მცირე ბიზნესი განსაკუთრებით მცირეა რეგიონებში - კვირის პალიტრა

მცირე ბიზნესი განსაკუთრებით მცირეა რეგიონებში

"როცა ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებას ცდილობ, იმპორტირებული საქონლისთვის კონკურენციის გაწევა უნდა შეგეძლოს"

"დოვლათი რეგიონებზე არ ნაწილდება  და ძირითადად დედაქალაქში რჩება"

მთავრობა მცირე ბიზნესის განვითარების სააგენტოს ფორმირებაზე მუშაობს. ცნობილია, რომ სააგენტო კომპანიებს ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს და სამი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით 150 მილიონი ლარი დაიხარჯება. მცირე ბიზნესის განვითარების სააგენტო დამწყებ ბიზნესს, ე.წ. სტარტაპებსაც დააფინანსებს. სააგენტოსთვის საინტერესო იქნება ასევე ინოვაციური ბიზნესიდეები, რომელთა დაფინანსებაში სააგენტოს გარდა, საინვესტიციო ფონდები და ინვესტორები ჩაერთვებიან.

გვანცა მელაძე, ექსპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი: "მცირე ბიზნესის განვითარების სააგენტოს შექმნის იდეა ეკონომიკის სამინისტროში გაჩნდა. იდეის მომწიფებას ხელი შეუწყო მსოფლიო ბანკის უახლესმა კვლევამ, სადაც ნათლად გამოჩნდა ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შემშლელი პრობლემები. მაგალითად, საქართველოს კერძო სექტორში რაოდენობრივად მსხვილი ბიზნესი მხოლოდ 5%-ია, დანარჩენები კი მცირე და საშუალო საწარმოებია. მაგრამ თუ მათ ბრუნვებს გადავხედავთ, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) მხოლოდ 16%-იანი წილი უდევთ. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მცირე და საშუალო სექტორს შრომისუნარიანი მოსახლეობის 43% ჰყავს დასაქმებული, ხსენებული 16% კიდევ უფრო მეტყველი გახდება - ეს ნიშნავს, რომ ამ დასაქმებული ადამიანების ხელფასი ძალიან დაბალია, ხოლო თვით საწარმოები დაბალპროდუქტიული. თუ ასე გაგრძელდა, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი კონკურენციას ვერავის გაუწევს.

კვლევამ გამოკვეთა, რომ კერძო სექტორი ძირითადად თბილისსა და რამდენიმე დიდ ქალაქშია განვითარებული. თუ თბილისში ერთ სულ მოსახლეზე ბიზნესის წლიური ბრუნვა 25 ათას ლარამდეა, რეგიონებში ეს მაჩვენებელი 3 ათას ლარზე ნაკლებია. ქვეყნის ეკონომიკა როგორადაც უნდა გაიზარდოს, დოვლათი არ ნაწილდება რეგიონებზე და ძირითადად დედაქალაქში რჩება. ამ პრობლემების წარმოჩენამ სახელმწიფოსგან მეწარმეობის წახალისების პოლიტიკა მოითხოვა.

ახალი სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს კერძო სექტორის განვითარებას რეგიონებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თბილისი უყურადღებოდ დარჩება.

ბოლო დროს, სახელმწიფო პროგრამების შედეგად, სოფლის მეურნეობა გამოცოცხლდა და განვითარების გზას დაადგა. აგრარული სექტორისთვის საგრძნობლად გაიაფდა ფინანსური რესურსი, მაგრამ ეს არ მომხდარა ეკონომიკის სხვა სექტორებში. როგორც არაერთ განვითარებად ქვეყანაში ხდება, სახელმწიფომ თავად უნდა იზრუნოს კერძო სექტორის განვითარებასა და ხელშეწყობაზე, და ეს მცირე და მიკროსაწარმოებიდან დაიწყოს.

