2014 წელს ვიზიტიორების ნაკადის 18%-იან ზრდას ველოდებით
26-05-2014
2014 წელს ვიზიტიორების ნაკადის 18%-იან ზრდას ველოდებით
"ყველაზე წარმატებული ის საოჯახო სასტუმროებია, რომლებსაც აქვთ საკუთარი, თუნდაც მცირე მეურნეობა"

"როცა დამსვენებელს დაბინძურებული პლაჟი და სანაპირო ხვდება, სასტუმროს კარზე ოქროს საწმისიც რომ ჩამოვკიდო, კმაყოფილი მაინც არ იქნება"


ზაფხული დამსვენებლისთვის ნანატრი დასვენების, კურორტების მცხოვრებთათვის კი დაძაბული მუშაობის პერიოდია - განსაკუთრებით, საოჯახო სასტუმროებისთვის. ახლოვდება საკურორტო სეზონი და როგორც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, ქვეყანას მომავალში უფრო ბევრი საოჯახო სასტუმრო დასჭირდება, ამისთვის კი აუცილებელია ხელშეწყობაც. აღსანიშნავია, რომ ახლახან მთავრობამ ომისგან დაზარალებულ ქობულეთელ სასტუმროების
მფლობელებს გაუწია შეღავათი.

ია თაბაგარი, საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე: - საოჯახო სასტუმროები აუცილებელი სეგმენტია. სიიაფესთან ერთად, ტურისტს მეტი არჩევანი ეძლევა, თანაც მეტი შეხება აქვს ადგილობრივ მოსახლეობასთან. საოჯახო სასტუმროები ადამიანების დასაქმების კარგი წყაროა. ყველაზე წარმატებული ის საოჯახო სასტუმროებია, რომლებსაც აქვთ საკუთარი, თუნდაც მცირე მეურნეობა. კვება ხშირად
შედის საოჯახო სასტუმროს მომსახურებაში და როცა მეურნეობა საკუთარია, სურსათი უფრო იაფი ჯდება.

სასტუმროებისთვის არსებობს საერთაშორისო ინსტრუქციები, როგორი უნდა იყოს დამსვენებლისთვის განკუთვნილი ოთახი, როგორი ფარდა უნდა ეკიდოს, გამჭვირვალე უნდა იყოს თუ მუქი, როგორ უნდა განალაგონ საწოლები და სხვ. ეს ინფორმაცია ზოგჯერ ვერ მიდის საოჯახო სასტუმროების მფლობელებამდე, ამიტომ ხშირად ელემენტარული წესებიც კი ირღვევა. სტანდარტის მიხედვით, ერთადგილიანი ოთახი უნდა იყოს, სულ მცირე, 9 კვმ, ხოლო ოროთახიანი - 12 კვმ; ოთახს უნდა ჰქონდეს ფანჯარა და დამოუკიდებელი შესასვლელი; იქ არ უნდა ეკიდოს მასპინძლის პირადი ნივთები, გარდაცვლილი ნათესავების ფოტოები, შესასვლელში მისი ფეხსაცმელი არ უნდა ეწყოს და ა.შ. ეს ნორმები ზოგჯერ ყველაზე შორეულ სოფელშიც კი ისეა დაცული, გაგიკვირდებათ, მაგრამ ზოგი ამ სტანდარტებს არც იცნობს და ვერც იცავს. მომავალში საოჯახო სასტუმროებზე მოთხოვნა მხოლოდ მოიმატებს და ეს კარგია, რადგან საკურორტო ზონაში არაერთი ოჯახი ამით ცხოვრობს.

