როგორ დავამარცხოთ "ველური დასავლეთი" - კვირის პალიტრა

როგორ დავამარცხოთ "ველური დასავლეთი"

ანტიმონოპოლიური სამსახური საქართველოში რამდენიმე წლის წინ გაუქმდა, მის სანაცვლოდ შექმნილი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის შედეგი კი არავის უნახავს. პრივილეგირებული კომპანიები წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდნენ თავიანთ მდგომარეობას. რა გასაკვირია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (Gლობალ ჩომპეტეტივე Iნდეხ) 2013-2014 წლების ანგარიშში შიდა ბაზარზე კონკურენციის დონით საქართველო 148 ქვეყანას შორის 123-ე პოზიციაზე გავიდა, ხოლო ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტურობით - 138-ზე. ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის.

ახალი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, თუმცა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძემ გვითხრა, რომ ბევრი რამ კიდევ დასაზუსტებელია.

- კონკურენციის სააგენტო შემოდგომამდე ვერ დაიწყებს მუშაობას, ითქვა ისიც, რომ ექვსი თვე იმოქმედებს მორატორიუმი. ეს რას ნიშნავს?

- კანონი პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, მაგრამ საჭიროა კანონქვემდებარე აქტებიც, რომლებიც 1-ელ ოქტომბრამდე უნდა შემუშავდეს. მათში კონტროლის მექანიზმები გაიწერება. ვერ გეტყვით, "მორატორიუმში" ეს ექვსი თვე იგულისხმეს თუ სხვა რამ.

მექანიზმი დაახლოებით ამგვარი იქნება: თუ სააგენტო დაადგენს, რომ რომელიღაც კომპანიაში დარღვევაა, მეწარმე დაჯარიმდება. მაგრამ, თუ ის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმება, სასამართლოში გაასაჩივრებს და პროცესის დასრულებამდე საჯარიმო სანქცია არ შეეხება. აქ უკვე ყველაფერი დამოკიდებულია სასამართლოს სწრაფ მუშაობაზე.

- ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ მოსამართლეთა უმეტესობა ეკონომიკურ პროცესებში ნაკლებად ერკვევა. არადა, საბოლოო სიტყვა სწორედ მათზეა.

- მოსამართლეები კვალიფიკაციის ასამაღლებლად საგანგებო მომზადებას ევროპის ქვეყნებში გაივლიან. თუ მეწარმე მართალია, მან ეს აუცილებლად უნდა დაამტკიცოს. ამ მხრივ საშიშროებას ვერ ვხედავ.

- ახალი კანონმდებლობით, მონოპოლიური მდგომარეობის მქონედ მიიჩნევა ეკონომიკური სუბიექტი, რომლის საბაზრო წილიც 40%-ს აღემატება. ამ ზღვარმა დიდი კამათი გამოიწვია.

- შესაძლოა ბაზარზე 80% გქონდეთ, მაგრამ თუ კეთილსინდისიერად იქცევით, მონოპოლისტად მაინც არ მიგიჩნიონ, მაგრამ შეიძლება 40%-ც არ გქონდეთ და არაკეთილსინდისიერ გარიგებებში შეგნიშნონ. თუ კომპანია უთანხმდება სხვებს, რომელიღაც პროდუქტი 5 ლარად გაყიდონ, ყველა 5 ლარად გაყიდის და ეს იქნება უსამართლო ფასი - ეს არაკეთილსინდისიერი გარიგებაა. ამით მომხმარებელს არჩევანს ართმევენ. თუ კომპანია საგანგებოდ აგდებს ფასს, რათა კონკურენტები გააკოტროს და მერე დომინანტი გახდეს, ესეც არაკეთილსინდისიერი საქმიანობაა. კონკურენციის სააგენტო ასეთ ქმედებებს აუცილებლად აღკვეთს.

- გამოითქვა მოსაზრება, რომ არ არსებობს მეთოდოლოგია, როგორ უნდა იმუშაოს კონკურენციის სააგენტომ.

- ეს მეთოდოლოგია სწორედ კანონქვემდებარე აქტებით შემუშავდება, პარლამენტის ზედამხედველობით. ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, ყველაფერი მრუდე სარკეში დაინახონ და დაამახინჯონ. ისინი გამადიდებელი შუშით უყურებენ ყველაფერს - უარყოფითს აზვიადებენ, ხოლო დადებითს აკნინებენ. მაგალითად, პარლამენტში დიდი კამათი იყო ჩვენს მოსაზრებაზე, რომ კონკურენციის სააგენტოს შეუძლია შეისწავლოს პროდუქციის ფასწარმოქმნა. ფასწარმოქმნის შესწავლა სხვაა, ფასების დადგენა კი - სხვა. მათი ბრალდებები ხშირად ლოგიკას არ ექვემდებარება. თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონი პატიოსნად მომუშავე არც ერთ კომპანიას ხელს არ შეუშლის, მაგრამ მაინც ატეხეს განგაში. რატომ? - იმიტომ, რომ კანონი იმ კომპანიებს შეზღუდავს, რომლებიც ძველი ხელისუფლების ფრთებქვეშ არსებობდნენ. ჩვენ ხომ ვიცით, რომ თავიანთი ნათესავების სახელზე აქვთ გაფორმებული კომპანიები. ქურდს ქუდი ეწვისო, სწორედ მათზეა ნათქვამი. "ნაციონალური მოძრაობა" შეჩვეული იყო ბაზარზე თაღლითურ ქმედებებს. ისინი კონკურენტებს იშორებდნენ დაშინებით, ცემით, ციხეში ჩაგდებითა და ათასგვარი მიუღებელი ხერხით. ამის გამო საქართველოში სერიოზული ინვესტორები აღარც შემოდიოდნენ, შემოდიოდნენ მხოლოდ ისინი, ვისაც "ნაციონალები" მფარველობდნენ. ეს ე.წ. "ინვესტორები" კაპიკებად იძენდნენ ობიექტებს და მერე რამდენიმე ათეულ მილიონად ყიდდნენ. წინასწარ იყო განსაზღვრული, ვის შაქარი უნდა შემოეტანა, ვის ხორცი და ვის - ძეხვი... დღეს უცხოელი ბიზნესმენი თუ შემოსვლას აპირებს, უპირველესად ანტიმონოპოლიური კანონით ინტერესდება - იმიტომ, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნების ბაზარზე ხშირად "ველური დასავლეთის" წესებით მოქმედებენ. როცა კანონი ძალაში შევა, საქართველოს ბაზარი ინვესტორებისთვის გაცილებით მისაღები იქნება.

- სააგენტო როდის დაიწყებს მუშაობას?

- 1-ელ ოქტომბრამდე დასრულდება კანონქვემდებარე აქტების მიღება, დეკემბრამდე რჩება დრო, რომ ეს საკითხები პარლამენტმა განიხილოს, წლის ბოლომდე ყველაფერი მზად იქნება და მეწარმეებიც, ინფორმირების შემდეგ, წინასწარ დაიჭერენ თადარიგს. სააგენტო წლის ბოლომდე ამოქმედდება.

- ბევრი შიშობს, რომ ანტიმონოპოლიური რეგულირება ჩვენს ქვეყანაში ადვილი საქმე არ იქნება.

- რაც არ დაწყებულა, ჯერ იმაზე ნუ ვილაპარაკებთ. ძველი ანტიმონოპოლიური სამსახური ბუტაფორია იყო, ახლა კი ყველაფერი თავიდან ყალიბდება, ბევრი რამ ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, ამიტომ თანამოაზრეებსაც და ოპონენტებსაც ვთხოვ, მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებენ.

ხათუნა ჩიგოგიძე