თბილისი "დენთის კასრზე"?! - კვირის პალიტრა

თბილისი "დენთის კასრზე"?!

"გაზიფიკაციის წესების ცვლილება მონოპოლიზაციას გამოიწვევს"

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მოამზადა ცვლილებები ბუნებრივი აირის მიწოდებისა და მოხმარების წესებში. ახალ რეგულაციებს გაზიფიცირების სფეროში მომუშავე შპს-ების ასოციაცია ეწინააღმდეგება. ისინი აცხადებენ, რომ კომისია არასწორი გადაწყვეტილებით მონოპოლიის გაჩენას შეუწყობს ხელს.

გოჩა ფირცხალავა, შპს-ების ასოციაციის წარმომადგენელი: - ფაქტობრივად, თბილისი დენთის კასრზე დგას. ეს არაერთხელ მითქვამს მერიაში და ჩვენი დამკვეთი კომპანიების, კონკრეტულად კი "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლებთანაც. გაზმომარაგების მილების მიწაში განთავსებას თავისი წესები აქვს, რასაც ლიცენზიატები არ იცავენ. მათთვის მნიშვნელოვანი ხარისხი და უსაფრთხოება კი არა, სახსრების დაზოგვაა, რითაც საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას. დაუშვებელია შენობა-ნაგებობებთან საშუალო წნევის გაზსადენის (4 მეტრში) განლაგება, აგრეთვე ქვეითად მოსიარულეთა ადგილებში გაზმომარაგების გაყვანილობის განთავსება. თანაც მილებს პირდაპირ ასფალტის საფრის ქვეშ აწყობენ. წესით კი, მილი სულ ცოტა 80 სმ-ზე უნდა ჩაიფლას მიწაში და სპეციალური საფარით დაიფაროს,  ამის შემდეგ შეიძლება ასფალტის გადაგება. დაუცველად ჩადებული მილი ადვილად ზიანდება, შეიძლება ბუნებრივი აირი გაიჟონოს. სწორედ ეს მოხდა 1985 წელს თბილისში, "ისნის" მეტროს სადგურთან. მაშინ ბუნებრივმა აირმა გასასვლელი ნახა, საცხოვრებელ კორპუსში, მიწის ქვეშ დაგროვდა და აფეთქება გამოიწვია.

- რით შეზღუდავს კომისიის ახალი რეგულაციები გაზმომარაგების სისტემაში მომუშავე საწარმოებს?

- გაზიფიცირების სისტემაში მომუშავე შპს-ების ასოციაცია 32 შპს-სა და 10 ინდმეწარმეს აერთიანებს. ახალი წესებით, მხოლოდ ხუთიოდე ლიცენზიატს ("ყაზტრანსგაზი", "სოკარი" და სხვ.) ექნება ბუნებრივი აირის შეყვანის უფლება. ადრე ისინი ჩვენ გვიკვეთდნენ გაზის შეყვანას და ნამუშევარსაც გვიმოწმებდნენ, ახლა საკუთარ თავს შეამოწმებენ და დასჯიან?! ლიცენზიატები უკვე საკუთარ ფირმებს შექმნიან და სამუშაოებსაც მათ დაუკვეთეEნ, ჩვენ კი უბრალოდ ჩავიძირებით. თანაც "სოკარი" დანარჩენ ლიცენზიატებს რესურსებით შეუდარებლად აღემატება და შესაძლოა გაზიფიკაციის დაკვეთებიც მთლიანად აიღოს.

- დადგენილების ამოქმედება ბუნებრივი აირის შეყვანის ტარიფსაც გაზრდის?

- თუ  პროექტს შემოთავაზებული სახით მიიღEებენ, მოთხოვნების გამკაცრების გამო, ლიცენზიატი ზარალზე გავა და როგორც კომერციულ კომპანიას, ტარიფის მომატების მოთხოვნის სრული უფლება ექნება. რადგან ბაზარზე არალიცენზიატები არ იქნებიან, მოსახლეობაც გაზრდილ ტარიფებს დათანხმდება...

გიორგი ფანგანი, მარეგულირებელი კომისიის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორი:

- კომისიამ გადაწყვიტა, დანერგოს ისეთივე რეგულაციები, როგორიც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედებს. მკაცრი რეგულაციების წყალობით, კომისია წარმოადგენს ერთგვარ გარანტორს, რომ დაინტერესებული პირი ბუნებრივ აირს დროულად და ხარისხიანად მიიღებს.

- შპს-ების ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ ლიცენზიატი ფირმები უხარისხო მილსადენებს იყენებენ და მიწაშიც არასწორად დებენ.

- ლიცენზიატების საქმიანობა მკაცრად კონტროლდება. მიერთების შედეგად შექმნილი აქტივი ლიცენზიატის საკუთრებაა და საექსპლუატაციო ხარჯები და რემონტიც მისი გასაწევია. იგი არ ჩაატარებს ისეთ სამუშაოებს, რომ მერე უფრო ძვირი დაუჯდეს... კომისია აპირებს, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები ისეთი კონსენსუსის მოსაძებნად, რომ  ყველა დაინტერესებული მხარის უფლება დაცული იყოს.