თამაზ გოგიბერიძე, ქობულეთის საოჯახო სასტუმრო "ფიჭვნარის" მფლობელი: - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აქაური საოჯახო სასტუმროების უმეტესობას ვალი დაედო. ომი რომ არა, ქობულეთი პანსიონების ქალაქი გახდებოდა, რადგან ყველას გამოტანილი ჰქონდა სესხი და თითქმის ყველა ოჯახს საოჯახო სასტუმრო უნდა ემუშავებინა. უმეტესობას ბანკის პრობლემა დღემდე ვერ გადაუწყვეტია. არადა, ბანკის ვალების გამო დღეს ქობულეთის მოსახლეობის მხოლოდ 15-20% ზრუნავს თავისი სასტუმროს გარემონტებასა და შელამაზებაზე, რადგან ამას დიდი თანხა სჭირდება. ხელისუფლებამ ვალის გასასტუმრებლად სამი წლის ვადა მოგვცა. ძნელია ამ დროში ვალის გადახდაც და ბიზნესის შენარჩუნებაც, თუმცა, ვაღიარებთ, რომ გადავადება სულის მოთქმისა და გადარჩენის ერთადერთი გზაა. მაგალითად, მე სამი თვის წინ ბანკიდან 40 ათასი ლარი ვისესხე, გავაკეთე რემონტი, სველი წერტილები დავამატე, ავეჯი შევცვალე და ახლა ველოდები, თუ ჩამოვა დამსვენებელი. წინასწარ ეს არავინ იცის. საერთოდ, საკურორტო ბიზნესი სარისკო საქმეა. დამსვენებელი პლაჟზე ხომ უნდა გავიდეს? ზღვაში ხომ უნდა შევიდეს? - აქ იწყება პრობლემები, რომლებიც ბევრ ქართულ კურორტს აქვს. როცა დამსვენებელს დაბინძურებული პლაჟი და სანაპირო ხვდება, სასტუმროს კარზე ოქროს საწმისიც რომ ჩამოვკიდო, კმაყოფილი მაინც არ იქნება. მხოლოდ გამართული ინფრასტრუქტურით, სუფთა სანაპიროთი გავუწევთ კონკურენციას თუნდაც მეზობელ თურქეთს.

ალექსანდრე ონოფრიშვილი, გუდაურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი: - საოჯახო სასტუმროები მნიშვნელოვანია სამთო კურორტებისთვისაც. ყაზბეგსა და გუდაურში დღეს ბევრი ასეთი სასტუმროა, სადაც ტურისტს შეუძლია დაბინავდეს გაცილებით იაფად, ვიდრე მაღალი კლასის სასტუმროში. ასევეა სვანეთში, თუშეთსა და ხევსურეთში. მცირე საოჯახო სასტუმროები აბალანსებენ ჩვეულებრივი სასტუმროების ნაკლებობას და იზიდავენ უცხოელებს, რომელთა უმეტესობას 4-5-ვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრებაზე მეტად აინტერესებს ოჯახური გარემო და უკაცრიელი, მიუვალი ადგილები. გვინდა საზაფხულო ტურიზმი გუდაურშიც განვითარდეს. ავამოქმედებთ საბაგიროებს, გაკეთდება ველოტრასები და ამაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც მხარს გვიჭერს. გათოვლიანების სისტემა და ხელოვნური ტბა კი გუდაურს ოთხივე სეზონის კურორტად გადააქცევს.
რუსუდან მამაცაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე: - ყველა სასტუმროს თავისი მომხმარებელი ჰყავს. საკმაოდ მაღალია 4-ვარსკვლავიანი ბრენდსასტუმროების დატვირთვაც. 2-3-ვარსკვლავიანი სასტუმროების ნაკლებობას კი საოჯახო სასტუმროები ანაზღაურებს. საქართველოში 1 075 განთავსების ობიექტი და 37 800-მდე საწოლი ადგილია, აქედან საოჯახო სასტუმროების წილი 17%-ია. მათზე მოთხოვნა კვლავაც მაღალი იქნება, რადგან მოსალოდნელია ვიზიტიორების რაოდენობის ზრდა, ამასთან, ამ ტიპის სასტუმროებს განსაკუთრებით ეტანება ადგილობრივი დამსვენებელიც... დარწმუნებული ვართ, ვიზიტიორების ნაკადი გაიზრდება და 2014 წელს დაახლოებით 18%-იან ზრდას ველოდებით - ჩვენი ვარაუდით, წლეულს საქართველოში ექვს მილიონზე მეტი ვიზიტიორი და დამსვენებელი შემოვა.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით