"ჩვენს წყლებში თურქები აკრძალული აღჭურვილობით მუშაობენ" - კვირის პალიტრა

"ჩვენს წყლებში თურქები აკრძალული აღჭურვილობით მუშაობენ"

საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ შექმნილმა არასტაბილურმა ვითარებამ მეთევზეობაც, მრავალი სხვა დარგის მსგავსად, მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. სპეციალისტების შეფასებით, განადგურდა როგორც თევზსაჭერი, ასევე საზღვაო სავაჭრო-სატრანსპორტო ფლოტი. სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის საზღვაო აკვატორიაში უცხო ქვეყნის თევზსაჭერი გემების მოქმედებაზე,  რაც საფრთხეს უქმნის როგორც სანაპირო ზოლს, ისე - შავი ზღვის ფლორასა და ფაუნას. "კვირის პალიტრას" საქართველოს მეზღვაურთა ასოციაციის (სმა) თავმჯდომარე მერაბ წილოსანი ესაუბრა.

- საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში არც ერთ ხელისუფლებას მეთევზეობის განვითარებაზე არ უზრუნია. 90-იანი წლების შემდეგ დაუნანებლად ანადგურებენ ინფრასტრუქტურას. დღეს ჩვენს საზღვაო აკვატორიაში თურქული გემები დაცურავენ და რა თქმა უნდა, წესებს არ იცავენ - მუშაობენ ყველა იმ აღჭურვილობით, რაც მათთან აკრძალულია. თურქული გემების ქაფშიის საჭერ ქისა ბადეს საერთაშორისო ნორმების დარღვევით, ოც-ოცი სანტიმეტრის დაშორებით, დამაგრებული აქვს მინიმუმ 400-გრამიანი ლითOონი, რის გამოც იგი ძალიან მძიმდება. ბადეს ფსკერიდან ტონობით ხრეში ამოაქვს, რაც სანაპირო ზოლის გამამაგრებელი, ბუნებრივად დალექილი ინერტული მასალის გამოცლასაც იწვევს. თურქეთში მოქმედი ნორმის მიხედვით, ქაფშიის საჭერი ქისა ბადის სიგანე (ანუ ამ შემთხვევაში სიღრმე) არ უნდა აღემატებოდეს 163 მეტრს, სიგრძე კი  - 900 მეტრს. საქართველოში კი ნებადართულია დრაგით, ფსკერის ტრალით და უზარმაზარი ქისა ბადეებით რეწვა. თითქმის 10 წელია, თურქები ასე მუშაობენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და ხელისუფლებას აზრადაც არ მოსდის მათი შეჩერება.

- საქართველოს საზღვაო აკვატორიის დაზიანების გარდა, ამგვარი თევზსაჭერი ბადეები, ალბათ, ქართველ მებადურებსაც უშლის ხელს...

- რა თქმა უნდა. ამის გამო საქართველოში ეს უძველესი პროფესია დღითი დღე კვდება. თურქულ გემებზე დამონტაჟებულია თევზის საძებნი მძლაAვრი დაბალსიხშირული ჰიდროლოკატორი - სონარი. ამ აპარატს 10 კმ-ზე მეტ მანძილზე შეუძლია აღმოაჩინოს თევზის გუნდი, დაადგინოს რაოდენობა, თევზის სახეობა და ზომა. თუ სონარი ძალიან დაბალ სიხშირეზე მუშაობს, უარყოფითად მოქმედებს ზღვის ბინადრებზე, განსაკუთრებით ზღვის ძუძუმწოვრებზე. საინტერესოა, ვინმემ შეამოწმა ამ დანადგარების სიმძლავრე და აკუსტიკური გამოსხივების სიხშირე?

