ნომენკლატურული ბიზნესი - კვირის პალიტრა

ნომენკლატურული ბიზნესი

ნებისმიერი პროდუქტის წარმოებას, დაგეგმილის გარდა, გაუთვალისწინებელი ხარჯებიც ახლავს და უდანაკარგო წარმოებაც ძნელი წარმოსადგენია. ასეა მაგალითად, ღვინის, ლუდის, მინერალური წყლისა თუ ლიმონათის ჩამოსხმისას. მინის ბოთლი ტყდება, სითხე იღვრება, ორთქლდება და ეს საბოლოოდ პროდუქციის რაოდენობას აკლდება.

დანაკარგები აქვს სხვა ბიზნესსაც - კვების მრეწველობას, მეტალურგიას და სხვ. საგადასახადო ორგანოები ამ გაუთვალისწინებელ დანაკარგებს წარმოებას მზა პროდუქციად უთვლიან, ანუ დანაკარგს რეალიზებულად ანგარიშობენ, გადასახადს აკისრებენ და ჩვეულებრივად ბეგრავენ.

ზედმეტად დარიცხული გადასახადისგან გათავისუფლებას მეწარმეები დიდი ხანია ითხოვენ, მაგრამ მთავრობამ ეს ჯერ მხოლოდ გაზისა და ნავთობის კომპანიებისთვის გააკეთა და მათ 1-ელი იანვრიდან ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული კოეფიციენტის შემცირებაა გადაწყვეტილი. თუმცა, როგორც გავარკვიეთ, მისი ოდენობა ჯერ არ არის დადგენილი. ამ სფეროში მომუშავე კომპანიები ამბობენ, რომ ბუნებრივი დანაკარგის კოეფიციენტის შემცირება დიდი შეღავათია.

შავლეგ მიშველაძე (კომპანია "ლუკოილის" დირექტორი): "კარგია, რომ კომპანიის არარსებული შემოსავლის ნაცვლად, რეალური შემოსავალი დაიბეგრება. ბუნებრივი დანაკარგები ჩვენს სფეროში განსაკუთრებით მაღალია. ნავთობი ორთქლება ტრანსპორტირების, ტანკერზე ჩატვირთვის, ავზებში გადატვირთვისა თუ მილებში შეშვების დროს. ეს დანაკარგი კი მაინც შემოსავალში უნდა გვეჩვენებინა და გადასახადის გადახდაც გვიწევდა. დროულია, რომ მთავრობამ დანაკარგის კოეფიციენტი შეამცირა და ის რეალურთან მიახლოებულ მაჩვენებელზე დაიყვანა".

სხვა ბიზნესსფეროების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი ნავთობისა და გაზის კომპანიებთან შედარებით დაიჩაგრნენ, რადგან უშედეგოდ ითხოვენ, გადასახადი არ გადაახდევინონ ღვინისა და არყიდან აორთქლებულ ალკოჰოლზე, ნავთობზე, ჰაერში გაფანტულ აირზე, გატეხილ ბოთლსა თუ გაფუჭებულ აქციზურ მარკაზე. პრობლემა ისაა, რომ ვერ მოხერხდა დანაკარგის ზღვრული ნორმის დადგენა. როგორც მეწარმეები ამბობენ, საწარმოო დანაკარგების ბერკეტს მაკონტროლებლები მათი რეკეტისთვის იყენებენ.

გოგი თოფაძე (კომპანია "ყაზბეგის" დამფუძნებელი): "ტექნიკური და კომერციული, პლუს ბუნებრივი დანაკარგი ნავთობს თუ აქვს, ლუდის, ლიმონათის, ღვინის წარმოებისთვისაც ხომ არსებობს? საქმე ისაა, რომ სადაც სახელისუფლებო, ნომენკლატურულ ბიზნესს აქვს ინტერესი, შეღავათიც მათ გაუკეთეს. რაც საგასახადო "ყაზბეგის" ქარხნის შემოწმებას განაგრძნობს, 128 მილიონი ბოთლი ლუდი და ლიმონათი ჩამოვასხით. შეიძლებოდა, არც ერთი ბოთლი არ გამტყდარიყო? ერთი აქციზური მარკა მაინც არ დაჭმუჭნილიყო და გაფუჭებულიყო?

ამ საწარმოო დანაკარგებზე დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაგვაკისრეს. იმ 400 ათასი ლარის ჯარიმასთან ერთად, რაც თანამშრომლების უფასო კვების, მაღაზიებში ჩვენი განთავსებული საფირმო მაცივრებისთვის დაგვაკისრეს, თანხა 7 მილიონ ლარამდე ავიდა. გატეხილი ბოთლი არამცთუ ჩამოწერეს, მზა პროდუქციად ჩაწერეს და დღგ, საშემოსავლო გადასახადი დაარიცხეს. მიმაჩნია, რომ ეს თანხა უსამართლოდ დამაკისრეს, ამიტომ მის გადახდას არ ვაპირებ. ჯერ ამ თანხაზე დავების საბჭოში ვიდავებ, შემდეგ კი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში. მთავრობას ჯერ კიდევ წლების წინ ვთხოვდით დანაკარგის ზღვრული ნორმის დადგენას. ამ ნორმების განსაზღვრისთვის რამდენიმე წლის წინ უცხოელი სპეციალისტები ჩამოვიყვანეთ. მათ სხვადასხვა წარმოებაში იმუშავეს და დაადგინეს, რომ საწარმოო დანაკარგის მაჩვენებელი 2%-ია. საბოლოოდ მთავრობამ თქვა, რომ ნორმას ყველა წარმოებაში ერთდროულად ვერ შეიმუშავებდნენ, ამიტომ ძველი საბჭოთა სტანდარტებით, ე.წ. გოსტით უნდა ეხელმძღვანელათ. ეს სამუშაო სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა განეხორციელებინა, მაგრამ ვერ შეასრულა".

