მასშტაბური პრივატიზაცია უმსხვილეს სახელმწიფო სატრაქტორო ფირმასაც შეეხება
12-05-2014
მასშტაბური პრივატიზაცია უმსხვილეს სახელმწიფო სატრაქტორო ფირმასაც შეეხება
დაპირებების თანახმად, კერძო მფლობელობა რეგიონებში ხვნა-თესვას ხელს არ შეუშლის

"ჯერ მხოლოდ ის საწარმოები გაგვაქვს გასაყიდად, სადაც სადავო საკითხები ამოწურულია"


მთავრობა წინა ხელისუფლების მიერ ზარ-ზეიმით გახსნილ საწარმოებს ყიდის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ გასაყიდად რამდენიმე ობიექტი გამოიტანა, მათ შორის სათბურები, მარცვლეულის შესანახი ცენტრები და საჩითილე მეურნეობები. მომავალში კიდევ იგეგმება რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო საწარმოს გასხვისება.

საწარმოები თავის დროზე სახელმწიფოს ფულით შეიქმნა და ერთი ხანობა საბიუჯეტო დაფინანსება ჰქონდათ. ზოგი მალევე დაიხურა, ზოგიც არასრული დატვირთვით
მუშაობს. ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ კერძო სექტორი მათ უკეთ მიხედავს და მომგებიან ბიზნესად აქცევს.

არჩილ მელიქიძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე: "ელექტრონულ აუქციონზე სააგენტო გასაყიდად ათ საწარმოს გამოიტანს. თუ ერთი კომპანია სხვადასხვა ადგილას რამდენიმე წარმოებას ფლობს, ისინი ცალ-ცალკე ლოტებად იყიდება. მაგალითად, საქართველოს სათბურების კომპანია
სამ საწარმოს ფლობს: სათბურებს წეროვანში, სოფელ რუხსა და ახალსოფელში. რუხისა და ახალსოფლის სათბურებში ჩითილი მოჰყავთ, წეროვანის სათბურში კი პამიდორი, რომელიც გაჩერებულია. გასაყიდად გატანილია მარცვლეულის შესანახი ორი ცენტრი აბაშასა და ლაგოდეხში. სახელმწიფოს მფლობელობაშია ასევე მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანია - თესლის გადამმუშავებელი საწარმო თბილისში. ცალკე ლოტად გვაქვს გატანილი წეროვანის სათბურის ტერიტორიაზე მდებარე ლითონის კონსტრუქცია.

მალე გავიტანთ გორის სასათბურე მეურნეობას, რომელიც მუშაობს და იქ პამიდორი მოჰყავთ. ვაპირებთ საკვების წარმოების კომპანიის გასხვისებასაც, ეს თანამედროვე სამაცივრე დანადგარი ნატახტარში მუშაობს. შპს "ქართულ ბოსტნეულს" სხვადასხვა რეგიონში აქვს სავარგულები, მათ შორის სადემონსტრაციო ბაღები. ჯერ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი, ეს კომპანია როგორ გაიყიდება, რადგან მის ბაღებში ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს და ისინი შესაძლოა შესაბამის უწყებას გადაეცეს, რომელიც ამ საქმიანობას განაგრძობს. მოგვიანებით იგეგმება სახელმწიფოს კუთვნილი ღვინის ქარხნების, შპს "გრუზვინპრომისა" და შპს "აკურას" პრივატიზებაც. ამ საწარმოებს დამოუკიდებელი აუდიტორი აფასებს, შემდეგ კომისია, რომელშიც სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები შედიან, საწყის სააუქციონო ფასს დაადგენს და  ობიექტს გასაყიდად გავიტანთ.

"მექანიზატორის" გასხვისება გადაწყვეტილია, მაგრამ რა ფორმით, ამაზე  ვაპირებთ თანამშრომლობას მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან. ფირმის აქტივები 200 მილიონ ლარამდეა, მის ბალანსზეა 12 სერვისცენტრი სხვადასხვა რაიონში და 1000-ზე მეტი ტექნიკური საშუალება. "მექანიზატორი" ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია, ზოგიერთი მომსახურების გაწევა ქვეყანაში მხოლოდ მას შეუძლია. მაგალითად, ფლობს რამდენიმე მძიმე კომბაინს, თითოეულის ფასი დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარია. საქართველოში Aარის ეკონომიკურად ნაკლებად მომგებიანი რეგიონები, რომლებითაც კერძო სექტორი შესაძლოა არ დაინტერესდეს და ტექნიკა არ შეიყვანოს. ამიტომ მიმდინარეობს მუშაობა, პრივატიზაცია რა ფორმით მოხდება, რათა ზოგი რაიონი მომსახურების გარეშე არ დარჩეს.

- რა ელით ამ საწარმოებში დასაქმებულ ადამიანებს?

- თანამშრომლების დიდ რაოდენობაზე არ არის საუბარი, მაგრამ ერთი ადამიანის ბედიც მნიშვნელოვანია. მაგალითად, ახალსოფლის სათბურში მუდმივად დასაქმებულია ოთხი ადამიანი, სეზონზე კი, მოსავლის მიხედვით, 30-40. რუხშიც ამდენივეა. მარცვლეულის შესანახ ცენტრებში 15-20 თანამშრომელია. ჩვენ გვჯერა, რომ კერძო საკუთრებაში გადასვლის შემდეგ ამ საწარმოებში დასაქმებულთა რიცხვი მოიმატებს. კონკრეტულად ეს ადამიანები დასაქმდებიან თუ არა, ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის. ჩვენი მოთხოვნაა, საწარმოს პროფილი ახალმა მფლობელმა ხუთი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს.

წინა ხელისუფლება არ გამოირჩეოდა დიდი პატივისცემით სხვისი ქონების მიმართ, ამიტომ ბევრ შემთხვევაში ეს საწარმოები აშენებულია სხვის საკუთრებაზე. მაგალითად, გორის სათბური ისე ააგეს, რომ კერძო მფლობელებს ნაკვეთებისკენ მისასვლელი გზა გადაუჭრეს. ახლა ამ პრობლემებს ვაგვარებთ და ჯერ მხოლოდ ის საწარმოები გაგვაქვს გასაყიდად, სადაც სადავო საკითხები ამოწურულია. ასეთი პრობლემების მოგვარებას დასჭირდა დრო, თორემ ამ საწარმოების პრივატიზება ჯერ კიდევ შარშან ზაფხულს იყო გადაწყვეტილი. ასე რომ, არ გამოვრიცხავთ, აუქციონზე მომავალში გატანილ ლოტებში კერძო მესაკუთრეების მხრიდან განსაზღვრული პრეტენზიები გაჩნდეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით