საბოტაჟი ავტოდილერების წინააღმდეგ?! - კვირის პალიტრა

საბოტაჟი ავტოდილერების წინააღმდეგ?!

საქართველო, შესაძლოა, ავტომობილების "სასაფლაოდ" იქცეს

საქართველოდან აზერბაიჯანში 2013 წელს - 24 ათასი, სომხეთში კი 17 ათასი ავტომობილი გავიდა. წლეულს, აპრილში კი აზერბაიჯანში რეექსპორტმა 70%-ით დაიკლო. დაახლოებით ერთ თვეში შეწყდება ავტომობილების რეექსპორტი სომხეთშიც, როცა ის ევრაზიული საბაჟო კავშირის წევრი გახდება. თავის დროზე, სწორედ ამ მიზეზით დაიხურა ყაზახეთის ბაზარიც. არადა, 2009 წელს ყაზახეთში საქართველოდან 20 ათასი მანქანა გაიყვანეს... ავტოდილერები საბოტაჟზე საუბრობენ.

თემურ ბაღდადაშვილი, ინდმეწარმე: - მეორადი ავტომობილებით ვაჭრობაში საქართველოში ჩართულია 25-30 ათასი ინდმეწარმე. გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთდროულად მიიღეს აზერბაიჯანის მთავრობამ და თურქეთის საბაჟომ, ავტოდილერებში საფუძვლიან ეჭვს იწვევს. აზერბაიჯანში 2014 წლის 30 აპრილიდან აიკრძალა 2005 წელზე ადრე გამოშვებული მანქანების იმპორტი და დაშვებულია 2005 წელს და უფრო გვიან გამოშვებული ავტომობილების შეყვანა - ეკოლოგიური სტანდარტით ევრო-4. ამ დროს, ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ იკრძალება ევრო-2-ისა და ევრო-3-ის სტანდარტების ავტომანქანების ექსპლუატაცია. როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები, უმეტესად მძღოლები, გვეუბნებიან, მათ ევრო-4 სტანდარტის ავტომობილების მომსახურებისთვის არც შესაბამისი სერვისი აქვთ ქვეყანაში და არც შესაბამისი ხარისხის საწვავი.

თურქეთის საბაჟოს 2014 წლის 1-ლი მაისის გადაწყვეტილებით, თურქეთის ტერიტორიაზე არ გვატარებენ ევროპიდან დატვირთული მიკროავტობუსებით, სადაც, ძირითადად, მოთავსებულია მეორადი ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვა, რის გადმოტანასაც კანონი არ კრძალავს. 1-ელ მაისამდე ასეთი მიკროავტობუსებით თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისთვის გვარიან გადასახადს ვიხდიდით 150-დან 2.000 ევრომდე - იმის მიხედვით, ღერძზე რამდენსაბურავიანი ავტომობილით ვკვეთდით საზღვარს და იყო თუ არა ის დატვირთული. ახლა კი თურქეთის საზღვრიდან მანქანებს უკან აბრუნებენ, ევროპიდან წამოღებული ერთი საბურავიც რომ ედოს საბარგულში. მძღოლები მძიმე მდგომარეობაში არიან,  ასობით და ათასობით ევროს ღირებულების საქონელს ვყრით ან სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ვჩუქნით.

ეჭვს სწორედ ეს იწვევს - რატომ თქვა უარი თურქეთის საბაჟომ ოფიციალურ გადასახადზე, რომელიც ჩვენთვის დიდი ტვირთი იყო, საბაჟოსთვის კი დიდი შემოსავალი - ყოველდღიურად ათიათასობით ევრო.

სამაგიეროდ, ტერმინალები ჩვენთვის მანქანების სასაფლაოდ იქცა, რადგან შემოყვანილ ავტომობილებს ვერსად ვყიდით. ხარჯიც იმატებს: 5-8 ლარს ავტომობილის გაჩერებისთვის ყოველდღიურად ვიხდით; თითქმის ყველა მანქანას, რომელიც რუსთავის ავტობაზრობაზე დგას, განბაჟების ვადა გაგრძელებული აქვს, რისთვისაც 300 ლარი აქვს გადახდილი მის მფლობელს, არაერთ მფლობელს კი განბაჟების ვადების გადაცილებისთვის 1.000-ლარიანი ჯარიმა აქვს გადახდილი. მეწარმეები ავტომობილების მოშორებას ცდილობენ და ამიტომ თვითღირებულებაზე 20-40% ნაკლებ ფასად სთავაზობენ მყიდველებს, მაგრამ შედეგი მაინც არ არის. ბანკებში და ავტობაზრობაზე კი "მრიცხველები" ჩართულია. ამ ყოფაში მყოფი ავტოდილერები გამოსავალს ეძებენ და ხელს მთავრობისკენ იშვერენ. იქნებ ეს დაგეგმილი საბოტაჟია და ჩვენი გაკოტრებისკენ არის მიმართული? ცოტა ხნის წინ კი ავტოდილერთა შორის გავრცელდა ინფორმაცია, რუსთავის ავტობაზრობა კომპანია "სოკარმა" იყიდაო. იმასაც ამბობენ, რომ აზერბაიჯანში ძველ ავტომობილებზე დაწესებული სანქცია დროებითია და გაუქმდება. ალბათ, მას შემდეგ, რაც გაკოტრებული ავტოდილერები ბაზრიდან განიდევნებიან და რეექსპორტი ერთი მონოპოლისტის ხელში მოექცევა.

ვასო ურუშაძე, კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" წარმომადგენელი: - ავტომობილების რეექსპორტს ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს და ბიუჯეტისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. მხოლოდ შარშან ნახევარ მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ავტომობილები გავიდა, რეექსპორტის კუთხით საქართველო რეგიონში ერთგვარ კვანძადაც კი ჩამოყალიბდა.

ავტომობილების რეექსპორტის ფაქტობრივი კოლაფსი მთელ ეკონომიკაზე აისახება.

პრობლემები გვერდს არ აუვლის საავტომობილო პარკსაც. დღეს საქართველოში 900 ათასი რეგისტრირებული ავტომობილია, რომელთა უმრავლესობის "ასაკი" 10-15 წელს აჭარბებს, შესაბამისად, ექსპლუატაციის ვადები ამოწურული აქვთ. საავტომობილო პარკის განახლებაც ავტობიზნესის ხარჯზე ხდებოდა, სხვა ქვეყნებში მასობრივად გადიოდა მეორადი ავტომობილები, რომელთა ადგილს შედარებით ახალი მანქანები იჭერდნენ. 2015 წლისთვის სავალდებულო ტექდათვალიერებისა და სავალდებულო დაზღვევის აღდგენამ საქართველო, შესაძლოა, ავტომობილების "სასაფლაოდ" აქციოს.