საწარმოო დანაკარგების გამო ზესატაფონის "ფეროს" უკვე თვეებია, საგადასახადოსთან 10 მილიონ ლარზე დავა აქვს. ფეროშენადნობი ღუმელებში 3 ათას გრადუსზე დნება, ამის გამო ნედლეულის დაახლოებით 33% წიდის, ორთქლისა და სხვა სახით ჰაერში იკარგება. "ფეროსაც" დანაკარგები ძველი საბჭოთა ნორმატივებით უანგარიშეს და სრულად დაბეგრეს. დარიცხულმა თანხამ 10 მილიონი ლარი შეადგინა. პირველ ინსტანციაში დავა საწარმომ წააგო და ახლა მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა.

საწარმოო დანაკარგების პრობლემა "მინისა და მინერალური წყლების კომპანიასაც" უდგას და მის გამოქვითვას გადასახადებიდან დიდი ხანია ითხოვს. "ბორჯომის" გარდა, საწარმოო დანაკარგებს დანაკლისად უთვლიან და უბეგრავენ "კოკა-კოლას", "პეპსის", ღვინისა და არყის მწარმოებელ კომპანიებს. როგორც ღვინის კომპანიებში ამბობენ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათ ისევ ძველი ნორმები დაუტოვეს.

დავით ლომჯარია (კომპანია "პეპსის" გენერალური დირექტორი): "ჩვენთან არც ერთი წარმოება არ არის უდანაკარგო. იდეალურ პირობებში არ ვმუშაობთ, ევროპული სტანდარტის წარმოება არ გვაქვს. ხან დენი ითიშება, ხან წყალი წყდება, ნედლეულიც ამ დროს იკარგება. არავითარი კოეფიციენტი ჩვენთვის არ არსებობს. დანაკარგსაც დღგ-ით ბეგრავენ. არადა, საწარმოო ციკლიდან დაახლოებით 3-5% დანაკარგებზე მიდის. ბიზნესმენთა ფედერაციაში დავსვით ეს საკითხი, ფინანსთა მინისტრი მოიწვიეს და შეგვპირდნენ, რომ ჩვენს მოთხოვნას გაითვალისწინებენ".

ჯუმბერ ბატიაშვილი (ღვინის კომპანია "შუმის" ხელმძღვანელი): "როცა წარმოებაში შემმოწმებელი მოდის, არ ითვალისწინებს, რომ ბოთლი გატყდა ან ღვინო დაიღვარა, ითვლება, რომ პროდუქცია გავყიდე. ეს არასწორია. თუ ნორმას შეამცირებენ, დიდს არა, მაგრამ შეღავათს ვიგრძნობს. გაცილებით მეტ ფინანსურ შეღავათს კი დიდი წარმოებები იგრძნობენ".

გიორგი მარგველაშვილი (კომპანია "თბილღვინოს" პრეზიდენტი): "რადგან საწარმოო დანაკარგებზე ეროვნული ნორმები არ არის დადგენილი, გვითითებენ, რომ საბჭოური ნორმებით ვიხელმძღვანელოთ, რომელიც ნაკლებ შეღავათს იძლევა. არადა, ღვინის ტრსანსპორტირების, რელიზაციის, შენახვის დროს დანაკარგები გვაქვს. გვითხრეს, რომ ეროვნული ნორმების დადგენის პროცესი დაწყებულია და ველოდებით".

გიორგი ისაკაძე (ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი): "ამ საკითხზე ვიმსჯელეთ და გადაწყდა, ყველა კომპანიამ თავის მაპროფილებელ სამინისტროს მიმართოს და ერთობლივად იმუშაონ. ცალკეულმა კომპანიებმა მუშაობა დაიწყეს. ბოლომდე მიყოლას ჩვენც ვაპირებთ, რადგან წარმოებისთვის ეს საკმაოდ სერიოზული საკითხია".

მთავრობაში აცხადებენ, რომ ბუნებრივი დანაკარგების შემდეგ ჯერი საწარმოო დანაკარგებზეც მიდგება. მთავრობაში ირწმუნებიან, რომ სპეციალური კომისიაც შექმნეს, რომელმაც ცალკეულ სფეროში არსებული სიტუაცია უნდა შეისწავლოს და დანაკარგის ზღვრული ნორმები განსაზღვროს.

დანაკარგები გარდაუვალია

- ნავთობკომპანიებისთვის ტექნიკური დანაკარგის ნორმა სხვადასხვა ქვეყანაში 0-დან 1%-მდე მერყეობს, დიზელზე - 0,4-0,5%-მდე.

- თბილისში მოქმედი გაზის სადისტრიბუციო კომპანიებისთვის ტექნიკური დანაკარგის ზღვრული ოდენობა მოხმარებული გაზის 9%-ია, რეგიონებში კომპანიებისთვის 5%, მაგისტრალური გაზსადენისთვის 5,07%.

- მომხმარებლის მიერ დატაცებული გაზი ითვლება კომერციულ დანაკარგად და საგადასახადო მასზე კომპანიას გადასახადს არ არიცხავს.

- ღვინის საწარმოო დანაკარგებს საგადასახადო არ ითვალისწინებს და მთლიანად ბეგრავს.

- 1985 წლის ე.წ. გოსტის სტანდარტით, დანაკარგი ცისტერნიდან ცისტერნაში ღვინის გადატანაზე 0,7%-ია, პასტერიზაციის, თბოდამუშავების დროს - 0,48%, კასრში ერთი წლის განმავლობაში 20 გრადუს ტემპერატურაზე შენახვის დროს კი 0,4%-ის ფარგლებშია.

ნონა ქვლივიძე