ყველაფერი, სინდისის ჩათვლით, ვეღარ გაიყიდება - კვირის პალიტრა

ყველაფერი, სინდისის ჩათვლით, ვეღარ გაიყიდება

სტრატეგიული მნიშვნელობა შესაძლოა მიენიჭოს მაგისტრალურ მილსადენებს, პორტებს, ნავმისადგომებს, აეროპორტებს, აეროდრომებსა და სხვა ობიექტებს

წინა ხელისუფლებამ ფაქტობრივად, გააუქმა სტრატეგიული ობიექტის ცნება, რასაც ბენდუქიძის დროინდელი ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია მოჰყვა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მალე ქვეყანაში სტრატეგიული დანიშნულების ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ცნება აღდგება. ამ საკითხზე მთავრობის ეკონომიკური საბჭო მუშაობს. კონკრეტული დეტალები მას შემდეგ გახდება საჯარო, რაც კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს წარედგინება. ჯერჯერობით კი მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მაგისტრალურ მილსადენებს, პორტებს, ნავმისადგომებს, აეროპორტებს, აეროდრომებსა და სხვა სახელმწიფო თუ აწ უკვე კერძო მფლობელობაში არსებულ ობიექტებს. ეს ნიშნავს, რომ ამ ობიექტებს სახელმწიფოს ნებართვის გარეშე ვეღარ გაასხვისებენ.

სტრატეგიული ობიექტების ცნებაც და ჩამონათვალიც ქვეყანაში 2004 წლამდე არსებობდა და მათ გასხვისებას კანონი კრძალავდა. წინა ხელისუფლებამ ეს ჩამონათვალი მნიშვნელოვნად შეამცირა, ფაქტობრივად, გააუქმა სტრატეგიული ობიექტის ცნება, რასაც ბენდუქიძის დროინდელი ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია მოჰყვა. სწორედ ამ დროს გაიყიდა მანამდე სახელმწიფოს კუთვნილი პორტები, ჰესები და ქარხნები. სწორედ ამ პროცესს უკავშირდებოდა ბენდუქიძის ცნობილი გამონათქვამი, რომ ყველაფრის გაყიდვაა შესაძლებელი, სინდისის გარდა.

ექსპერტთა აზრი ამ საკითხზე ორად გაიყო. ერთნი ფიქრობენ, რომ ამგვარი მიდგომა უცხოელ ინვესტორებს დააფრთხობს. ექსპერტების მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ ქვეყანაში სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალი აუცილებლად უნდა არსებობდეს. ასეა თუ ისე, კანონპროექტი უახლოეს მომავალში კანონმდებელთა განსჯის საგანი გახდება.

გიორგი ციმინტია, "ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე: "2004 წლამდეც არსებობდა ასეთი ნუსხა, რომელიც ბევრ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს მოიცავდა. ისინი დღეს სრულად ან ნაწილობრივ გასხვისებულია და მათ მმართველობაში სახელმწიფოს როლი ნულოვანია. მაგალითად, ჰიდროელექტროსადგურები თითქმის სრულად გაიყიდა და შესაძლოა, მათ მფლობელებს გაუჩნდათ საფუძვლიანი შიში და კითხვები ამ ინიციატივის თაობაზე. შესაძლოა, გასხვისებულ ობიექტებს დაუწესდეს კონტროლის მაღალი დონე ან კომპანიის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში მთავრობის წარმომადგენლები ჩაერთონ. პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა ხომ არ იქნება გამოყენებული როგორც დიდი ბიზნესის გასაკონტროლებელი ბერკეტი? ვფიქრობ, ეს კითხვები სასწრაფოდ იმსახურებს განმარტებას.

მანკიერი მაგალითი არსებობს რუსეთში, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების (ჰიდროელექტროსადგური, ნავთობისა და ფოლადის მწარმოებელი კომპანიები) მმართველ ორგანოებში მთავრობას წარმომადგენლები ჰყავს და უმეტესწილად ისინი მართავენ ობიექტებს.

არსებითი საკითხია, რა კრიტერიუმებით მიენიჭება ობიექტს განსაკუთრებული მნიშვნელობის სტატუსი და საერთოდ, რას მოიაზრებს ეს სტატუსი. თუ ამით ობიექტების გასხვისება გართულდება, მაშინ კითხვები ჩნდება ამ ინიციატივის მიზანშეწონილობაზე - ამ სტატუსის ობიექტების გასხვისება მაინც შესაძლებელი იქნება და ეს კორუფციის რისკს ხომ არ გაზრდის?

შესაძლოა, პრემიერის ამ ინიციატივამ დააფრთხოს მსხვილი ინვესტორები, რომლებიც ჩართულნი არიან, მაგალითად, ენერგეტიკულ პროექტებში. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ დროულად უნდა გააკეთოს განმარტება ამ კანონპროექტის თაობაზე, რათა თავიდან აიცილოს ინვესტორთა შეშფოთება. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადებასა და განხილვაში ჩართოს ბიზნესჯგუფები და არასამთავრობო სექტორი".

გია ხუხაშვილი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "შეერთებულ შტატებშიც კი, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთი რეგულაციები მოქმედებს. თუ ვაღიარებთ, რომ შეერთებული შტატები ლიბერალური სამყაროს ფლაგმანია, ასეთი კანონიც უნდა მივიღოთ. იქ მოქმედებს უცხოური ინვესტიციების კომიტეტი, რომელიც არეგულირებს საკითხებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად შესაძლოა უკავშირდებოდეს ქვეყნის უსაფრთხოებას ან მის სტრატეგიულ ინტერესებს. გვახსოვს გახმაურებული შემთხვევა, როცა აშშ-ში ცხრა პორტის ყიდვა სურდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ კომპანიას და ეს დაიბლოკა. იყო ბევრი მსგავსი შემთხვევაც, დაკავშირებული რუსულ კომპანიებთან. "ევრაზჰოლდინგს" უნდოდა მეტალურგიული ქარხნის ყიდვა ამერიკაში და ამ შემთხვევაშიც ინვესტიციების კომიტეტმა თქვა უარი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს სტრატეგიული ინტერესები, თავისი გეოპოლიტიკური ფუნქცია და ხშირად ამა თუ იმ კერძო უწყებაშიც კი შესაძლოა უცხო პოლიტიკური ინტერესი აღმოჩნდეს. ტელეკომუნიკაციები იქნება ეს, საპორტო ინფრასტრუქტურა ან რკინიგზა, თუ უკონტროლოდ მოხდა ამ ყველაფრის პრივატიზება, სავსებით შესაძლებელია, ირიბად აღმოჩნდეს ჩართული იქ რომელიმე ქვეყნის პოლიტიკური ინტერესი. სად არის გარანტია, რომ ამას ჩვენს საწინააღმდეგოდ არ შემოაბრუნებს ობიექტის ახალი მფლობელი? "გაზპრომის" ევროპაში განვითარების საკითხს რომ დავაკვირდეთ, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა იყენებს ბლოკირების მექანიზმს - როცა, მაგალითად, "გაზპრომი" გაზგამანაწილებელი ქსელების შესყიდვით დაინტერესებას გამოხატავს.

ამ საკითხების სრული იგნორირება, ვფიქრობ, არაკომპეტენტურობით არის გამოწვეული. რატომღაც ჰგონიათ, რომ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს. საბაზრო ურთიერთობები ბევრ რამეს არეგულირებს ეკონომიკაში, მაგრამ არსებობს სეგმენტები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სახელმწიფო სტრატეგიულ ინტერესებთან. ასე რომ, სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალი ქვეყანაში აუცილებლად უნდა არსებობდეს".