"არაერთი შესანიშნავი გამოგონება უგზო-უკვლოდ დაიკარგა"
12-05-2014
"არაერთი შესანიშნავი გამოგონება უგზო-უკვლოდ დაიკარგა"
თბილისში ინოვაციების კვირეული მოეწყო, სადაც თანამედროვე ქართველ გამომგონებელთა მიღწევები წარმოადგინეს. მათი მაღალი პოტენციალი კიდევ ერთხელ დამტკიცდა. "ჩვენი გამომგონებლები წლების განმავლობაში უყურადღებოდ იყვნენ მიტოვებული, ვინ იცის, ამ წლებში რამდენი საინტერესო გამოგონება დაიკარგა!" - ამბობს საქართველოს პარლამენტთან არსებული საინოვაციო საბჭოს თავმჯდომარე თემურ მაისურაძე, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია:

- დიდი ხანია ამ სფეროში ვარ და ვიცი, რა მდგომარეობაში იყვნენ და არიან დღესაც საინტერესო ინოვაციების ავტორები. სსრკ-ში ნებისმიერი გამოგონება და პატენტი სახელმწიფოს ეკუთვნოდა და
რომც დაენერგათ პრაქტიკაში, ავტორს მაინც კაპიკებს უხდიდნენ. მე და ჩემს ძმას, ნოდარ მაისურაძეს, ერთობლივად არაერთი გამოგონება გვაქვს შექმნილი, ისინი წარმატებით გამოიყენებოდა საბჭოთა მრეწველობასა და ავიაციაში. საბჭოთა სისტემა თვითონ საზღვრავდა, რა სჭირდებოდა და რა არა, ამიტომ, ძალიან ბევრი გენიალური გამოგონება მაშინაც უგულებელყოფილი იყო. ვინმეს თუნდაც მობილური
ტელეფონი რომ შეექმნა, ვერავინ შეიტყობდა, რადგან ამაში საფრთხეს უფრო დაინახავდნენ, ვიდრე სარგებელს. საინტერესო გამოგონებას დაედებოდა გრიფი "საიდუმლო" და მისი ბედი არავის ეცოდინებოდა, ის არასოდეს გახდებოდა ხელმისაწვდომი.

- არაერთი გამოგონება დაიკარგა შემდეგაც...
- არავინ იცის, რამდენი რამ დაიკარგა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, უცნობი დარჩა მათი ავტორების ვინაობაც. სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო ამ ინფორმაციას ახლაც ვერ აღრიცხავს და არ აქვს მონაცემები, ვინ რას ყიდის. ჩვენ არც კი ვიცით, სად, რომელ ქვეყანაში რა გამოგონება გაყიდულა. როცა გამოგონების ავტორს მატერიალური პრობლემები აქვს და გამოსავალს ვერ პოულობს, ეძებს პარტნიორს, რომელიც ჩანაფიქრის შესრულებაში დაეხმარება. მასთან კი ჩვენი გამომგონებლები ძალიან დიდ კომპრომისებზე მიდიან. ფაქტობრივად, კაპიკებადაც გაყიდულა ისეთი გამოგონებები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს მილიონობით ლარის მოგებას მოუტანდა. უფრო მეტიც, ხშირად პატენტი იცვლება კიდეც.

- ეს რას ნიშნავს?
- დავუშვათ, პატენტი უკვე დაცული გაქვთ. პარტნიორი თქვენთან ერთად პოულობს რაღაც დამატებით სიახლეს, მერე აპატენტებს ამ სიახლეს და გამოგონების ოფიციალური მფლობელიც სწორედ ის ხდება და არა თქვენ. გამოდის, რომ მყიდველი ხდება პატენტის მფლობელიცა და გამოგონების ავტორიც. ხშირად ღიად გამოთქმული კარგი იდეაც კი დაგვიკარგავს. მაგალითად, ის, რომ მანქანის საჭესთან ერთად შეიძლება მისი ფარებიც შემოტრიალდეს. ეს იდეა ჯერ იაპონელებმა გამოიყენეს და მერე სხვა ქვეყნებმაც გადაიღეს.

გამოგონება ხშირად ძველდება - ნოვაცია, რომლის დროულად განხორციელება ვერ მოხერხდება, წლების შემდეგ აქტუალურობას კარგავს, რადგან სხვა ქვეყანაში ვიღაც უფრო ახალ ვარიანტს იგონებს. პატენტსაც აქვს თავისი გამოყენების ვადა, თუ ახალი გამოგონება გამოვიდა, რომელიც ძველს ფუნქციას უკარგავს, მაშინ მასზე ლაპარაკს აზრი აღარ აქვს. ეს მაშინ, როცა ერთ დროს იმ გამოგონებით შეიძლებოდა რამდენიმე ათეული მილიონი ეშოვა ავტორსაც და ჩვენს ქვეყანასაც.

გამოგონების მნიშვნელობის დასადგენად მომდევნო ეტაპების გავლაა საჭირო, ეს კი საქართველოში არასოდეს ხდებოდა. იგულისხმება რამე ინსტიტუციის, მექანიზმის არსებობა, სადაც გამოგონება იქცევა ნიმუშად, შემდეგ ის გავა საერთაშორისო საგამოფენო სივრცეში და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება შესაძლებელი გამოგონების საბაზრო კონკურენტუნარიანობის აღიარება. ვერც ერთი გამოგონება ვერ ჩაითვლება გლობალურად, თუ მას საერთაშორისო ასპარეზზე არ აღიარებენ.

- ხალხში ამბობენ, რომ ავტოკალამი პირველად ქართველმა გამოიგონა...
- დიახ, ეს მეც გამიგია: აშშ-ში ცხოვრობდა ქართველი გამომგონებელი - გრიგოლ კობახიძე, მილიონერი. მას ჯორჯ კობის სახელით იცნობდნენ. ცნობილია, რომ სამედიცინო ამპულებიც მისი გამოგონებულია. ახლა ძნელია დამტკიცება, მაგრამ სპეციალისტთა წრეშიც ამბობენ, რომ პირველი ბურთულიანი კალამი სწორედ მან შექმნა და მერე ეს გამოგონება გაყიდა. დღესაც ძალიან ბევრი ქართველი მეცნიერი საქმიანობს უცხოეთში. სამწუხაროდ, რას კარგავს საქართველო, ამის დათვლა შეუძლებელია, მაგრამ ის, რომ ქართველ გამომგონებლებს ამ დარგში ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ, უდავოა.

- დაგვისახელეთ რამდენიმე ინოვაცია, რომლის დანერგვაც ჩვენს ქვეყანას მოგებას მოუტანდა.

- მაგალითად, ახალი ტიპის ისრული გადამყვანი. ამ პროდუქტს შეიძენს ყველა ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც რკინიგზა გადის. ეს გამოგონება ჩვენ დაპატენტებული გვაქვს, მხოლოდ საერთაშორისო ბაზარზე გატანა სჭირდება და მერე დიდ მოგებას მოიტანს... მართვადი გამჭვირვალობის მინა სინათლის ენერგიით მუშაობს. მისი წყალობით შეგიძლიათ პულტით გაამუქოთ ან გააღიავოთ თქვენი სახლის, ან მანქანის მინები. ამ მოწყობილობას ენერგია არ სჭირდება, რადგან სინათლის ენერგიით იკვებება. ამასთან, ირეკლავს ინფრაწითელი სხივების 70%-ს. თქვენი ავტომობილის პროგრამას შეუძლია, მინის დამუქება კონკრეტული ქვეყნის კანონის მიხედვით შეცვალოს... საქართველოში დავაპატენტეთ გემების ჭავლით მართვის სისტემა, მაგრამ საერთაშორისო საპატენტო ხარჯები ვერ გავწიეთ. მცირედი ცვლილებით ის სხვა ქვეყანაშიც დააპატენტეს, რის გამოც საქართველომ ეს გამოგონება უკვე დაკარგა. მსგავსი მაგალითების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება. 2010 და 2011 წლებში უკრაინის დიდ საერთაშორისო კონკურსზე ორივეჯერ ქართველმა გამომგონებლებმა გაიმარჯვეს. ამ ფაქტისთვის ჩვენს საზოგადოებას ყურადღებაც არ მიუქცევია!

- რის გაკეთება შეიძლება ამ დარგში?
- ინოვაციების გარეშე დღეს ვერც ერთი ქვეყანა წინ ვერ წაიწევს. ვიდრე კომპანიები თვითონ დაიწყებენ ინოვაციების შექმნასა და დანერგვას, მანამ ეს სახელმწიფომ უნდა ითავოს. ეკონომიკის სამინისტროში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო შეიქმნა, რომელმაც საუკეთესო გამოგონებები საერთაშორისო ბაზარზე უნდა გაიტანოს. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დღესაც არის გამომგონებელთა ძლიერი სკოლა. ველოდები იმ დროს, როცა ქართველი გამომგონებელი იგრძნობს, რომ ვიღაცას მისი ნაშრომი სჭირდება.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით