"სურსათის უვნებლობა დანახარჯებსაც მოითხოვს"
14-04-2014
"სურსათის უვნებლობა დანახარჯებსაც მოითხოვს"
"აქამდე უცხოური პროდუქცია საზღვარზე შესწავლისა და კონტროლის გარეშე შემოდიოდა და დახლებზე ხშირად ხვდებოდა ვადაგასული ან საეჭვო ხარისხის სურსათი"

საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ცნობას, რომ წინასაიმპორტო ვეტერინარული შემოწმება გაძვირდება. მოქმედი წესით, როცა პროდუქციის ხარისხი და წარმომავლობა ეჭვს იწვევს, იმპორტის ნებართვის მისაღებად შემომტანმა უცხოურ საწარმოებში სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები უნდა მიავლინოს. ისინი იმპორტის ნებართვას მხოლოდ საწარმოო პროცესზე დაკვირვების შემდეგ გასცემენ. მთავრობის ახალი დადგენილებით იზრდება სააგენტოს მომსახურების ტარიფები, შესაბამისად, ეს იმპორტიორთა ხარჯებსაც გაზრდის.
გაძვირდება თუ არა პროდუქცია სავაჭრო ქსელში, ან იმპორტიორები ხომ არ დაფრთხებიან? - ამ კითხვებით "ჯორჯიან ბიზნესინსაიტის" დირექტორ ირაკლი ლექვინაძეს მივმართეთ:


- იმპორტის კონტროლის გამკაცრების ერთ-ერთი მიზეზი ევროკავშირთან პარაფირების ხელშეკრულების გაფორმება და მოსალოდნელი ასოცირების ხელშეკრულებაა. ახლო მომავალში ქართული ბაზრის სტანდარტები ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. მეორე
მიზეზია ხელისუფლების ნება, უკეთ შემოწმდეს შემოტანილი სურსათი. აქამდე უცხოური პროდუქცია, პრაქტიკულად, საზღვარზე შესწავლისა და კონტროლის გარეშე შემოდიოდა და ჩვენს დახლებზე ხშირად ხვდებოდა ვადაგასული ან საეჭვო ხარისხის სურსათი. აგრეთვე, ქართველ მომხმარებელს არ ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია ამ პროდუქტების შესახებ.

- ხომ არ გააძვირებს შემოტანილ სურსათს კონტროლის გამკაცრება?

- ცხადია, ახალი რეგულაციები იმპორტიორი კომპანიების ხარჯებს გაზრდის, მაგრამ ისინი საქმეს უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდებიან. აღარავინ დაობს, რომ ხარისხისა და ვადიანობის კონტროლი აუცილებელია, რომ უნდა ვიცოდეთ პროდუქტის შემადგენლობა და ის ეტიკეტზე ქართულად უნდა იყოს დატანილი. შემდეგ მომხმარებელი თავად აირჩევს, ძვირი და ხარისხიანი პროდუქტი შეიძინოს, თუ იაფი და ნაკლები ხარისხისა. ამასთან, არც ისეთი მკაცრი მექანიზმები არ უნდა ავამოქმედოთ, რომ მათ კორუფციული გარიგებებისკენ უბიძგონ, ანდა ხარჯების გაზრდის გამო იმპორტიორებმა საქართველოში საქმიანობა ხელსაყრელად აღარ მიიჩნიონ.

- წლების განმავლობაში იწერებოდა, რომ საქართველოში უხარისხო, ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტები შემოდიოდა. დღეს რა ხდება?
- სამწუხაროდ, წლების წინ დაწყებული პროცესი ინერციით გრძელდება. პირდაპირ გეტყვით: საშინელი მდგომარეობაა ხორცპროდუქტების ბაზარზე. ავიღოთ თუნდაც ის ნედლეული, რომლითაც მზადდება ძეხვეული, ან დავსვათ კითხვები - რით ამზადებენ საკვებს რესტორნებსა და სხვა ობიექტებში? რამდენია ხორცი მათ კერძებში, შეიცავს თუ არა გენმოდიფიცირებულ კომპონენტებს - ეს ინფორმაცია მომხმარებელს პრაქტიკულად არა აქვს. ამიტომაც არის საჭირო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნა. რეგულაციების გამკაცრებას ფრთხილად ვეკიდები და არ მინდა, ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებებად გადაიქცეს, თუმცა ამ სფეროში მინიმალური წესრიგის დამყარება საჭირო კი არა, აუცილებელია.

მწარმოებლების მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს ოპტიმალური და არა რეპრესიული, როგორც ადრე. კარგია, რომ მწარმოებლებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა არგენტინა, ბრაზილია, ინდოეთი, ირანი, ჩინეთი, საიდანაც წლების განმავლობაში შემოდიოდა საეჭვო პროდუქცია, უკეთ გააკონტროლებენ. როცა ბრაზილიიდან შემოტანილი ხორცი უფრო იაფია, ვიდრე აქ წარმოებული, ბუნებრივია, ეს მოსახლეობაში ეჭვს იწვევს. კონტროლის გამკაცრება უნდა გულისხმობდეს ორმხრივ ურთიერთობას, კომპანიებთან თანამშრომლობას და არა სადამსჯელო ღონისძიებას.

შემომტან ფირმებს დანახარჯებიცა და შრომაც მეტი მოუწევთ და ცხადია, პროდუქციის გაძვირების რისკიც გაჩნდება, მაგრამ საქართველოში ეს პრობლება გადასაწყვეტია და ამას ვერ ავირიდებთ. წინასწარ ძნელია თქმა, ეს ბაზარზე როგორ აისახება, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული სურსათის ეროვნული სააგენტოს მუშაობაზე, მის რეპუტაციასა და გადაწყვეტილებებზე. პირველ რიგში, მომხმარებელს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რა შეიძინოს და რა ფასად. ხოლო მეწარმე თუ უხარისხო პროდუქტს ვერ გაყიდის, მას აღარც შემოიტანს.

წინასაიმპორტო ნებართვისგან თავისუფალია პროდუქცია, რომელიც შემოდის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებიდან, აშშ-იდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, შვეიცარიიდან და ისრაელიდან; ასევე, საწარმოებიდან, რომლებიც ამ ქვეყნების მიერ არის აღიარებული, ან იმ ქვეყნებიდან, სადაც სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის ევროპული სისტემა მოქმედებს.

შემოწმების ტარიფები


ადრე საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში საკონტროლო მომსახურება 800 აშშ დოლარი ღირდა, ამიერიდან აზერბაიჯანსა და სომხეთში ტარიფი 1.600 დოლარი იქნება. რუსეთი მოექცევა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის სატარიფო ზონაში და მომსახურება 2.500 დოლარი ეღირება. ძველი რედაქციით კი, აღმოსავლეთ ევროპაში სურსათის სააგენტოს მომსახურება 1.500 დოლარი ჯდებოდა, ხოლო დასავლეთ ევროპაში - 1.800 დოლარი.
თითქმის ოთხჯერ - 2.200-დან 8.000 დოლარამდე გაიზრდება მოსაკრებელი აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში - 1.200-დან 5.000-მდე, სამხრეთ აფრიკაში - 2.200-დან 6.000 დოლარამდე. 2.300-2.500 დოლარიდან 8 ათასამდე გაიზრდება სააგენტოს სპეციალისტების მომსახურება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით