მთის გადარჩენა ქვეყნის გადარჩენას ნიშნავს - კვირის პალიტრა

მთის გადარჩენა ქვეყნის გადარჩენას ნიშნავს

"არხოტისკენ სამანქანო გზის პირველად გაჭრა მთაში დაბრუნების სიმბოლო გახდება"

"დემოგრაფიული კატასტროფა სახეზეა"

"ახალგაზრდა ოჯახს, რომელსაც მთაში საცხოვრებელი არ აქვს, სახელმწიფო გადასცემს ფიქსირებულ სასტარტო თანხას დასასახლებლად"

მთიანი რეგიონების მიმართ სახელმწიფო პროტექციონისტულ პოლიტიკას იწყებს. მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, მთასა და მასთან გათანაბრებულ პირობებში მდებარე სოფლებისთვის განსაკუთრებული რეჟიმი დაწესდება. ავტორთა თქმით, დასრულდა დრო, როცა ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები ცენტრალური ავტომაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიასა და რამდენიმე დიდ ქალაქს ვერ სცდებოდა. გვესაუბრება კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორი კობა არაბული.

- მთებს საქართველოს ორ მესამედზე მეტი უკავია. მთა ქვეყნის საზღვარიც არის და თუ სრულად დაიცლება, ტერიტორიას დავკარგავთ. იქ, სადაც ადგილი "გამოთავისუფლდება", სხვა მოვა და დასახლდება. მეზობელ ქვეყნებთან (თურქეთის გარდა) საზღვრების საკითხი მოუწესრიგებელია, მეტიც, ისინი აქეთ-იქით "დაცოცავს". წლების წინ რუსეთი რვა კილომეტრით შემოიჭრა ხევსურეთში, რაჭაში კი მათმა სასაზღვრო პოსტებმა მნიშვნელოვნად ჩამოინაცვლა ქვემოთ. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მთაში ხალხი აღარ დარჩა ან იმდენად ცოტაა, რომ საზღვრების გაფართოების მოსურნე მეზობელი ანგარიშს არ უწევს. დემოგრაფიული კატასტროფა სახეზეა. ამ და სხვა უამრავი ფაქტორის გამოც მთაზე ზრუნვა არ არის მხოლოდ ეკონომიკური და სოციალური ამოცანა, ეს უმთავრესი, პოლიტიკური ამოცანაა. მთაშია თავმოყრილი ბუნებრივი რესურსების მეტი წილი, ენერგეტიკული პოტენციალი, ეს არ არის მხოლოდ მაღალი ადგილი ან სათხილამურო ტრასა. ახლა მთაში ყველაზე მეტად უჭირს სახელმწიფოს.

ამიტომ ხელისუფლებამ თქვა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. დაუყოვნებლივ უნდა შევცვალოთ პოლიტიკა მთის მიმართ, გადავარჩინოთ სრულად დაცლას ან ვაღიაროთ, რომ ნებაყოფლობით ვტოვებთ ტერიტორიებს. უმთავრესია მიგრაციის შეჩერება და შემდეგ უკუმიგრაცია, ხალხის მთაში დაბრუნება. ამის გამოცდილება ბევრ ქვეყანას აქვს და შეუძლებელი არაფერია. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, მთის გადარჩენა ქვეყნის გადარჩენას ნიშნავს.

- მთის შესახებ კანონი ხომ უკვე კარგა ხანია გვაქვს?

- კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ მიღების მომენტიდანვე, 1998 წლიდან მკვდრადშობილი აღმოჩნდა. მაშინდელი კანონით მაღალმთიანი დასახლებების სტატუსი მიენიჭა ზღვის დონიდან 1500 მეტრს ზემოთ მდებარე 350-მდე სოფელს და მათთვის შეღავათების სისტემის ასამოქმედებლად ხუთი მილიონი ლარი გამოიყო. მაგრამ მალევე წინასაარჩევნო პერიოდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა "ივაჟკაცეს", უამრავ სოფელს დაჰპირდნენ მაღალმთიანის სტატუსის მინიჭებას და ამ სიაში საბოლოოდ ათასზე მეტი სოფელი აღმოჩნდა, ისინიც კი, ზღვის დონიდან 200 მეტრზე რომ მდებარეობს. გამოყოფილმა სუბსიდიამ სიმცირის გამო აზრი დაკარგა  და კანონის მუხლების ამოქმედებაც შეუძლებელი გახდა.

