როგორ ავირიდოთ თავიდან უხარისხო ავეჯის შეძენა
23-06-2014
როგორ ავირიდოთ თავიდან უხარისხო ავეჯის შეძენა
არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც შინ მიტანიდან დაახლოებით ორ კვირაში ავეჯს ჭრიალი დაუწყია ან დეტალები მოსძრობია

სპეციალისტები ავეჯის შეძენის მსურველებს ურჩევენ, მოითხოვონ საგარანტიო ტალონი და ყურადღება გაამახვილონ ყველა დეტალზე


საქართველოში ავეჯის შეძენის მსურველთათვის დიდი არჩევანია. შესაძლებელია როგორც სამამულო, ისე უცხოური ავეჯის შეძენა.  მრავალფეროვანი და მიმზიდველი დიზაინის ავეჯი მომხმარებელს იზიდავს, თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ მომხიბლავი დიზაინის უკან შესაძლოა გაუმართავი კონსტრუქცია და უხარისხო მექანიზმი იმალებოდეს. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც შინ მიტანიდან დაახლოებით
ორ კვირაში ავეჯს ჭრიალი დაუწყია ან დეტალები მოსძრობია.


"სავაჭრო ცენტრში ძვირად ღირებული საწოლი ვიყიდე და ზუსტად ორ კვირაში დამჭირდა ხელოსნის მოყვანა, პრაქტიკულად, თავიდან ააწყო. სავაჭრო ცენტრისთვის რომ მიმემართა, აზრი არ ჰქონდა, რადგან ფაქტია, იქ არაპროფესიონალები მუშაობენ და უკეთესად მაინც ვერ გააკეთებდნენ", - გვიამბობს მოტყუებული კლიენტი.
ხშირია შემთხვევა, როდესაც სამეულის გასაშლელი მექანიზმი მალევე ფუჭდება. არადა, მომხმარებელს სამეულში სწორედ გასაშლელი მექანიზმი ხიბლავს. ქართველი მომხმარებელი მართალია საკმაოდ პრეტენზიულია და ყურადღებით აკვირდება შესაძენ ავეჯს, მაგრამ არსებობს დეტალები, რაც მათთვის შეუმჩნეველია.
"ავეჯის შეძენისას საქართველოში მომხმარებლები ყურადღებას სამ ძირითად ფაქტორზე ამახვილებენ: დიზაინზე, ფასსა და  ხარისხზე. ეს სამი ფაქტორი განაპირობებს მომხმარებლის არჩევანს.  დიზაინს იმის მიხედვით არჩევენ, თუ ვის როგორი ავეჯი მოსწონს, რა ფართობის  ინტერიერში ათავსებს და სხვ. ფასი მნიშვნელოვანია, მაგრამ მომხმარებელს ურჩევნია, განვადებით შეიძინოს ხარისხიანი ავეჯი, ვიდრე დაბალფასიანი და უხარისხო. იმდენად მნიშვნელოვანია ავეჯის ხარისხი, რომ მასში დიდი თანხის გადახდა გამართლებულია. სამწუხაროდ, ისეც ხდება, რომ მომხმარებელი ავეჯს ყიდულობს, მაგრამ გარანტიას არ აძლევენ, რამდენიმე თვეში კი ავეჯი იშლება და პასუხისმგებელი არავინაა", - ამბობს კომპანია "ემბავუდის" წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში გიორგი დაბრუნდაშვილი.

- პასუხისმგებლობას გაყიდულ ავეჯზე საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს! შესაბამისად, როგორც მწარმოებლებს, ისე რეალიზატორებს, საგარანტიო ტალონის გაცემა არ ევალებათ. გამოდის, მომხმარებელი მხოლოდ მწარმოებლისა თუ გამყიდველის კეთილსინდისიერების იმედადაა. საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებას თუ გადავხედავთ, ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ავეჯის მწარმოებლები ვალდებული არიან, გარანტია მისცენ მყიდველს. გარანტიის გაცემა თუ ჩვენთანაც სავალდებულო გახდება, მოგებული დარჩება როგორც მომხმარებელი, ისე მწარმოებელი. სანამ საქართველოში ეს კანონი არ არსებობს, გირჩევთ, შეარჩიოთ ისეთი კეთილსინდისიერი კომპანიები, სადაც მომხმარებელს გარანტიის ვადებსაც დაუწესებენ და ყველა საყურადღებო დეტალს განუმარტავენ.

გირჩევთ, გახსნათ ყველა კარი, უჯრა, შეამოწმოთ, რამდენად ხარისხიანია მექანიზმი. ხშირად თვალნათლივ ჩანს, რომ ავეჯი ცუდად არის აწყობილი, მაგრამ გაიმედებენ, რომ შინ კარგად აგიწყობენ. არადა, თუ ვიტრინაში არ არის სრულყოფილი, შინაც ვერ აიწყობა იმაზე უკეთესად.

არსებობს კიდევ ერთი საკითხი - დანახარჯის შესამცირებლად მწარმოებლები ხშირად მოიხმარენ იაფფასიან ლაქს, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს. თუ ავეჯს სუნი აქვს დიდ სივრცეში, რა თქმა უნდა, პატარა ოთახში უფრო მძაფრი ექნება. ამან შესაძლოა თავის ტკივილი გამოიწვიოს და ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენა იქონიოს. ასე რომ, ავეჯი დამზადებული უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს.
გარდა ამისა, უნდა შეამოწმოთ, ხომ არ არის დაკაწრული და ა.შ. რადგან ხშირად მაღაზიას ჩამოაქვს მხოლოდ ერთი მოდელი და დაზიანების შემთხვევაში გამოცვლის საშუალება არ არის...

მომხმარებელს ვურჩევთ, ავეჯის შეძენისას ისეთ მაღაზიაზე შეაჩეროს არჩევანი, რომელსაც გაყიდვის შემდეგ მომსახურების სერვისისა და რესტავრაციის რესურსი აქვს.

ნათია ლეშკაშელი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით