ჩემი ფული - ჩემთან...
07-04-2014
ჩემი ფული - ჩემთან...
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების მოთხოვნა ზვავისებურად დაიწყო

"მოქალაქეს უფლება აქვს, 2013 წელს დარიცხული ხელფასის თაობაზე დეკლარაცია 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით შეავსოს"


დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის 1-ლი აპრილიდან მთავრობამ დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება დაიწყო. თანხა უბრუნდება იმ პირებს, რომელთა 2013 წელს მიღებული დასაბეგრი ხელფასი 6 ათას ლარს არ აღემატებოდა. ოთხ დღეში დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად მოქალაქეებმა 220 ათასი დეკლარაცია შეავსეს და 30 მილიონი ლარიც უკვე მიიღეს. სულ სახელმწიფოსგან 600 ათასამდე კაცი დაახლოებით 160 მილიონ ლარს მიიღებს.

ხატია მოისწრაფიშვილი, შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: "შემოსავლების სამსახურში უკვე რეგისტრირებულია 220 ათასი დეკლარაცია, აქედან 1/3-ს დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში გათვალისწინებული თანხა უკვე ჩაერიცხა. ამ დეკლარაციებიდან 60 ათასი მოქალაქეებმა საბანკო დაწესებულებებში შეავსეს. წამში დაახლოებით ორი დეკლარაცია ივსება. ველოდებოდით, რომ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ვიზიტიორთა აქტივობა პირველივე
დღეებში მაღალი იქნებოდა და სისტემა ამ გამოწვევისთვის მზად აღმოჩნდა. საიტმა ხარვეზების გარეშე იმუშავა და ამ დღეებში არც ერთი შეფერხება არ აღრიცხულა.

- როგორ უნდა შეავსონ განაცხადი იმ პირებმა, ვისაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ?
- ყველა რაიონში არის ჩვენი სერვისცენტრი, აგრეთვე, საბანკო დაწესებულებების ფილიალები. მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ და იქ მათ დეკლარაციის შევსებაშიც დაეხმარებიან.

- იყო შემთხვევები, როცა მოქალაქეებმა მიმართეს საბანკო დაწესებულებებსა და შემოსავლების სამსახურს, დეკლარაციის შევსებისას კი აღმოჩნდა, რომ მათი შემოსავალი ოფიციალურად დეკლარირებული არ არის.
- ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართონ დამქირავებელს, ბუღალტერს. თუ დამქირავებელმა თანამშრომელი საშემოსავლო გადასახადით არ დაბეგრა და ამის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს არ მიაწოდა, ბუნებრივია, პირი ვერაფერს დაიბრუნებს.

- ამგვარი მაგალითების გამოვლენა თუ შექმნის სურათს ქვეყანაში მოქმედი ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობის შესახებ?

- ამ საკითხზე ანალიტიკური სამსახურები მუშაობენ და ბევრად სერიოზული ეკონომიკური ბერკეტები არსებობს, რომლებითაც ჩრდილოვანი სექტორის გაანალიზება არის შესაძლებელი. ბევრი შემთხვევა იყო უკვე, როცა მოქალაქეები იგებენ, რომ მათი შემოსავლების მონაცემები შემოსავლების სამსახურის ბაზაში საერთოდ არ აღირიცხება. მოქალაქისთვის ცნობილი ხდება, რომ მისი ხელფასი დეკლარირებული არ არის და მისსავე ინტერესში შედის დამქირავებელთან მიზეზის გარკვევა.

- როდის იწურება დეკლარაციის წარდგენის ვადა?
- მოქალაქეს უფლება აქვს, 2013 წელს დარიცხული ხელფასის თაობაზე დეკლარაცია 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით შეავსოს. კანონი გვავალდებულებს დაუბეგრავი მინიმუმით გათვალისწინებული თანხის სამთვიან ვადაში დაბრუნებას. თუმცა, ვითვალისწინებთ, რომ ამ თანხის მიმღები არის დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა, მათ ინტერესშია ფულის დროულად მიღება და მას მაქსიმალურად სწრაფად ვუბრუნებთ".

გამოიკვეთა სხვაგვარი შემთხვევებიც. აღმოჩნდა არაერთი მოქალაქე, რომელსაც შარშან 500 ლარზე მეტი კი ჰქონდა ყოველთვიური ხელფასი, მაგრამ მთელი 2013 წლის განმავლობაში არ უმუშავია და ამიტომ წლიური შემოსავალი მაინც 6 ათას ლარზე ნაკლები გამოუვიდა. შემოსავლების სამსახურის ვებგვერდით დეკლარაციის შევსების შემდეგ სისტემა მათ უარით პასუხობდა. თუმცა, როგორც მოქალაქეებმა აგვიხსნეს, რამდენიმე მათგანი ტელეფონით დაუკავშირდა შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზს, სადაც მათ განუმარტეს, რომ დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართონ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით