როგორ დასრულდა საშემოდგომო ხვნა-თესვა - კვირის პალიტრა

როგორ დასრულდა საშემოდგომო ხვნა-თესვა

შარშან საქართველოში ხორბლის მცირე მოსავალი მოვიდა. ზოგან გვალვამ გააფუჭა ნათესები, ზოგან კი სეტყვამ და უხვმა ნალექმა. არადა, ბარაქიან მოსავალს ველოდით, რადგან შარშან, წინა წელთან შედარებით მეტი სავარგულის ათვისება მოხერხდა.

რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში "სასოფლო-სამეურნეო რისკების შემცირების პროგრამა" ხორციელდებოდა. გაზაფხულზე ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით გორის, კასპისა და ქარელის რაიონებში 12 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი დამუშავდა, სადაც პირველი რეპროდუქციისა და ISO სერტიფიკატის ხორბალი დაითესა. შარშან შემოდგომაზე კი გლეხებს უკვე საკუთარი ხარჯით მოუხდათ სავარგულების დამუშავება. ზოგმა შეძლო საშემოდგომო სამუშაოების ჩატარება, ზოგმა მიწა უფულობის, ზოგმაც ტექნიკის უქონლობის გამო "დაასვენა".

ზაქარია მაზმიშვილი (ფერმერი შიდა ქართლიდან): "სასოფლო-სამურნეო რისკების შემცირების პროგრამა" 2009 წლის შემოდგომაზეც გაგრძელდა. გორის რაიონის იმ სოფლებში, სადაც განაღმვითი სამუშაოების გამო ადრე სავარგულების დამუშავება ვერ მოხერხდა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, 2750 ჰექტარი მიწა გასულ შემოდგომაზე დამუშავდა და მოსახლეობას ხორბალი დაუთესეს. ეს იყო ნიქოზის, შინდისის, ვარიანის, ტირძნისისა და დიცის საკრებულოებში. მათ, ვინც შარშან უკვე იყვნენ პროგრამაში ჩართული და მოსავალიც მიიღეს, ნაწილი გაყიდეს, ნაწილი კი ისევ სათესლედ გამოიყენეს. შემიძლია გითხრათ, რომ იმ გლეხებიდან, ვინც ამ პროგრამაში მოხვდა, 80%-მა სავარგულებზე ისევ დათესა ხორბალი. პროგრამის ფარგლებში ზოგს სიმინდიც დაუთესეს. სიმინდს სხვა მარცვლეულ კულტურებთან შედარებით გვიან იღებენ, ამიტომ, ვისაც სავარგულზე სიმინდი ეთესა, ის ალბათ საგაზაფხულოდ ქერს დათესავს.

გორის რაიონში შარშან 12 ათას ჰექტარზე იყო მარცვლეულის ნათესები, ახლა დაახლოებით 8-9 ათასი ჰექტარი უკვე ათვისებულია. საგაზაფხულოდ, მიწის დამუშავება და თესვა კიდევ გაგრძელდება და ათვისებული სავარგულები შარშანდელ მაჩვენებელს ალბათ გაუტოლდება. ე.წ. პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში, გორის რაიონს სულ 15 ტრაქტორი გადაეცა. ამხელა რაიონისთვის ეს ტექნიკა საკმარისი არ არის, თუმცა მაინც შეღავათია. თითქმის ნახევარ ფასად აკეთებენ იმ საქმეს, რასაც სხვა ტრაქტორისტებს ვუხდიდით. ხორბლის მოყვანა ხარჯიანი საქმეა. ერთ ჰექტარზე ამ მარცვლეულის მოყვანა გლეხს დაახლოებით 1000 ლარი უჯდება".

ენრი კობახიძე (ფერმერი თელავის რაიონიდან): "2008 წლის შემოდგომაზე საწვავი დაახლოებით 40 თეთრით იაფი ღირდა, ვიდრე ამ ბოლო თვეებში, როცა სოფლად საშემოდგომო ხვნა-თესვა იყო გაჩაღებული. საწვავის სიძვირემ პირდაპირ იმოქმედა საშემოდგომო ნათესების მოცულობაზე. როცა გლეხი მიწას ამუშავებს, მისთვის მთავარი მექნიზაცია და საწვავია. სწორედ ეს ორი გარემოება განსაზღვრავს შემდეგ ხორბლის გასაყიდ ფასს. სხვათა შორის, შარშან ხორბალიც უფრო იაფი ღირდა, ვიდრე ახლა. ერთი მხრივ, შესაძლოა მოსახლეობისთვის, მყიდველისთვის ეს კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, ვისაც მარცვლეული კულტურა მოჰყავს, მისთვის დაბალი ფასი მოსავლის მოყვანას აზრს უკარგავს. რაც გიჯდება, ფაქტობრივად, იმას იღებ. გლეხს სათესლე ხორბლის ყიდვის თავიც არ აქვს და იმას თესავს, რასაც აიღებს. ეს მცირე მოსავალს განაპირობებს. გაიზარდა სასუქის ფასიც. ყველას არ ჰქონდა შესაძლებლობა, საშემოდგომო სამუშაოები ჩაეტარებინა. ყოველდღე ფშავიდან თელავამდე და უკან დავდივარ და რასაც ვხედავ, ის არის, რომ ფართობების დაახლოებით 50%-ზე ცოტა მეტი თუ იქნება დამუშავებული.

