"ცარიელი მაცივრის" პრინციპი - კვირის პალიტრა

"ცარიელი მაცივრის" პრინციპი

"ფულადი შემწეობის დანიშვნა ან გაუქმება მინიმალურად იქნება დამოკიდებული სოციალური აგენტის სუბიექტურ შეფასებაზე"

საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა დაახლოებით 500 ათასი ოჯახი ცხოვრობს. აქედან ფულად კომპენსაციას მხოლოდ 150 ათასი იღებს, დანარჩენები კი სხვადასხვა შეღავათით სარგებლობენ. ახლო მომავალში შეიცვლება სოციალურად დაუცველის სტატუსის განსაზღვრის წესი. უმწეოთა ბაზაში მოსახვედრად მთავარი კრიტერიუმი არა საყოფაცხოვრებო ნივთები, არამედ ოჯახის შემოსავალი იქნება. წინასწარი ინფორმაციით, ფულად შემწეობას 200 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ოჯახი მიიღებს.

უმწეოთა პროგრამა 2004 წლიდან დაიწყო. ყველაზე ღარიბებისთვის სახელმწიფომ ფულადი სარგო დააწესა - ოჯახის პირველი წევრისთვის 30 ლარი, ხოლო ყოველი მომდევნო წევრისთვის - 12. მოგვიანებით 12-ლარიანი შემწეობა 24 ლარი გახდა. დახმარებამ მოიმატა 2013 წლის 1-ლი ივლისიდან, როცა ოჯახის პირველი წევრისთვის 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი დაწესდა, ხოლო ყოველი მომდევნო წევრისთვის - 24 ლარის ნაცვლად - 48.

მართალია, სოციალური სტატუსის შეფასებისას აღარ ითვალისწინებენ  საბჭოთა წარმოების საყოფაცხოვრებო ტექნიკას, მაგრამ ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ მეთოდოლოგია მოძველებულია და  დიდწილად სოციალური აგენტის სუბიექტურ შეფასებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ სოციალური აგენტი გადაწყვეტს, რომ თქვენ "მდიდარი" ხართ და შესაბამის გრაფაში ასეც მიუთითებს, სპეციალური პროგრამა თქვენ 57 000 ქულაზე მეტს დაგიანგარიშებთ და შესაბამისად, რაც უნდა ღარიბ-ღატაკი იყოთ, მაინც ფულადი შემწეობის გარეშე დარჩებით.

დიმიტრი ხუნდაძე, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: "შემწეობა ჩვენ გავაორმაგეთ, მაგრამ მოქალაქეების მხრიდან სისტემატურად შემოდის განცხადებები, როცა კონკრეტულ მაგალითს ვსწავლობთ, ვხედავთ, რომ ოჯახს ეკუთვნოდა, მაგრამ შესაბამისი ქულები არ მიანიჭეს და შემწეობაც არ დაენიშნა. ადამიანს შინ თუ ტელევიზორი ან მაცივარი ჰქონდა, სოციალურად დაუცველის სტატუსს არ ანიჭებდნენ. მაგრამ იმას არავინ უყურებდა, რომ შესაძლოა, ის მაცივარი ცარიელი იყო. ამ და ბევრმა სხვა გარემოებამ გვაფიქრებინა, რომ სოციალური სტატუსის შეფასების კრიტერიუმები უსამართლო იყო და შემწეობის გარეშე ტოვებდა მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც მართლაც საჭიროებს დახმარებას. "იუნისეფმა" ჩაატარა კვლევა, რომელიც დაახლოებით ორ კვირაში წარედგინება პარლამენტს და ჩამოყალიბდება ახალი კრიტერიუმები, რითაც უმწეო ოჯახებს შეაფასებენ. ამ ეტაპზე შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ სოციალური პროგრამებისთვის ოჯახები მათი შემოსავლების მიხედვით შეირჩევა. ახალი კრიტერიუმების დაწესების შემდეგ უნდა გადავხედოთ Yსოციალურად დაუცველთა ნუსხას, რომელიც მოსახლეობის თითქმის 12%-ია.

ათასზე მეტი იყო ისეთი პირი, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი და იმავდროულად, მათზე გაფორმებული იყო სამეწარმეო საქმიანობა, რომლის ბრუნვა 50 ათასი ლარიდან 1 მილიონ 200 ათას ლარამდე მერყეობდა.

რეალურად შემწეობას იღებდნენ ისინი, ვისაც არ ეკუთვნოდა და მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი მოქალაქეები კი დახმარების გარეშე რჩებოდნენ.

სოციალური შემწეობის მიმღებთა სიები საეჭვოდ იზრდებოდა განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ასე მოხდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც, როცა სახელმწიფო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ერთბაშად რამდენიმე ათეული ათასით გაიზარდა. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ შეფასების კრიტერიუმები რაც შეიძლება უნდა მიუახლოვდეს რეალობას, ხოლო სოციალური აგენტის შეფასების კომპონენტი მინიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული".