ქართული ხილ-ბოსტნეული საშინაო ბაზარზე ვერ მკვიდრდება - კვირის პალიტრა

ქართული ხილ-ბოსტნეული საშინაო ბაზარზე ვერ მკვიდრდება

"ჩვენს ფერმერებს ძალიან უჭირთ მოსავლის გაყიდვა და ამიტომ მეტისმეტად იაფად ყიდიან სეზონზე"

რომელი ქვეყნიდან შემოტანილ სურსათს აღარ შეხვდებით მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში. ამ მრავალფეროვნებაში ქართულ პროდუქციას საკმაოდ მოკრძალებული ადგილი უჭირავს, მათ შორის, ხილ-ბოსტნეულსაც. საადრეო მოსავლის წყალობით დღეს ქართული ხილი და ბოსტნეული სავაჭრო ქსელში მეტია, ვიდრე ზამთარში იყო, თუმცა, უცხოური პროდუქცია ძლიერ კონკურენტად რჩება ფასითაც და ხარისხითაც. დიდ სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში პროდუქტს ეტიკეტი აქვს და აწერია, საიდან არის შემოტანილი, შედარებით მცირე სავაჭრო ობიექტებში კი ასეთი მითითება თითქმის არ არის, მეტიც, იქ ხშირად ვერ (თუ - არ?) გეუბნებიან პროდუქტის სადაურობას.

ნინო ნ. (კონსულტანტი): - დიდი სუპერმარკეტების ქსელში ვმუშაობ. გვაქვს როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტირებული პროდუქცია. მაგალითად, კარტოფილი ქართულია, ბულგარული წიწაკა, ლობიო და ბადრიჯანი - თურქული. ნიორი იმპორტირებულიც გვაქვს და ქართულიც, მწვანილი კი ძირითადად ქუთაისიდან შემოდის. ბადრიჯანი, ხახვი, მანგო, ანანასი, ფორთოხალი თურქეთიდან არის შემოტანილი. ადგილობრივი პროდუქცია ხშირად უფრო ძვირია: ამჟამად თურქული პამიდორი 2,90 ლარი ღირს, ქართული კი - 4,20, ხოლო დიღმის კიტრი ლამის სამჯერ ძვირია უცხოურზე.

ეთერ სარჯველაძე (საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი, თსუ-ის პროფესორი): - რამდენიმე წლის წინ ჩეხმა სტუმარმა მთხოვა, წასვლის წინ თქვენებური პამიდორი უნდა ვიყიდო, რომ ჩემს ახლობლებს ვაჩვენო, როგორია ნამდვილი პამიდვრის გემოო. ჩვენს მაღაზიებში ხშირად შერეულია იმპორტული და ადგილობრივი პროდუქცია და მომხმარებელმა არ იცის, რას ყიდულობს, ამიტომ ხშირად გაიგონებთ საყვედურს, რომ ხილმა და ბოსტნეულმა ძველი გემო და არომატი დაკარგა. წესით, ნებისმიერ პროდუქტს უნდა ეწეროს წარმომავლობა, ადამიანმა უნდა იცოდეს, რამდენად სუფთა გარემოში მოიწიეს ნაყოფი, რომელშიც თანხას იხდის, აგრეთვე, რომელ ქვეყანაში. მომხმარებელს ინფორმაცია უნდა ჰქონდეს და შემდეგ თვითონ გადაწყვეტს, შეიძინოს თუ არა სხვა ქვეყნებში წარმოებული პროდუქტი.

როგორც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ გვითხრა, "საქართველოში თითქმის ყველა სახის ბოსტნეული მოდის. სამწუხაროდ, სავაჭრო ქსელში ხილისა და ბოსტნეულის 80% შემოტანილია. აგრარულ ბაზრებში მეტია ქართული პროდუქტი, ვიდრე სუპერმარკეტებში.

რატომ არის უცხოური საქონელი უფრო კონკურენტუნარიანი? უპირველესად იმიტომ, რომ ჩვენს ფერმერებს ძალიან უჭირთ მოსავლის გაყიდვა და ამიტომ სეზონზე მეტისმეტად იაფად ყიდიან. მაგალითად, ახალციხეში სომხეთიდან ჩამოდიან და კარგ კარტოფილს ყიდულობენ, ზამთარში კი, როცა ამ უმნიშვნელოვანესი საკვები პროდუქტის მარაგი აღარ გვაქვს, ძვირად შემოგვაქვს სომხეთიდან, ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან. ნიორი საქართველოში მაღალი ხარისხის მოდის, მაგრამ მას დიდ კონკურენციას უწევს ჩინური ნიორი, რომელიც ხარისხითა და გემოთი ქართულს ვერ სჯობს... ბოლო დროს არაერთი სასათბურე მეურნეობა გაიხსნა და ადგილობრივი კიტრი და პამიდორი, სიძვირის მიუხედავად, დიდ კონკურენციას უწევს შემოტანილს. მრავლისმეტყველია ციტრუსის მაგალითი: საქართველოში შემოაქვთ ეგვიპტური მანდარინი, რომელიც დამუშავებულია და კანზე პარაფინს უსვამენ, მიმზიდველი ფერი რომ ჰქონდეს და გამძლეც იყოს, აჭარაში კი წლეულს ლამის მთელი მოსავალი იზარალეს, რადგან ვერ გაყიდეს და არც სამაცივრე დანადგარები ჰქონდათ შესანახად.

ალბათ, ქართველ ფერმერებს კიდევ უფრო გაუჭირდებათ, როცა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მაღალი ხარისხის ევროპული სურსათი შემოვა. არადა, ჩვენს ქვეყანაში 22 კლიმატური ზონაა და ძალიან ბევრი პროდუქტის მოყვანა შეიძლება, თუ მაინცდამაინც ბუნებრივ პირობებში არა, სათბურში მაინც. საკუთარი პროდუქცია საქართველოს იმიტომ არ ჰყოფნის, რომ ჯერჯერობით წარმოება მასშტაბური არ არის.

ხათუნა ჩიგოგიძე