როდის იქნება გზა?! - კვირის პალიტრა

როდის იქნება გზა?!

საავტომობილო გზებზე გამოვლინდება ადგილები, სადაც ავარიები ყველაზე ხშირია

"2014 წელს ჩქაროსნულ მაგისტრალზე 25 კმ-მდე ახალი გზის გახსნა იგეგმება"

ქვეყნებს, სადაც საავტომობილო გზების პრობლემები მოგვარებულია, სწრაფად განვითარებად სახელმწიფოებად მიიჩნევენ. გაუმართავი გზები საგრძნობლად აქვეითებს ქვეყნის იმიჯს. ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად იზრდება როგორც შიდა ტურისტების, ისე ქვეყანაში შემოსულ მოგზაურთა რაოდენობა. ამ დროს ბუნებრივად იზრდება დაინტერესება საავტომობილო გზების მდგომარეობით. რა ვითარებაა რეგიონებში, რა სახსრები იხარჯება საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და კიდევ რა იგეგმება წლეულს - ამ და სხვა საკითხებზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილს ვესაუბრეთ.

- კონკრეტულად რომელ გზებს ემსახურება თქვენი დეპარტამენტი?

-  დედაქალაქისა და სხვა ქალაქების, ასევე, მუნიციპალური ცენტრების შიდა გზებს ადგილობრივი თვითმმართველობები აღადგენენ და აშენებენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტი კი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებს ემსახურება. ესენია სამრეწველო და კულტურული ცენტრების დამაკავშირებელი გზები, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი და მათი შემოსავლელი გზები.

- საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ხელისუფლებისთვის კვლავაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. რა პროექტებია დაგეგმილი ქვეყანაში?

- საავტომობილო გზების კარგი მდგომარეობა ეკონომიკის სხვა დარგების განვითარებასაც აძლევს ბიძგს, იქნება ეს ტრანსპორტი, ტურიზმი, მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა თუ ენერგეტიკა. მოწესრიგებული გზები ხელს უწყობს ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობების უკეთ გამოყენებას და მოსახლეობის კეთილდღეობაზეც ახდენს დადებით გავლენას.

დაგეგმილი გვაქვს რაიონულ ცენტრებთან, საკურორტო და კულტურულ ძეგლებთან მისასვლელი გზების პერიოდულად შეკეთება და სრული აღდგენა. მაგალითად, შარშან შეკეთდა ზარზმის მონასტერთან, ჯამბაკურ-ორბელიანთა სასახლესთან მისასვლელი გზები. ვმუშაობთ გრძელვადიან პროგრამაზეც, რომლის პრიორიტეტი დღემდე მიტოვებული გზები იქნება. არის გზები, სადაც ასფალტი არასოდეს დაგებულა. ასეთია თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზა, რომელიც წლევანდელ გეგმაში ზის. ასევე წლეულს იგეგმება გომიდან საჩხერის ცენტრამდე გზის რეაბილიტაცია. გრძელდება ლარსის მიმართულებით ქუმლისციხესთან, კობთან, ფასანაურთან, ზესტაფონი-ბაღდათის, ომალოს მიმართულებით, ფშაველი-ლეჩურის, სვანეთში - ბეჩო-ტურბაზა-შიხრას, ქუთაისში საფიჩხიას მხრიდან შესასვლელი მონაკვეთების რეაბილიტაცია. წინა წლიდან გადმოსული ობიექტებიდან გაგრძელდება ლენტეხი-საყდრისის, მესტია-უღვირის, თბილისის შემოსავლელი გზის, ზაჰესი-ნატახტრის, ქარელი-ყინწვისის, ლარსის გამშვებ პუნქტთან გამავალი საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია.

- განსაკუთრებულ ინტერესს ჩქაროსნული გზა იწვევს. რა ხდება დღეს ამ გზაზე?

- ჩქაროსნულ გზას საქართველოსთვის საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს, როგორც აზია-ევროპის დამაკავშირებელი დერეფნის სტატუსის მქონე სახელმწიფოსთვის. ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალიც დიდად არის დამოკიდებული ამ გზაზე, რაც გვავალდებულებს, ის საერთაშორისო სტანდარტებით მოვაწყოთ. ამ ეტაპზე ავტობანის მშენებლობა რამდენიმე მონაკვეთზე მიმდინარეობს. ეს გახლავთ აღმოსავლეთ საქართველოში რუისი-აგარის მონაკვეთი, დასავლეთ საქართველოში - ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის მონაკვეთი, რომელიც დაყოფილია სამ ლოტად, ამას ემატება ქობულეთის შემოვლითი გზის ორი ლოტი. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩუმათელეთი-არგვეთის (რიკოთის საუღელტეხილო) მონაკვეთია.

მალე გავაფორმებთ ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელიც ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს ჩაატარებს და დადგინდება ახალი გზის მიმართულება. უახლოეს მომავალში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება აგარა-ზემო ოსიაურისა და სამტრედია-გრიგოლეთის გზის მიმართულებით. რაც შეეხება თბილისი-რუსთავის გზას, მას მუნიციპალური განვითარების ფონდი აშენებს. საერთო ჯამში, ჩვენ 2014 წლის განმავლობაში ჩქაროსნულ მაგისტრალზე 25 კმ-მდე ახალი გზის გახსნას ვგეგმავთ... საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებლად უკვე არაერთი პრევენციული პროექტი განხორციელდა. ამჟამად იქმნება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ერთიანი ბაზა, რომლითაც ავარიების სიხშირით გამორჩეული ადგილები გამოვლინდება. შემდეგ კი ასეთ ადგილებში მძღოლების უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებულ ზომებს მივმართავთ.

**სულ 2013 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გამოყოფილმა დაფინანსებამ 523 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 38,7%-ით აჭარბებს. შარშან დაგეგმილი სამუშაოები 95,4%-ით შესრულდა. დეპარტამენტის 2013 წლის ბიუჯეტიდან გზებისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობისთვის ათვისებულია 265 მლნ ლარი, ხოლო გზების რეაბილიტაციისა და შეკეთებისთვის - 202 მლნ. მიმდინარე შეკეთებასა და მოვლა-შენახვას 31,1 მლნ ლარი მოხმარდა, ხოლო სტიქიის შედეგების აღმოფხვრასა და პრევენციას, აგრეთვე ნაპირდაცვით სამუშაოებსა და სხვა ხარჯებს - 24,3 მლნ.

კონკრეტული მაგალითებიც მოვიყვანოთ: ქობულეთის შემოვლითი გზის (ჩოლოქი-სარფი) ახალი მიმართულების მონაკვეთის სიგრძეა 14,7კმ, საიდანაც 2,3 კმ-იანი ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთი 4-ზოლიანია და ამ გზის ბიუჯეტი 115 მლნ ლარია. 25 მლნ ლარი დაჯდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 20 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია; ქუთაისის შემოვლითი გზის სამტრედიის მონაკვეთის სიგრძე 25,6 კმ-ია და ამ პროექტის ბიუჯეტი 69 მლნ ლარია.