უახლოესი მეზობლები შორეული ეკონომიკური ბლოკებიდან
23-06-2014
უახლოესი მეზობლები შორეული ეკონომიკური ბლოკებიდან
სომხეთში მიაჩნიათ, რომ საქართველოსა და სომხეთის სხვადასხვა ეკონომიკურ გაერთიანებებში ყოფნისგანაც შეიძლება ერთობლივი ხეირის ნახვა

"საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის შემცირება, თავის მხრივ სომხეთშიც გააძვირებს მანქანებს. ამიტომ ორივე მხარის ინტერესებია, რომ ასე არ მოხდეს"


27 ივნისს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას აწერს ხელს, მეზობელი სომხეთი კი ევრაზიულ საბაჟო კავშირში შესასვლელად ემზადება. ჩნდება კითხვა - ხომ არ გართულდება სავაჭრო ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებს შორის? სომხეთი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და აქამდე მის წილად მთელი ექსპორტის
11% მოდიოდა, ხოლო საექსპორტო პროდუქციაში ყველაზე დიდი წილი მეორადი ავტომობილების რეექსპორტს ეჭირა.

საქართველოში ვიზიტით ჩამოსულმა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა პირდაპირ თქვა, რომ სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრება პერსპექტივის მომტანი იქნება ქართველი მეწარმეებისთვისაც და მათ სომხეთში საწარმოების გახსნა შესთავაზა. სომხეთის პრეზიდენტს არც ის დავიწყებია, რომ საქართველო ხელს
აწერს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და აქვე დააყოლა, რომ ეს იქნება შესაძლებლობა მათი მეწარმეებისთვის. როგორ შეიცვლება სავაჭრო ურთიერთობები ორ მეზობელ ქვეყანას შორის, მას შემდეგ, რაც ისინი ორ სხვადასხვა, რადიკალურად განსხვავებულ დაბეგვრის რეჟიმში აღმოჩნდებიან? - ეს კითხვა დღეს ბიზნესით დაკავებულ ბევრ ადამიანს აწუხებს.

გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში: "საქართველოსა და სომხეთს აქვთ საკუთარი სუვერენული არჩევანი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ჩვენ - ევროპის სავაჭრო სივრცეს ვირჩევთ, ისინი - ევრაზიულ საბაჟო კავშირს. მაგრამ იმავდროულად ვართ მეზობლებიც მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობებით და ეკონომიკური ინტეგრაციის განსხვავებული არჩევანის მიუხედავად, თანამშრომლობა უნდა შევძლოთ.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავს საქართველოს, წარმართოს დამოუკიდებელი სავაჭრო პოლიტიკა - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ჩათვლით - ნებისმიერ ქვეყანასთან, მათ შორის, ევრაზიული საბაჟო კავშირის წევრებთან.
ჩვენი მხრიდან როგორც სომხეთის, ასევე რუსეთის, ყაზახეთის თუ ბელორუსიის მიმართ გამოთქმულია სრული გახსნილობის მზადყოფნა, თავისუფალი ვაჭრობის შეთავაზება და ზოგ შემთხვევაში ეს რეჟიმები უკვე არსებობს. ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ არათუ შევინარჩუნოთ არსებული ბალანსი სავაჭრო პარტნიორებთან, მათ შორის, ევრაზიული კავშირის წევრებთან, არამედ გავაღრმავოთ კიდეც.

სომხეთის პრეზიდენტმა ღიად გამოხატა მზადყოფნა თანამშრომლობისთვის. ისიც ნათელია, რას ვთავაზობთ ჩვენ არა მხოლოდ სომხეთს, არამედ მთელ მსოფლიოს ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულებით - გვეძლევა შანსი, გავიდეთ 500-მილიონიან ბაზარზე, მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე მომხმარებელზე და იქ პროდუქცია გავიტანოთ. ცხადია, ამას ვაკეთებთ ქართველი მეწარმეებისთვის, მაგრამ ასევე ვავრცელებთ გზავნილს ყველა ინვესტორისთვის, რომ აწარმოონ საქართველოში და ეს პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით გაიტანონ. ამის გაკეთება შეუძლიათ, მათ შორის, ინვესტორებს სომხეთიდანაც.

როცა სომხეთმა ევრაზიული მიმართულება აირჩია, ეს იყო ნაკარნახევი განსაზღვრული მოტივებით, მათ შორის ეკონომიკურით. ისინიც ელოდებიან ინვესტიციებს და მოულოდნელობა არ არის, თუ ელოდება ინვესტორებს საქართველოდანაც. 

კარგი იქნება, თუ ქართველი ბიზნესმენები მიიჩნევენ, რომ მეზობელ სომხეთში ინვესტირება ღირს, შექმნიან იქ რამე პროდუქციას და გაიტანენ თუნდაც რუსეთის ბაზარზე, ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით.
რასაკვირველია, ეს არ გამორიცხავს საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირ სავაჭრო ურთიერთობებს.
რაც შეეხება ექსპორტს საქართველოდან სომხეთში, აქ რისკები არსებობს. მსგავსი რამ მოხდა მაშინ, როცა ყაზახეთის მიმართულებით ავტომობილების განბაჟების ფასი თითქმის სამჯერ გაიზარდა. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ დათქმები, რომელიც სომხეთს აქვს საბაჟო კავშირთან დაკავშირებით, ეს არის გარდამავალი პერიოდი და არ უნდა ველოდოთ, რომ მაინცდამაინც მყისიერად დაწესდება მაღალი ტარიფები, მათ შორის, ავტომობილებზე.  ეს შეიძლება იყოს ათწლეულზე გათვლილი რეგულაციები და მომენტალურად ამ ტიპის ცვლილებებს არ ველოდებით. საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის შემცირება სომხეთშიც გააძვირებს მანქანებს, ამიტომ აქაც ორივე მხარის ინტერესებია, რომ ასე არ მოხდეს".

ვაჟა ბერიძე, ექსპერტი პოლიტიკის და ეკონომიკის საკითხებში: "ერთი მხრივ, საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების დადება, მეორე მხრივ კი სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაერთიანება, ბუნებრივია, შეცვლის რეგიონს ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. მაგრამ ეს გადაულახავი წინააღმდეგობა არ იქნება. სომხეთი ცოტა გარიყულია ევროინტეგრაციის პროცესისგან, მას სურს, განსაზღვრული კომპენსაცია მიიღოს რუსეთთან ურთიერთობისგან და იმედოვნებს, რომ ამ კავშირში გაწევრებით მიმზიდველი გახდება ბიზნესისთვის. აქამდე ქართული კაპიტალიც კარგად იყენებდა დსთ-ის სივრცეს ბიზნესის წარმოებისთვის.

სომხეთს სჭირდება საქართველო, მისი კომუნიკაციები, საჰაერო, სატრანსპორტო, სახმელეთო სივრცე, რა ინტერესებიც უნდა ამოძრავებდეს ამ შემთხვევაში რუსეთს, ეს პროცესი ეკონომიკისთვის წამგებიანი არ იქნება.
სომხეთის პრეზიდენტი სარგსიანი ხაზგასმით ამბობდა, ჩვენი საბაჟო კავშირში შესვლა ევროპაზე უარის თქმას არ ნიშნავსო. განსაზღვრული თავისუფლება სომხეთს ექნება, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლის მიუხედავად და ქართველი მეწარმეები არ დაზარალდებიან, მათ შორის არც ავტოდილერები. სომხური სოფლის მეურნეობის პროდუქცია ბოლო დროს მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი ადგილობრივ ბაზარზე, ამ აქტიურობას ხელს არაფერი შეუშლის".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით