"ინვესტორები ელოდებიან მთავრობის უფრო აქტიურ გადაწყვეტილებებს სტრატეგიულ პროექტებზე"
16-06-2014
"ინვესტორები  ელოდებიან მთავრობის უფრო აქტიურ გადაწყვეტილებებს სტრატეგიულ პროექტებზე"
5-6%-იან ეკონომიკურ ზრდას 1-1,1 მილიარდის ინვესტიცია განაპირობებს

მოქმედი ხელისუფლება, წინამორბედის მსგავსად, დიდ იმედს ამყარებს ინვესტიციების შემოსვლაზე, რამაც ეკონომიკას მნიშვნელოვანი ბიძგი უნდა მისცეს. ბოლო ათწლიან მონაკვეთში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია 2007 წელს შემოვიდა - 2 მილიარდ დოლარზე მეტი. მას შემდეგ უცხოურმა დაბანდებებმა მხოლოდ ორჯერ, 2008 და 2011 წელს გადალახა მილიარდიანი ზღვარი. მთავრობის პროგნოზით, წლეულს ინვესტიციები 1-1,1 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება, თუმცა, პირველი I კვარტალის მონაცემები დიდი ოპტიმიზმის საფუძველს ჯერჯერობით არ იძლევა.

ირაკლი ლექვინაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში:
- ინვესტიციების ზრდა თავისთავად კარგია, მაგრამ ზრდის ეს მაჩვენებელი სურათს დიდად ვერ ცვლის.

- რამდენიმე წელია, ნიდერლანდები საქართველოში ნომერი პირველი ინვესტორია. უფრო მეტად რომელ სექტორებში აბანდებენ ფულს?

- ნიდერლანდებში ოფშორულთან მიახლოებული პირობებია კაპიტალის დაბანდებისთვის ან კაპიტალის ტრანზიტისთვის. ამ ქვეყანაში დარეგისტრირებული
კომპანიები ბევრ განვითარებულ ქვეყანაშიც გვევლინებიან ინვესტორებად. საქართველოშიც ამ ქვეყნიდან შემოსული კაპიტალი ტრანზიტული ფულია და არა უშუალოდ ამ ქვეყნის მოქალაქეების კაპიტალი. საუბარია, ძირითადად, საფინანსო სექტორზე, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე.

- ინვესტიციებში ფინანსური სექტორის ლიდერობა რამდენად კარგია ჩვენისთანა ეკონომიკისთვის?

- ეს წარმოაჩენს, რომ საქართველოში საფინანსო სექტორი ყველაზე განვითარებული, მზარდი და სტაბილურია, საბანკო საფინანსო სექტორი ქვეყნის მშპ-ში მნიშვნელოვან წილს იკავებს. პრობლემა ის არის, რომ თუ განვითარებულ ქვეყნებში საბანკო სექტორი სხვა სექტორების მხარდამჭერია და მათ იაფ კაპიტალს აწვდის, ჩვენთან, მაღალი რისკების გამო, საფინანსო სექტორი საკმაოდ მაღალ მარჟებზე მუშაობს და ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ბიზნესსექტორიდან მოგებას ქაჩავს. საბანკო სექტორი წელიწადში 300-400 მლნ ლარის მოგებაზე გადის, ბიზნესის სხვა სექტორებში კი მოგება ნაკლებია, რადგან მათი სახსრები სესხების მომსახურებას ხმარდება და ბანკების მოგებაში აისახება. თუმცა, ინვესტორებისთვის საფინანსო სექტორის მაღალი მოგების მაჩვენებლები საინტერესო და მიმზიდველია.

- გაიზარდა რუსეთიდან ინვესტიციები. ეს რამ განაპირობა?
- ეს ბუნებრივია, რადგან საქართველოში ლიბერალური გარემო, ნაკლები ბიუროკრატიული ბარიერები და იაფი მუშახელია. იმატებს რუსეთიდან ტურისტების რიცხვი, იხსნება ამ ქვეყნის ბაზარი ჩვენი პროდუქციისთვის, რაც რუსი ინვესტორებისთვის დაბანდებების მიმზიდველი წინა პირობაა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მათი დაინტერესება ქართული ბაზრით ემბარგოს პირობებშიც მაღალი იყო. რუსული ინვესტიციები საქართველოში, ძირითადად, ოფშორული ზონების გავლით შემოდიოდა. ამას გარდა, მომატებულია უკრაინელების დაინტერესება და წლის ბოლომდე, ალბათ, იქიდანაც გაიზრდება დაბანდებები.

