ბიზნესწილი ნაყარია - კვირის პალიტრა

ბიზნესწილი ნაყარია

კომპანიებმა მფლობელთა წილების ცვლილებების შესახებ ინფორმაცია უნდა წარადგინონ

მეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის ფუნქცია საგადასახადო სამსახურიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოზე გადავიდა. უკვე რეგისტრირებულ შპს-ებსა და სააქციო საზოგადოებებს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვეს. პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა დაევალება 2008 წლის 10 მაისის შემდეგ რეგისტრირებულ შპს-ებს, აგრეთვე, 2008 წლის 10 მაისამდე რეგისტრირებულ იმ სამეწარმეო სამართლის სუბიექტებს, რომელთა რეგისტრაციის შემდგომ პარტნიორების წილობრივი მონაწილეობა შეიცვალა და ეს ცვლილება საგადასახადო ორგანოში არ დარეგისტრირებულა.

დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება არ დაკისრებიათ იმ შპს-ებს, სადაც პარტნიორთა წილები უკვე რეგისტრირებულია დამოუკიდებელ რეგისტრატორებთან. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეს მოთხოვნა მეწარმეთა ნაწილმა საწარმოს ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულებად მიიჩნია.

ვლადიმერ მამალაძე (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი): "არანაირ ხელახალ რეგისტრაციაზე საუბარი არ არის. უბრალოდ, ფინანსთა სამინისტროდან მეწარმე სუბიექტების რეესტრის ფუნქცია გადმოვიდა იუსტიციის სამინისტროზე. რადგან ახალ სამეწარმეო რეესტრში გვექნება ინფორმაცია კომპანიების საწესდებო კაპიტალისა და მათში წილობრივი მონაწილეობის შესახებ, შეიქმნა არსებული ბაზის ახალი ინფორმაციით შევსების აუცილებლობაც. მოგეხსენებათ, ფინანსთა სამინისტრო, საგადასახადო და შემოსავლების სამსახური ამას არ აღნუსხავდა, ახლა ეს ფუნქცია კანონმდებლობით დაგვემატა. შესაბამისად, დავამატეთ მოთხოვნა, რომ კომპანიამ, რომელიც დამოუკიდებელ რეგისტრატორებთან არ იყო რეგისტრირებული, უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია წილობრივი მონაწილეობის შესახებ. ეს ხელახალი რეგისტრაცია არ არის. მათ უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია კომპანიის საწესდებო კაპიტალში წილობრივი ცვლილების შესახებ. რეგისტრირებული როგორც იყო, მონაცემთა ბაზაში იმ ფორმით შევლენ, ოღონდ იქნება დამატებითი ინფორმაციაც წილების მფლობელთა შესახებ.

- დავუშვათ, კომპანია არც საგადასახადო ორგანოშია რეგისტრირებული და არც დამოუკიდებელ რეგისტრატორთან, არამედ სასამართლოში, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა, ხოლო მის საწესდებო კაპიტალში ცვლილება არ მომხდარა. მაინც უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საჯარო რეესტრს?

- ასეთ შემთხვევაში შპს-მ ან სააქციო საზოგადოებამ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, რომ მის საწესდებო კაპიტალში ცვლილება არ მომხდარა. მათსავე ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ საზოგადოება ზუსტ ინფორმაციას ფლობდეს კომპანიებში წილობრივი მონაწილეობის შესახებ. ეს ინფორმაცია ხომ საჯაროა.

დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვადა კომპანიებისთვის დადგენილი იყო 2010 წლის 1-ელ იანვრამდე. ვადის ამოწურვის შემთხვევაში რამე საურავი, ჯარიმა და ზოგადად სანქცია კომპანიებს არ დაეკისრებათ, თუმცა ვალდებულება კანონით დადგენილია. კომპანიები საკმაოდ აქტიურობენ და ვადის ამოწურვის მიუხედავად, საჯარო რეესტრში დამატებითი ინფორმაციის მიღება გრძელდება.

ეკა ქავთარაძე