მეცნიერებათა აკადემიაში მთიანი რეგიონების კვლევის მუდმივმოქმედმა კომისიამ სამი წლის წინაც მოვამზადეთ ახალი კანონპროექტი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ და შევთავაზეთ მაშინდელ პარლამენტს, მაგრამ საკომიტეტო განხილვამდეც ვერ მიაღწია, ვერ გახდა ყურადღების საგანი.

- ამჯერად დაინტერესდა ხელისუფლება?

- მთის შესახებ კანონის მიღების ინიციატივა მთავრობიდანაც მოდის. ეს გამოიხატა ჯერ კიდევ თვითმმართველობის შესახებ კანონპროექტზე მუშაობისას, როდესაც მთიან რეგიონებთან დაკავშირებით სახელმწიფოს წამახალისებელი რეკომენდაციები დადგინდა. მაშინ შევთავაზე ხელისუფლებას, გამოეყენებინათ მეცნიერებათა აკადემიის კომისიის ცოდნა და გამოცდილება. ახალი კანონპროექტი რეგიონების მოსახლეობასთან ერთობლივი განხილვის საფუძველზე შედგა.

კანონი იდეალურიც რომ იყოს, თაროზე დარჩება, თუ მისი ასამოქმედებელი მექანიზმები არ არსებობს. ამიტომაც მუშაობაში პროექტის ავტორებთან ერთად მონაწილეობდნენ დემოგრაფიული განვითარების ფონდი და სხვადასხვა სამინისტრო.

ეს პაკეტი დროულად უნდა დამუშავდეს და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ექსპერიმენტების პოლიგონი გახდეს.

- სად გავრცელდება წამახალისებელი პოლიტიკა, კვლავ ზღვის დონიდან 1500 მეტრის ზემოთ?

- კანონპროექტი არის მაღალმთიანი და მასთან გათანაბრებული ტერიტორიების შესახებ. ჯერაც ვკამათობთ, მაგრამ მთიანად მიიჩნევა არა მარტო 1500 მეტრს ზემოთ მდებარე დასახლება. ზოგადად მთიანობა არის პრობლემატურობის ნიშანი - არა მხოლოდ კავკასიონის სამხრეთი ფერდობია პრობლემატური, არამედ, მაგალითად, გურიის მთიანეთიც. კეთდება სამსაფეხურიანი გრადაცია - ძალიან მწვავე, მწვავე და გათანაბრებული ზონები. საგანგებოდ შემუშავებული მექანიზმით განისაზღვრება, როგორ, როდის და ვინ უნდა მიანიჭოს ამ ზონებს სტატუსები. მაგალითად, ბაკურიანი მთის მაღალ ზონაში გადის, მაგრამ დღევანდელი საქართველოს ფონზე გაჭირვებულად არ გამოიყურება, მას სხვა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება და არა ისეთივე, რაც თუნდაც სრულიად დაცლილ ხევსურეთს ან რაჭის სოფლებს.

შატილი სულაც არ არის ზღვის დონიდან ძალიან მაღლა, ისევე როგორც რაჭისა და სვანეთის ტერიტორიის ნაწილი, ამიტომ არ უნდა მივხედოთ სოფლებს მხოლოდ 1500 მეტრს ზემოთ...

- მთაში სასტუმროების ქსელებითა და სხვა მშენებლობით დაინტერესებული ქართველი ბიზნესმენები უკმაყოფილო არიან, რომ მთასა და ბარში მშენებლობა ერთნაირად იბეგრება.

- ახალი კანონის მიხედვით, მთის განვითარება ბიზნესზეა ორიენტირებული. ხელფასზე ან პენსიაზე 30-ლარიანი ან თუნდაც ორჯერ მეტი დანამატი მთაში არაფერს ცვლის. ამ პროექტით სოციალური შეღავათების სისტემაც გაუმჯობესდება.

მთიან ზონაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი მიენიჭება მათ, ვინც წელიწადში 12 თვეს ცხოვრობს მთაში  და ყველა შეღავათი, პრივილეგია და სიკეთე, პირველ რიგში, მათთვის იქნება. მეორე კატეგორიაში შევა მომთაბარე, ვინც წელიწადში 5 თვეს ცხოვრობს მთაში და მამა-პაპის მემკვიდრეობას არ კარგავს.

მთაში დარჩენილებს თუ რეალურად დავეხმარებით, რეკლამაც არ დაგვჭირდება, ისე იბრუნებს ხალხი პირს მთისკენ.

- ბიზნესისთვის შეღავათებს დავუბრუნდეთ. რა იგულისხმება ამგვარ მხარდაჭერაში?

- კანონპროექტის თანახმად, საწარმო, რომელსაც ადგილობრივი ან უცხოელი ინვესტორი პირველი კატეგორიის ზონაში შექმნის, ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს და ადგილობრივი რესურსის დამუშავებაზე იქნება ორიენტირებული - პირველი ხუთი წლის განმავლობაში გათავისუფლდება ყველა ტიპის გადასახადისგან.

ეს სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ინვესტორმა დაბანდებული თანხა უკან ამოიღოს.

- თუ ახალგაზრდა ოჯახი ისურვებს მთაში ცხოვრებას?

- პირველ რიგში, მთაში ისინი უნდა დაბრუნდნენ, ვინც მთიდან არიან, ხევსური - ხევსურეთში, სვანი - სვანეთში და ა.შ. ახალგაზრდა ოჯახისთვის, რომელსაც მთაში საცხოვრებელი არა აქვს, სახელმწიფო გასცემს ფიქსირებულ სასტარტო თანხას დასასახლებლად. თუ არ ეყოფა, ერთი იმდენი უპროცენტო სესხით მიეცემა სახელმწიფოს კონტროლით. ამასთან, სახელმწიფო ქმნის დასაქმების პირობებს, უნდა ამოქმედდეს ინფრასტრუქტურა, განვითარდეს მესაქონლეობა, მიწათმოქმედება, ბუნებრივი წიაღისეულის გამოყენება-დამუშავება. ეს საკითხი განვიხილეთ არა მხოლოდ მთიანი რეგიონების, არამედ თვითმმართველობის განვითარების კონტექსტშიც.

მაღალმთიან რეგიონებში თითოეულ ოჯახს მიეცემა ერთჯერადი დახმარება: პირველი შვილის შეძენისას 1.000 ლარი, მეორე შვილის შეძენისას 1.200, მესამე შვილის - 1.500, ხოლო მეოთხე და მომდევნო შვილების შეძენისას - 1.600 ლარი. ამასთან, 16 წლამდე ბავშვებს მიეცემათ ყოველთვიური დახმარება: პირველ შვილს 70, მეორე შვილს - 90, მესამეს - 140, ხოლო მეოთხე და მომდევნო შვილებს  - 150 ლარის ოდენობით.

- ბატონო კობა, როგორც ვიცი, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში საგანგებო თანამდებობებია დაწესებული, მაგალითად, საფრანგეთში ვიცე-პრემიერიც ჰყავთ მთის საკითხებში, ჩვენთან ვინ იკისრებს მსგავს ამოცანას?

- დღეს საკანონმდებლო ან აღმასრულებელ სისტემაში მთაზე მომუშავე ერთეული მართლაც არ არსებობს. ამჟამად პროცესს ეკონომიკის სამინისტრო უწევს კოორდინირებას, მაგრამ გვინდა შეიქმნას სტრუქტურა პრემიერის დონეზე, ამ ეტაპზე მას მთის სააგენტო დავარქვით.

- წინა მთავრობის დროს სვანეთში სათხილამურო კურორტის მოწყობა იყო თუ არა მთაზე ზრუნვისთვის გადადგმული ნაბიჯი?

- სვანეთში სათხილამურო ბაზების მშენებლობა კარგია, მაგრამ ეს მთაზე ზრუნვას არ ნიშნავს. როგორც ბათუმის სანაპიროს მოწყობით ვერ გამოსწორდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ისე თეთნულდზე კარგი ინფრასტრუქტურის შექმნა მთის პრობლემატიკას ვერ მოხსნის.

"ნაციონალურ მოძრაობას" მთის განვითარების პოლიტიკა არ ჰქონია. რასაც მიშა სვანეთში აკეთებდა, იყო ერთი კაცის სურვილი, იდეა. არადა, უფრო საჭირო საქმეების გაკეთება შეიძლებოდა.

გემახსოვრებათ, ზამთარში ახალგაზრდა კაცი დაიღუპა არხოტში. სამანქანო გზა არ იყო, ხოლო ვერტმფრენი სანამ ჩავიდა, განსაცდელში მყოფი უკვე გარდაიცვალა. საქართველოს ისტორიაში იქ სამანქანო გზა არც არასდროს ყოფილა. ის წლეულს პირველად გაიჭრება და გახდება მთაში დაბრუნების სიმბოლო