სონარების საშუალებით შესაძლებელია თევზის ნებისმიერი მიმართულებით განდევნა ან მათი ერთ ადგილას თავმოყრა, ასევე იოლად შეიძლება ე.წ. ორმოებიდან (ადგილია, სადაც ქაფშია დღისით იძინებს) თევზის ამოყრა და დაჭერა. ამგვარ ადგილებში ბადის ჩაყრა დღისით 9-დან 17 საათამდე აკრძალულია, მაგრამ თურქები ამას არად დაგიდევენ, ეს კი უეჭველად გაანადგურებს ლიფსიტებს. ქართველი მეთევზეების გადმოცემით\, ბევრი ასეთი ორმო უკვე დაცარიელებულია. ამასთან, თევზი  წლების განმავლობაში სონარებით ინტენსიურად "დასხივებულ" ადგილებს აღარ ეკარება.

- მკვდარი თევზი თუ ხვდება ზღვაში?

- დიდი ზომის ბადეებში მოქცეული თევზი იჭყლიტება და კვდება. მკვდარი თევზის ბორტზე ამოტანა, მისი სიმძიმის გამო, პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან გემს გადაბრუნების საფრთხე ექმნება. თურქები ბადეში ზემოთ მოქცეულ დიდ თევზებს იღებენ და თურქეთში გააქვთ, ხოლო დარჩენილს, ჩვენს გადამმუშავებელ ქარხნებში ჩაბარების ნაცვლად, ზღვაში ყრიან.  საყურადღებოა ისიც, რომ თევზი იმ ადგილებს, სადაც ფსკერზე მკვდარი ქაფშია იძირება და იხრწნება, სპეციფიკური სუნის გამო სამი წელი აღარ ეკარება, რაც მისი ტრადიციული მიგრაციის ადგილების შეცვლის მიზეზი ხდება.

ქაფშიის მოპოვების შემცირება მიგვანიშნებს, რომ იგი მიგრაციის მარშრუტს იცვლის! თუ უახლოეს ხანებში მდგომარეობის გამოსასწორებლად ზომებს არ მიიღებენ, საქართველოს შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში შეიძლება სარეწი თევზის მარაგი აღარ დარჩეს. მერე იძულებული გავხდეYბით, თევზჭერა დიდი ხნით ავკრძალოთ.

- ჩვენ თუ გვაქვს ტექნიკა, რომლითაც შესაძლებელია საჭირო რაოდენობის თევზის რეწვა?

- თავის დროზე საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ბალანსზე საერთაშორისო საზღვაო კონვენციათა მოთხოვნების შესაბამისი 56 საოკეანო გემი ირიცხებოდა. მათი საერთო ტვირთბრუნვა დიდად აჭარბებდა მილიონ ტონას, ხოლო ყოველწლიური შემოსავალი - 800-900 მლნ დოლარს. თევზსაჭერი ფლოტი კი ტექნიკურად გამართულ 25 ერთეულს ითვლიდა. დღეს ამ ტექნიკის ნაწილი კერძოა, ცუდ მდგომარეობაშია, თუUმცა მაინც შეიძლება მათი გამოყენება. სავაჭრო-სატრანსპორტო გემი კი აღარ გვაქვს.

- ჩვენი მოძველებული ტექნიკით მუშაობაც ისევე საშიშია ზღვის ფლორისა და ფაუნისთვის, როგორც თანამედროვე თურქული თევზსაჭერი გემების საქმიანობა?

- ჩვენი თევზსაჭერი გემები აღჭურვილია ექოლოტებით, რომლებიც სონარებისგან განსხვავებით, თევზს არ აფრთხობს. ამ დანადგარებით მხოლოდ მაშინ არის თევზის გუნდის აღმოჩენა შესაძლებელი, როდესაც სეინერი მას თავზე მოექცევა. მეტიც - ადრე, როცა თევზს ყველა წესის დაცვით იჭერდნენ, ქაფშია იმდენად უმნიშვნელოდ იცვლიდა მიგრაციის მარშრუტს, რომ გამოცდილ მებადურს ხშირად სანაპიროზე განლაგებული ობიექტების მიხედვითაც შეეძლო მისი აღმოჩენა და ექოლოტს მხოლოდ იმისთვის იყენებდა, დაედგინა, რა სიღრმეზე იყო თევზის გუნდი.

უტა ბიწაძე