ფრთხილად, სურსათია! - კვირის პალიტრა

ფრთხილად, სურსათია!

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება საკვებისმიერი მოწამვლის შემთხვევები. თუ 2008 წელს საქართველოში საკვებით 1460 ადამიანი მოიწამლა, შარშან მხოლოდ ცხრა თვის მონაცემებით, საკვებით მოწამლულთა რიცხვმა უკვე 1583 შეადგინა. საბოლოო დაჯამების შემდეგ ალბათ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება.

საკვებისმიერი მოწამვლის შემთხვევები მანამ მოიმატებს, სანამ ქვეყანაში უხარისხო და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტი დახლზე თავისუფლად იყიდება. მართალია, გვაქვს სახელმწიფო უწყება, რომელსაც სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური ჰქვია, მაგრამ მას მხოლოდ სურსათის მონიტორინგი ევალება. ამ სამსახურს შეუძლია სარეალიზაციო ქსელში გასაყიდად გამოტანილი პროდუქტების ნიმუშების შეისყიდოს და ლაბორატორიულად გამოიკვლიოს. კვლევის შედეგები წლიურ მონიტორინგში აისახება. ის ცხადყოფს, რომ დახლზე ხშირად იყიდება საკვებად უვარგისი სურსათი.

შარშან სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის მიერ შემოწმებული პროდუქტებიდან, ყოველი მეექვსე ჯანმრთელობისთვის საშიში და უხარისხო იყო. სამსახურმა 2009 წელს 34 დასახელების სურსათის 1945 ნიმუში გამოიკვლია, მათ შორის სასმელი წყალიც. დარღვევები 320 ნიმუშში აღმოჩნდა, გამოვლინდა მიკრობიოლოგიური, ხარისხობრივი და სხვადასხვა ტიპის შეუსაბამობები.

სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სამსახურმა შარშან მხოლოდ ღვინის ფალსიფიკაციის 30-მდე ფაქტი გამოავლინა. დარღვევების შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა და საქმეები სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით აღიძრა. სურსათის უხარისხობა გამოვლინდა აგრეთვე შენახვის პირობების დარღვევის გამოც, და მათი რეალიზაცია აიკრძალა. ხარისხობრივი მაჩვენებლების დარღვევები აღინუსხა სუსტ ალკოჰოლურ სასმელებშიც, მათ შორის, ორი დასახელების ლუდში.

სურსათის უვნებლობის სამსახურმა ამორჩევით მზა კერძები და კულინარიული ნაწარმიც შეამოწმა. მიკრობიოლოგიური დარღვევები იქაც აღმოჩნდა. საბაჟო სამსახურს კი გამოსაკვლევად რძის ფხვნილის სამი ნიმუში და ერთიც გაყინული თევზის საეჭვოდ მიჩნეული ნიმუში მიუტანია.

ლაბორატორიული კვლევებით რძის ფხვნილის ორ ნიმუშში მართლაც აღმოჩნდა დარღვევები და მათი რეალიზაცია აიკრძალა, მაგრამ სანამ სურსათის კონტროლი ქვეყანაში სავალდებულო არ გახდება, უვარგისი და უხარისხო საკვების მიღებისგან და შესაბამისად, მოწამვლისგან, დაზღვეული არავინ ვართ.