გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირება სავალდებულო ხდება - კვირის პალიტრა

გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირება სავალდებულო ხდება

"პროდუქციის რისკიანობა მომხმარებელმა თავად უნდა შეაფასოს"

"რესტორანში რომ მწვადს შეუკვეთთ, მენიუში უნდა იყოს მითითებული, შეიცავს თუ არა ხორცი, რომლისგანაც ის უნდა მოგიმზადონ, გმო ინგრედიენტებს"

პირველი აგვისტოდან გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირება სავალდებულო ხდება. კანონი მეწარმეებს ავალდებულებს, თუ პროდუქტი გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს (გმო) შეიცავს, ეს ეტიკეტზე ქართულ ენაზე გარკვევით მიუთითონ. მთავრობის დადგენილებით, ეტიკეტირება შეეხება გმო-ს შემცველ დაუფასოებელ სურსათსაც, თუ ის განკუთვნილია საცალო სავაჭრო ქსელში გასატანად. ასეთ შემთხვევაში პროდუქციას უნდა ახლდეს წერილობითი საინფორმაციო ფურცელ-ჩანართები, ბუკლეტები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისთვის.

რამდენიმე დღის წინ მეორე მოსმენით გავიდა კანონი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში უკვე აკრძალულია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მიღება ბუნებაში, რათა ზიანი არ მიადგეს საქართველოს ბიომრავალფეროვნებას.

გიგლა აგულაშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე: "ცოტა ხნის წინ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ რამდენიმე პროდუქტის ლაბორატორიული ანალიზი ჩაატარა - აღმოჩნდა, რომ ისინი გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს შეიცავდა, ეს კი ეტიკეტზე არ იყო მითითებული. აქამდე კანონი ამას არ ითხოვდა და მწარმოებლები და მოვაჭრეები თავს არც იწუხებდნენ ამ ინფორმაციის მომხმარებლებისთვის მისაწოდებლად.

ზუსტად თქმა, რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით ბაზარზე, ძნელია, რადგან ფართომასშტაბიანი კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება პროდუქტები, რომლებშიც ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმისგან მიღებული ინგრედიენტებია. თავისთავად ეს კატასტროფა არ არის, განსაკუთრებული არაფერი ხდება, მთელ მსოფლიოში არის ასეთი პრაქტიკა და როგორც წესი, ასეთ პროდუქციას ყველა მოიხმარს. მაგრამ უწყვეტად მიმდინარეობს კამათი - რამდენად მავნებელია ასეთი პროდუქტი ადამიანის ორგანიზმისთვის. ამიტომ ბევრ ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომელიც მომხმარებლის ინფორმირებას ემსახურება. შემდეგ ის თავად გადაწყვეტს, იყიდოს თუ არა ასეთი პროდუქტი. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ ამ თემაზე, დღეს მსოფლიოში სოიის მოსავლის 3/4-ზე მეტი გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმებით მოყვანილი პროდუქტია, ისევე როგორც ბრინჯი. მაგრამ ამ პროდუქტებს ვიყენებთ საკვებად და, ალბათ, გამოვიყენებთ მომავალშიც. პროდუქციის რისკიანობა კი ყოველმა მომხმარებელმა თავად უნდა შეაფასოს.

ხშირად გენმოდიფიცირებული პროდუქტებისგან მომდინარე საფრთხე ერთგვარად სტიგმატიზებულია, ამ დროს არანაკლებ სახიფათოა ნებისმიერ პროდუქტში მძიმე ლითონების, ნიტრატების არსებობა. მეტიც, თუ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მავნებლობა საკამათოა, ჩამოთვლილი ნივთიერებების მავნებლობა საკამათო ნამდვილად არ არის. ასე რომ, ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ გმო-ს შემცველ ეტიკეტირებაზე, არამედ საზოგადოდ პროდუქციის ეტიკეტირებაზე, მწარმოებელი უნდა მივაჩვიოთ პროდუქტზე სრული ინფორმაციის დატანას. ეს ხელს შეუწყობს კონკურენციის ზრდას და ბაზარზე მეტი ხარისხიანი პროდუქციის შესვლას.

- კანონი ადგილობრივ მწარმოებლებს დაავალდებულებს ეტიკეტზე გმო-ს შემცველობის მითითებას, მაგრამ იმპორტირებული პროდუქცია როგორ გაკონტროლდება?

- თუ პროდუქციას შემადგენლობის აღმნიშვნელი ეტიკეტი არ ექნება, ის ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდად ვერ გამოვა. ეტიკეტირება შეიძლება მოახდინოს როგორც მწარმოებელმა, ასევე ტრეიდერმა. ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს, კანონი ამას არ განსაზღვრავს. მისი მთავარი მოთხოვნაა, დახლზე პროდუქტს ეტიკეტი ჰქონდეს.

- დაფასოებული პროდუქცია გასაგებია, მაგრამ რაც შეუფუთავად იყიდება, იმის ეტიკეტირება როგორ მოხდება?

- ნებისმიერ დროს და ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც არ იყოს შეფუთული ან დაფასოებული, პროდუქციის თანმხლებ დოკუმენტში ინფორმაცია უნდა არსებობდეს. მეტიც, საზოგადოებრივი კვების ობიექტში თანმხლებ დოკუმენტშიც კი უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია პროდუქტის შემადგენლობის შესახებ. მაგალითად, თქვენ რომ რესტორანში მწვადს შეუკვეთთ, მენიუში უნდა იყოს მითითებული, შეიცავს თუ არა ხორცი, რომლისგანაც ის უნდა მოგიმზადონ, გმო ინგრედიენტებს. ვნახოთ, მას შემდეგ, რაც კანონი ძალაში შევა, შესაძლოა, კიდევ უფრო გავამკაცროთ მოთხოვნები.

- როგორ დაისჯება კანონდამრღვევი?

- კანონდამრღვევს ადმინისტრაციული ჯარიმები დაეკისრება. ჩვენ ვფიქრობდით ოქროს შუალედზე, რათა, ერთი მხრივ, მეწარმეობა არ შეფერხებულიყო დიდი ჯარიმებითა და რთული ადმინისტრირებით, მეორე მხრივ კი ჯარიმა არ უნდა იყოს იმდენად ცოტა, რომ მეწარმისთვის კანონის დარღვევა დაბრკოლებას არ წარმოადგენდეს. შევჯერდით, რომ მცირე მეწარმისთვის ჯარიმა იქნება 500 ლარი და ქვემოთ, ხოლო მსხვილი მეწარმეები 500 ლარით დაჯარიმდებიან.

- ეტიკეტზე ზოგჯერ ისეთი წვრილი შრიფტით არის ინფორმაცია დატანილი, რომ მისი შინაარსის გარჩევა ჭირს. თუ გაითვალისწინებს პროდუქციის ეტიკეტირების კანონი ამ გარემოებას?

- მთავრობის დადგენილებაში სურსათის ეტიკეტირების შესახებ პირდაპირ წერია, რომ ეტიკეტზე განთავსებული სავალდებულო ინფორმაცია მომხმარებლისთვის უნდა იყოს სრული, გასაგები, შესამჩნევი, ადვილად წასაკითხი. დაუშვებელია წარწერის გადაფარვა სხვა წარწერით ან ნახატით. ეტიკეტზე სურსათის დასახელება და შემადგენლობა განთავსებული უნდა იყოს გამოსაჩენ ადგილას და წარწერა უნდა გაკეთდეს ქართულ ენაზე.