კინოსპონსორებს წილშიც ჩასვამენ - კვირის პალიტრა

კინოსპონსორებს წილშიც ჩასვამენ

საქართველოს პირობებში, დაახლოებით 150 ათას დოლარიანი ბიუჯეტის ფილმების წარმოება რენტაბელურია

ფინანსური კრიზისია, თუმცა თბილისის კინოთეატრებში არც ქართული ფილმების სიმცირე იგრძნობა და არც მისი ერთგული მაყურებლების. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ყოველწლიურად ფილმების რაოდენობა, სულ მცირე, 10-ით იზრდება. წარმოებაში ჩაშვებულმა პროდუქციამ კი შარშან 70-საც გაააჭარბა. "ეს ციფრი საბოლოო არ არის, რადგან კატალოგში შესაძლოა ვერ მოხვედრილიყო ზოგიერთი კერძო სტუდიის პროდუქცია, აგრეთვე უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივად გადაღებული კინოსურათები", -აცხადებენ კინოცენტრში.

საერთო უსახსრობის ფონზე კინოინდუსტრიის აღმავლობა გაზრდილმა სამთავრობო დაფინანსებამ განაპირობა (წლეულს ბიუჯეტმა 7 მილიონი ლარი შეადგინა). არანაკლები წვლილი შეიტანა თავად მაყურებლის მომეტებულმა ინტერესმაც.

"საქართველოს პირობებში ფილმი წარმატებულია, თუ დასწრება 50 ათას მაყურებელს აღწევს. შესაძლოა ეს ერთი შეხედვით ცოტა მოგეჩვენოთ, მაგრამ პროცენტულად რომ გადავიანგარიშოთ, ევროპასთან შედარებით 10-ჯერ მაღალი მაჩვენებელია", -აცხადებს კინოთეატრ "რუსთაველის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ჩიკვაიძე. მისი თქმით, ქართველ მაყურებელს იმდენად მოენატრა ადგილობრივი კინოპროდუქცია, რომ საშუალო ბიუჯეტის ფილმი დაახლოებით იმავე რაოდენობის პუბლიკას აგროვებს, რამდენსაც კარგად გაპიარებული და სპეცეფექტებით დახუნძლული, ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების სურათები ჰოლივუდიდან. განსაკუთრებულ პრეტენზიებს მწარმოებლებს არც მდარე ხარისხისა თუ შინაარსისთვის უყენებენ. მაგალითად, შარშან ბესტსელერად იქცა საახალწლო ფილმი "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", წლეულს კი რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლის ეკრანიზაცია -"ყველაფერი კარგად იქნება".

"ჩვენ ავირჩიეთ ასეთი სტრატეგია, რომ ადამიანები, რომლებიც უამრავი ყოველდღიური პრობლემით არიან დატვირთული, 2-3 საათის განმავლობაში მაქსიმალურად განიტვირთონ და გაერთონ. ზოგი შიშველი ქალით დაინტერესდა, ზოგი არსებული ყოფის გაშარჟებით, ზოგიც ინდოეთის ხედებით", -ამბობს ირაკლი ჩიკვაიძე, რომელიც იმავდროულად ფილმის პროდიუსერიცაა. 130 ათასი დოლარის ღირებულების კინოსურათმა ორჯერ მეტი შემოსავალი მოიტანა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ფილმის სპონსორობა "აირზენას", "ნატახტარისა" და "სარაჯიშვილისთვის" სარფიანი გამოდგა. არაპირდაპირი რეკლამა მაყურებელს ნაკლებად აღიზიანებს, უფრო მეტიც, კეთილგანწყობითაც აღიქმება. თუმცა, კრიზისის ფონზე, ახალი ფილმის -"მიეცი ნასოსის" დასაფინანსებლად კომპანიების დათანხმება მაინც გაუჭირდათ.

"სპონსორებთან თანამშრომლობის ახალ მოდელზე ვმუშაობთ. მათი პროდუქციის რეკლამირების გარდა, საუბარია შემოსავლიდან განსაზღვრული წილის გადაცემის შესახებ", -აცხადებს ჩიკვაიძე.

როგორც პროდიუსერი მიიჩნევს, საქართველოს პირობებში რენტაბელური სწორედ მცირებიუჯეტიანი – დაახლოებით 150 ათას დოლარიანი ბიუჯეტის ფილმების წარმოებაა. ამ არგუმენტს "სანგუკოს" "მედიატორის" მაგალითიც ამყარებს. ფილმმა, რომელიც მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა, დახარჯული თანხის მხოლოდ მესამედი ამოიღო. არსებული ვითარების ფონზე ცოტა უცნაურად ჩანს კიდევ ერთი მილიონიანი პროექტის -"სეზონის" დაწყება. ფილმი სტუდია "მეტროფილმის" პირველი კინოპროდუქციაა, ეს ჯგუფი აქამდე მხოლოდ სარეკლამო რგოლებს იღებდა. "ვიცით, რომ ეს ძალიან დიდი თანხაა, მაგრამ მის ამოგებას საქართველოს კინოთეატრებში არ ვგეგმავთ. ორიენტაცია უცხოეთზე კეთდება. ეს არის პირველ რიგში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, განსაკუთრებით, უკრაინა და ბალტიისპირეთი. იმედი გვაქვს, წარმატებას აშშ-ის კინობაზარზეც მივაღწევთ", -აცხადებს ფილმის პროდიუსერი თეზო გობეჩია.

როგორც "სეზონის" რეჟისორი დათო ბორჩხაძე მიიჩნევს, უცხოელების გულის მოსაგებად, პირველ რიგში, თანამედროვე ტექნიკური სტანდარტების დაკმაყოფილებაზე იზრუნეს, განსაკუთრებული ადგილი კომპიუტერულ გრაფიკას დაუთმეს, თუმცა კინოსურათის მთავარი ხიბლი მაინც მისი ორიგინალური სიუჟეტია.

"ყველაზე მოულოდნელი ფილმის დასასრულია. სისხლიც არის, სროლაც, არის ქალაქის ნგრევა, ცოტა ეროტიკა და ცოტა სადიზმი... თითქმის ყველაფერი გვაქვს, რასაც ჰოლივუდი იყენებს მაყურებლის მისაზიდად", -აცხადებს დავით ბორჩხაძე.

რამდენად შეძლებს ახალგაზრდა გუნდი, რომლის საშუალო ასაკი 25 წელს არ სცილდება, უცხოეთის ბაზარზე გასვლას, ამის განჭვრეტა რთულია. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიო კინოინდუსტრიის 90% ჰოლივუდის პროდუქციას უკავია, დარჩენილ 10%-ში ადგილის მოსაპოვებლად კი "სეზონს" საყოველთაოდ აღიარებულ იტალიურ, ფრანგულ და სხვა ქვეყნების კინოპროდუქციასთან მოუწევს "ბრძოლა".

მაღალბიუჯეტიანი ფილმების გადაღებას კომპანია "სლაიდიც" გეგმავს. კომპანიამ ჯერჯერობით ერთი კინოსურათი "გოგონა სლაიდიდან" გადაიღო, რომლის ბიუჯეტმა ნახევარი მილიონი ლარი შეადგინა. შემოსავლებზე ლაპარაკს რეჟისორი ჯერჯერობით ნაადრევად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ რეკლამებით დატვირთული პროექტი კომერციული გამოდგა.

გიგა აგლაძე (რეჟისორი): "ეს ფილმი ძირითადად, ქართულ ბაზარზეა გათვლილი და მთლიანად ადგილობრივი ფინანსებით არის შექმნილი. თუმც კი ფინანსური კრიზისის ფონზე, სპონსორების მოიძიება ცოტა გართულდა. კომპანია წარმოებაში კიდევ ორი პროდუქტის გაშვებას გეგმავს. ერთი მათგანი ზღაპარია, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში აღარ გადაუღიათ. გაცილებით მასშტაბურია მეორე პროექტი, რომლის ბიუჯეტი რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. პროექტი საბოლოო სახეს თებერვლისთვის მიიღებს. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ეს ფსიქოლოგიური დრამაა, სრულმეტრაჟიანი. განკუთვნილი იქნება როგორც ქართული, ასევე უცხოელი მაყურებლისთვისაც. შესაბამისად, დაგეგმილი გვაქვს მისი წარდგენა სხვადასხვა ფესტივალზე. საჭირო სახსრების მობილიზებას ნაწილობრივ საკუთარი ბიუჯეტიდან, ნაწილობრივ კი ჩვენი პარტნიორი პოლონური კომპანიისგან ვაპირებთ".

კომპანიამ ფილმის დაფინანსებაზე განაცხადი ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსშიც შეიტანა, თუმცა ეს თანხა მცირეა და 250 ათას ლარს არ აღემატება.

ბელა ნოზაძე