სამსახურების ეფექტურობის ზრდა, ბიზნესსა და მთავრობას შორის კომუნიკაციის ფორმალიზებული სისტემის შექმნა.

2. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ შემუშავებულ კონცეფციაში ეკონომიკურ მიზნებთან და სტრატეგიულ ამოცანებთან ერთად მოცემულია ეკონომიკური დეკლარაციაც. რას გულისხმობს ეს დეკლარაცია?

ეკონომიკური დეკლარაცია არის კონცეფციის არსებითი ნაწილი. მასში მოცემული დებულებების შესრულება ბიზნესის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ამ პირობების გარეშე უშედეგო იქნება ნებისმიერ ზემოთ ნახსენებ ამოცანაზე მუშაობა. დეკლარაცია არის საზოგადოების წრეების - მთავრობის, კერძო სექტორის - ერთგვარი შეთანხმება იმ პრინციპებზე, (1) რომელთა მიხედვითაც მიიღება ნებისმიერი ეკონომიკური გადაწყვეტილება და (2) რომლებიც განუხრელად იქნება დაცული, მიუხედავად აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო გუნდის პოლიტიკური და ეკონომიკური შეხედულებებისა.მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციის დებულებათა ნაწილი სხვადასხვა კანონშია ასახული, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ მისი რაიმე ფორმით მიღება მხოლოდ წაადგება ბიზნეს გარემოს: ეს ნაბიჯი ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს სტაბილურობის შეგრძნებას გაუჩენს და გაუმყარებს ნდობას ქართული ბიზნესკლიმატის მიმართ. ეს კი უმნიშვნელოვანესია გრძელვადიანი, ზრდისკენ მიმართული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად.  აქვე ჩამოგითვლით ეკონომიკური დეკლარაციის პუნქტებს, რათა მკითხველისთვის მეტად გასაგები იყოს, რაზე ვსაუბრობთ:

ეკონომიკური დეკლარაცია

-    ხელისუფლება უზრუნველყოფს  საკუთრების უფლების განუხრელდაცვას;

-    ხელისუფლებაუზრუნველყოფსკანონის უზენაესობას და სასამართლოსდამოუკიდებლობას;

-    ხელისუფლება ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისას, ინდუსტრიული პოლიტიკის გატარების შემთხვევაშიც, ხელმძღვანელობს თავისუფალი ბაზრის პრინციპებით;

-    ხელისუფლება ისწრაფვის, შექმნას მაქსიმალურად კონკურენტული გარემო, სადაც არსებობს მხოლოდ ბუნებრივი მონოპოლიები;

-    ხელისუფლება ბაზრის ჩავარდნების აღმოფხვრისას ხელმძღვანელობს თავისუფალი საბაზრო პრინციპებით და ორიენტირებულია ამ პროცესში კოორდინატორის როლის შესრულებაზე;

-    ხელისუფლება ხელმძღვანელობს „მცირე მთავრობის პრინციპით“: ეტაპობრივად მიისწრაფვის რეგულაციების აუცილებელ მინიმუმამდე დაყვანისკენ და უარს ამბობს ზედმეტ ბიუროკრატიაზე;

-    ხელისუფლება კერძო სექტორში სახელმწიფო ინვესტიციებს ახორციელებს მხოლოდ: (ა) ბაზრის ჩავარდნის აღმოფხვრის მიზნით; (ბ) ისეთ პროექტებში, რომელთა დაფინანსებაც შეუძლებელია კერძო სექტორის მეშვეობით; (გ) თავისუფალ საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობით; (დ) შეზღუდული ვადით; (ე) ცხადი და წინასწარ დეკლარირებული პირობებით და (ვ) გამოსვლის მკაფიო მექანიზმებით.

-    ხელისუფლების მიერ მიღებული ეკონომიკური გადაწყვეტილებები არის თანმიმდევრული, ხელს უწყობს სტაბილურობას და თანხვედრაშია ხელისუფლების და ბიზნესსექტორის გრძელვადიან გადაწყვეტილებებთან.

-    ხელისუფლება ინარჩუნებს დაბალი გადასახადების პოლიტიკას გრძელვადიან პერსპექტივაში.

-    ხელისუფლება უზრუნველყოფს სტაბილურ, პროგნოზირებად საინვესტიციო პოლიტიკას, საინვესტიციო პირობების უცვლელობას და მიღებული გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობასსაარჩევნოციკლის (დაარჩევნებისშედეგების) მიუხედავად.

-    ხელისუფლება მიმართავს პროგნოზირებად, გამჭვირვალე და სტაბილურ რეგულატორულ პოლიტიკას რეგულაციებს დაქვემდებარებული დარგების მიმართ და უზრუნველყოფს მარეგულირებელი ორგანოების აპოლიტიკურობას და მაღალ კომპეტენტურობას.

-    ხელისუფლება უზრუნველყოფს ბიზნესის თავისუფლებას, მიჯნავს მას პოლიტიკისგან და მიიჩნევს სამუშაო ადგილების შექმნის მთავარ წყაროდ.

3. დაწყებულია თუ არა რაიმე სახის მუშაობა კონცეფციაში მოცემულ საკითხებზე? რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით?

საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების კონცეფცია გათვლილია 7 წელიწადზე და შესაბამისად, მოიცავს მოკლე და საშუალო ვადაში გადასაჭრელ საკითხებს. ამ ეტაპზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ამ საკითხთაგან გამოყო ისეთი ამოცანები, რომელთა გადაჭრაც მნიშვნელოვანია მომდევნო 2 წლის მანძილზე. ვფიქრობთ, ამ საკითხების გადაჭრა არსებით გავლენას იქონიებს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე და შექმნის ეკონომიკური წინსვლისთვის საჭირო პირობებს.

ეს საკითხებია:

•    საგადასახადო და ნაშაულების ნაწილობრივი დეკრიმინალიზაცია და დიფერენციაცია

•    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის რეფორმირება

•    საგადასახადო დავების ეფექტური მექანიზმის შექმნა

•    საგადასახადო შემოწმების მექანიზმის დახვეწა

•    კერძო არბიტრაჟის განვითარება საქართველოში

•    ეკონომიკური დეკლარაციის მიღება ხელისუფლების მიერ

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად მუშაობს თითოეული მიმართულებით.  ამა წლის 18 თებერვალს ასოციაციამ გააფორმა მემორანდუმი სხვა ბიზნეს გაერთიანებებთან, კერძოდ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან, საქართველოს ბანკების ასოციაციასთან, საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოსთან, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციასთან. მემორანდუმის გაფორმებით ყველა ბიზნესგაერთიანებამ გამოხატა ნება, მთავრობასთან და ყველა დაკავშირებულ მხრესთან ითანამშრომლონ შემდეგ საკითხებზე: საგადასახადო დანაშაულების ნაწილობრივი დეკრიმინალიზაცია და დიფერენციაცია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის რეფორმირება, საგადასახადო დავების ეფექტური მექანიზმის შექმნა. საგადასახადო შემოწმების მექანიზმის დახვეწა.

ვფიქრობთ, ამ ოთხი საკითხის გადაჭრა იქნება მორიგი გარდამტეხი ეტაპი საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის და ბიზნეს გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

რაც შეეხება კერძო არბიტრაჟის განვითარებას. მოგეხსენებათ, სამართლებრივი გარემო და დავების გადაჭრის გამართული სისტემა ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორია, როდესაც საქმე ეხება საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებას. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია აუცილებლად, ქვეყანაში განვითარდეს კერძო არბიტრაჟი. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ინტენსიურად მუშაობსსაქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არბიტრაჟთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე. გარდა ამისა, ამა წლის თებერვალში  საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გახდა „დავების განხილვის ცენტრის“ მფლობელი. ამ ნაბიჯით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ხელს შეუწყობს საქართველოში პროფესიულ, ობიექტურ  დავების განხილვის ცენტის განვითარებას, რომელსაც ექნება პოტენციალი, გახდეს რეგიონული მნიშვნელობის არბიტრაჟი. ეს ინიციატივა სრულად შეესაბამება საქართველოს რეგიონული მიზიდულობის ცენტრად გადაქცევის იდეას.  მეტიც, რეგიონული მიზიდულობის ცენტრად გადაქცევისთვის  არსებითია ქვეყანაში ისეთი კერძო არტბიტრაჟის არსებობა, რომლითაც ისარგებლებენ ადგილობრივი, რეგიონის თუ საერთაშორისო კომპანიები.

ამ საკითხების გარდა, ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ ხელისუფლებასთან, რომ რაიმე ფორმით მივიღოთ ეკონომიკური დეკლარაცია, რომელზეც ზემოთ ვრცლად ვისაუბრეთ. რეალურად, ხელისუფლების და კერძო სექტორის ხედვა ამ დებულებებზე ერთმანეთს ემთხვევა და ვიმედოვნებთ ეს თანხვედრა დეკლარაციის მიღებაშიცგამოიხატება. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ დეკლარაციაში მოცემული ზოგიერთი პუნქტი ასახულია კანონებში. თუმცა,ვფიქრობთ, ამან არ უნდა დააბრკოლოს ხელისუფლება დეკლარაციის მიღებაში - ამ ნაბიჯითხელისუფლება მკაფიოდ, საჯაროდ განაცხადებს, რომ ეკონომიკურ, ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს დეკლარაციის 12 პრინციპის დაცვით.

4. საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროექტი. არის თუ არა ბიზნესის და მთავრობის ეკონომიკური ხედვა თანხვედრაში?

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს ეკონომიკურ-სოციალური განვითარების სტრატეგია, საქართველო 2020“,  გარკვეულწილად, ასახავს ბიზნესასოციაციის ხედვას, მაგალითად, მთავრობა, ასოციაციის მსგავსად, პრიორიტეტად აცხადებს საქართველოს გადაქცევას რეგიონული მიზიდულობის ცენტრად.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ შეისწავლა წარმოდგენილი პროექტი და მიაწოდა მთავრობას საკუთარი კომენტარები. მთავრობის მიერ წარმოდგენილი სტრატეგია წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას. ვფიქრობთ, აუცილებელია წამყვანი ამოცანა იყოს ეკონომიკური განვითარება და სოციალური განვითარების სტრატეგია თანხვედრაში მოდიოდეს ეკონომიკურ ხედვასთან. ამასთან, მოგეხსენებათ, საგადასახადო გარემო დიდ, თუ არა ყველაზე დიდ, გავლენას ახდენს ბიზნესგარემოსა და მეწარმეობის განვითარებაზე. მთავრობის მიერ შემოთავაზებულ პროექტში საგადასახადო პოლიტიკაში განსახორციელებელი მთავარი ცვლილებები საკმაოდ ზოგადად არის მოცემული. ვიმედოვნებთ, საბოლოო დოკუმენტში უფრო მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული მთავრობის ხედვა, როგორ უნდა გაუმჯობესდეს საგადასახადო გარემო, როგორც ადმინისტრირების, ისე თავად გადასახადების პოლიტიკის კუთხით.

უმთავრესია, რომ მთავრობის მიერ შემუშავებულ სტრატეგიით მივიღოთ ცხადად ჩამოყალიბებული ეკონომიკური ხედვა, მკაფიო ამოცანები, რომელთა შესრულება არამხოლოდ სასურველია, არამედ შესაძლებელიც.

R