გაზაფხულზე კახეთში სიმინდი, მზესუმზირა და შვრია ითესება და თუ ხელისუფლება საგაზაფხულოდ მაინც რამე დახმარებას გაუწევს კახელ გლეხებს, ცუდი არ იქნება. გლეხს მიწის დამუშავება იმის გამოც უჭირს, რომ ტექნიკა არასაკმარისია. ყველა კულტურას თავისი აგროვადა აქვს. აქ სამ სოფელზე ე.წ. ორი საპრეზიდენტო ტრაქტორი მოდის. ამიტომ, ხორბალი თუ ოქტომბერში უნდა ითესებოდეს, დაგვიანების გამო ზოგი დეკემბერში თესავს. ეს კი მოსავლიანობას ამცირებს. თუმცა წინა წლებთან შედარებით, როცა მოსახლეობას საერთოდ არ ჰქონდა ტექნიკა, მაინც უკეთესი მდგომარეობაა, რაღაცას მაინც ახერხებს ხალხი".

გედევან გოზალიშვილი (ფერმერი ახალციხის რაიონიდან): "ახალციხეში შექმნილია სოფლის მეურნეობის მომსახურების სერვისცენტრი, რომელსაც ტრაქტორები ჰყავს. ისინი დაგვეხმარნენ საშემოდგომო ხვნაში. მიწების დაახლოებით 70% მოხნულია. 2008 წელს უფრო ცუდი მდგომარეობა გვქონდა, იმავე პერიოდში ფართობების 30% თუ იქნებოდა მოხნული. რაც დასამუშავებელი დაგვრჩა, იმის 20% ალბათ გაზაფხულზე მოიხვნება, მაგრამ არ გვგონია, რომ სავარგულები 100%-ით იქნება ათვისებული. ზოგი მცირემოსავლიანი ნაკვეთია, სადაც მოსავლის მოყვანას ფინანსური სარგებელი არ მოაქვს. მიწის დამუშავება მთლიანად მოსახლეობის ხარჯებით ხდება. ახალციხის მუნიციპალიტეტში სულ ხუთი ასეთი ტრაქტორია და თითქმის ყველანაირი აგრეგატი აქვთ, ზოგი იტალიური, ირანული და იაპონური წარმოებისაა. სხვათა შორის, გაცილებით ხარისხიანად დახნეს ყანები, ვიდრე წინა წლებში იხვნებოდა და ხალხიც კმაყოფილია - ფასებითაც და მომსახურების ხარისხითაც. ერთი ჰექტარის დამუშავება მანამდე 200 ლარი გვიჯდებოდა, ახლა კი ამ ტრაქტორებმა ჰექტარზე 130 ლარი გამოგვართვეს. ვისაც საშუალება ჰქონდა, მიწა ყველამ მოხნა. ერთი ეგ არის, "გამგეობის ტრაქტორი" ნისიად არ მუშაობს, ადგილობრივი ტრაქტორისტები კი ხალხს ამ შეღავათს უწევდნენ. ვისაც საჭირო დროს ფული არ ჰქონდა, მიწა დაუთესავი დარჩა. ახალციხეში მარცვლეული კულტურები სავარგულების მხოლოდ 10%-ზე დაითესა, დანარჩენი კი ბოსტნეული კულტურებისთვის მომზადდა. აქ მეტწილად კარტოფილი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ჭარხალი და სტაფილო მოგვყავს".

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ აგროტექნიკური სერვისცენტრები კიდევ გაიხსნება. ისე კი დაპირება - "ტრაქტორი ყველა სოფელს", პრეზიდენტმა ხალხს ჯერ კიდევ პირველ ინაუგურაციაზე მისცა.

* * *

- 2009 წლის შემოდგომით ქვეყანაში დაითესა 71 ათასი ჰექტარი ხორბალი, რაც წინა წელზე 10 ათასი ჰექტრით მეტია.

- საშემოდგომო ქერი დაითესა 15 ათას ჰექტარზე (2008 წლის მონაცემზე მეტია 2 ათასი ჰექტარით).

- 2008 წელს ხორბალი დაითესა 48,6 ათას ჰექტარზე, მიიღეს 80 ათასი ტონა, თვითუზრუნველყოფა დაახლოებით 12% იყო.