დიდი ყურადღება დაეთმობა ექსპორტის ხელშეწყობას. ჩვენი ორგანიზაცია განსაკუთრებულად იყო ჩართული ამ მიმართულებით სააგენტოს ამოცანების განსაზღვრაში და არაერთი რეკომენდაციაც გაითვალისწინეს. ბიზნესი ვერ გასწევს კონკურენციას, თუ საერთაშორისო ბაზარზე არ არის ორიენტირებული. შესაძლოა მისი პროდუქცია ექსპორტით არ გადიოდეს, მაგრამ როცა ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებას ცდილობ, იმპორტირებული საქონლისთვის კონკურენციის გაწევა უნდა შეგეძლოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ფეხზე მყარად მდგომ ფირმას უნდა შეეძლოს საერთაშორისო დონეზე კონკურენციის გაძლება. შესაბამისად, საექსპორტო შესაძლებლობების გაძლიერების გარეშე არც საწარმოების განვითარებას დაადგება საშველი. ახალი სააგენტოსგან დაფინანსება ბიზნესს დაეხმარება რისკების შემცირებაში, სანამ ისინი საექსპორტო პროდუქციას აწარმოებენ და უცხოურ ბაზრებზე გაიტანენ. ეს ყველაზე ხარჯიანი პერიოდია კომპანიებისთვის, როცა მიღებული აქვთ შეკვეთა, მაგრამ უჭირთ იაფი სახსრების მოზიდვა ამ შეკვეთის შესასრულებლად.

კომპანიები შეძლებენ, რამდენიმეკვირიანი და რამდენიმეთვიანი კონსიგნაციით მიაწოდონ დამკვეთს პროდუქცია. ასეთი შესაძლებლობის უქონლობის გამო ბევრ ქართულ კომპანიას უჭირდა ბაზრის შენარჩუნება. ანუ ისინი თავდაპირველად უპრობლემოდ გადიოდნენ უცხოურ ბაზარზე, იქ პროდუქციაზე მოთხოვნა ყალიბდებოდა, მაგრამ საბრუნავი სახსრების ნაკლებობის გამო კომპანიები მეტისმეტად იყვნენ დამოკიდებული გაყიდვიდან მიღებულ თანხებზე, კვლავწარმოება ვეღარ ხერხდებოდა და ვეღარც პროდუქციას აწვდიდნენ დროულად".

გიორგი ციკოლია, მცირე ბიზნესის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი: "სააგენტო რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს: ბიზნესისთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა, ფინანსური პროდუქტების შემუშავება, რომელთაც კერძო სექტორს შესთავაზებენ და სხვ. თავად სააგენტო ფინანსებს არ გასცემს. ამას პროექტის მონაწილე ფინანსური კომპანიები, ბანკები თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გადაწყვეტენ.

ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც ახლა ვმუშაობთ, რეგიონებისთვისაა განკუთვნილი. გაიცემა თანამონაწილეობრივი გრანტები, რათა რეგიონებში მცირე მეწარმეებმა ბიზნესის კეთების კუთხით პირველი ნაბიჯები გადადგან. სხვა ამოცანაა კაპიტალის ბაზრების განვითარება, რადგან ბიზნესი, რომელსაც 500 ათასიდან 3 მილიონ ლარამდე წლიური ბრუნვა აქვს, განვითარების შემდეგ ეტაპზე იმიტომ ვერ გადადის, რომ ქვეყანაში, ბანკების გარდა, ძლიერი ფინანსური ინსტიტუტები არ არსებობს. მათ ეს პრობლემა უნდა მოვუხსნათ, რათა სხვა წყაროებზეც მიუწვდეთ ხელი. აგრეთვე, რადგან ქვეყანაში არ არის საინვესტიციო ფონდები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაზე იმუშავებენ, პირველად სარისკო კაპიტალს სახელმწიფო მიაწვდით. ვფიქრობთ სხვა ამოცანებზეც. ჯერჯერობით ბაზარს ვსწავლობთ და მაისის ბოლოსთვის ვგეგმავთ ახალი ფინანსური პროდუქტების გამოშვებას, რომლის მეშვეობითაც ბიზნესს კაპიტალის მიღების ალტერნატიული შესაძლებლობა ექნება".