- ეკონომიკის დარგებს შორის ენერგეტიკა მაჩანჩალა პოზიციაზე აღმოჩნდა, სადაც სულ 5 მილიონი დოლარი შემოვიდა.

- დასანანია, რომ საქართველოში ინვესტიციებისთვის ყველაზე მიმზიდველ სექტორში ასეთი ჩავარდნა აღირიცხა. პროექტები დაანონსებულია და არც დაინტერესებული ინვესტორების ნაკლებობაა, თუმცა, ჯერჯერობით, ძირითადი პროექტების განხორციელება არ დაწყებულა. არ მინდა ვიფიქრო, რომ "საქსტატის" შეცდომასთან ან უზუსტობასთან გვაქვს საქმე. ასევე გასათვალისწინებელია ის უარყოფითი ფონი, რომელიც 2013 წლის ბოლოსა და 2014 წლის პირველ კვარტალში შეიქმნა ქვეყანაში ჰესების მშენებლობის საკითხის გამო. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ინვესტორები მოლოდინის რეჟიმში არიან - ელოდებიან მთავრობის უფრო აქტიურ გადაწყვეტილებებს სტრატეგიულ პროექტებზე.

- წინასწარი პროგნოზით, 2014 წლის განმავლობაში 1-1,1 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შემოსვლას ვარაუდობენ.
-1-1,1 მლრდ დოლარის ინვესტიცია განაპირობებს 5-6%-იან ეკონომიკურ ზრდას. წლეულს მინიმუმ ამ მოცულობის ინვესტიცია ქვეყანაში ფონდების აქტიურობის გარეშე უნდა შემოვიდეს. თუ თანაინვესტირებისა და საპარტნიორო ფონდები შეძლებენ ახალი ან უკვე დაანონსებული საინვესტიციო პროექტების ჩაშვებას, ეს უფრო გაზრდის მაჩვენებელს. თუ გარე და შიდაპოლიტიკური გართულებები არ წარმოიქმნა, წლეულს ბოლო წლებთან შედარებით ინვესტიციების უფრო მაღალი მაჩვენებელი უნდა მივიღოთ - სავარაუდოდ, 1,4-1,5 მლრდ აშშ დოლარის ფარგლებში.

საყურადღებოა, კაპიტალი არა მხოლოდ შემოდის ქვეყანაში, არამედ აგრეთვე გაედინება. ყველაზე მეტი - 312 მილიონი დოლარი - 2013 წლის მეორე კვარტალში გავიდა. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესჯგუფებს საქართველოში მიღებული მოგება გააქვთ, ან უცხოურ კომპანიებსა თუ ფინანსურ ინსტიტუტებთან ფინანსურ ვალდებულებებს ისტუმრებენ. მაშინაც, ისევე როგორც ახლა, ყველაზე მეტი კაპიტალი ოფშორებში გავიდა.

"ოფშორული ცირკულაცია"


2014 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 260 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც შარშანდელზე 15%-ით მეტია. ცნობისთვის: 2011 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 210 მლნ იყო, 2012-ში - 261, ხოლო შარშან - 226 მილიონი. ყველაზე დიდი ინვესტიცია ნიდერლანდებიდან შემოვიდა, ყველაზე მიმზიდველი კი საფინანსო სექტორი აღმოჩნდა.

საქართველოდან კი იმავე სამ თვეში 33 მლნ აშშ დოლარის კაპიტალი გავიდა, ყველაზე მეტი - ოფშორებში. საინტერესოა, რომ კაპიტალი, ძირითადად, სწორედ ოფშორებიდან შემოდის და ოფშორებშივე გადის
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით