რუსეთის ბაზრის გახსნა - სატყუარა დოყლაპიებისთვის - კვირის პალიტრა

რუსეთის ბაზრის გახსნა - სატყუარა დოყლაპიებისთვის

"რადიკალური რეფორმების გატარების გარდა, საქართველოს სხვა გზა არ აქვს"

რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის შესაძლო დაშვება ჩრდილოელმა მეზობელმა პოლიტიკურ ინსტრუმენტად აქცია და ამით ქართველი ხალხისადმი თავის "კეთილგანწყობას" ადასტურებს. როგორც ირკვევა, ეს მორიგი მტკნარი სიცრუეა და თუ ამ ანკესს წამოვეგებით, ამას სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს, თუ არა "მოღორება". რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებასა და საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკაზე "ეკოპალიტრა" სახელმწიფო სამსახურიდან წასულ კახა ბენდუქიძეს ესაუბრა.

- თქვენ რომ იღებდეთ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, რას შეცვლიდით დღეს?

- დიდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, როგორიცაა სავალუტო კონკურენცია, გადასახადების შემდგომი შემცირება, თავს არ შეგაწყენთ. მოდი, უფრო მარტივ საქმეებზე ვილაპარაკოთ. ჩემი აზრით, ხელისუფლებამ უფრო სწრაფად უნდა წარმართოს პრივატიზაცია, უამრავი წვრილმანი ობიექტია დარჩენილი. შემდეგი საკითხი საბიუჯეტო ხარჯებია. თუ 2010 წელს შეიძლება გვქონდეს „წელზე ქამარშემორტყმული“ ბიუჯეტი, რატომ არ შეიძლებოდა იგივე გაგვეკეთებინა 2009 წელს? ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ქვეყნისთვის. უაზრო ხარჯი შეიძლება ამას არ უწოდოთ, რადგან ვიღაცამ აიღო ხელფასი, რაღაც აშენდა, რაღაც გარემონტდა... მაგრამ ხშირად, ასე ვიტყოდი, - ამის არგაკეთება სახელმწიფოსთვის შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო. მაგალითად, რამდენიმე პატარა სოფლისთვის აშენდა ორპირი ბეტონის ან ასფალტის გზა. ცხადია, იქ მცხოვრებლებისთვის ეს ძალიან კარგია. მაგრამ 300-ოჯახიანი სოფლისთვის, სადაც დღეში, ყველაზე მეტი, 10 მანქანა მოძრაობს, შეიძლებოდა აშენებულიყო არა 15 მილიონის ღირებულების, არამედ ხრეშის გზა, რომელზეც ეს 10 მანქანა უპრობლემოდ იმოძრავებდა, ფული კი დაიზოგებოდა. ეს ერთ-ერთი მაგალითია, თუ როგორ შეიძლებოდა 100-150-200 და ა.შ. მილიონის დაზოგვა. ასევე, შევხედოთ სახელმწიფო აპარატს. ის მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ მაინც გაბერილია. სამინისტროებში შეიძლება მუშაობდეს უფრო ნაკლები, უფრო პროფესიული, უფრო ეფექტური კადრი.

- არის თუ არა დღეს რუსეთის ბაზარი ისეთივე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი მეწარმისთვის, რომელიც ფალსიფიცირებულ პროდუქციას არ აწარმოებს, როგორც ვთქვათ 3-4 წლის წინ?

- ცხადია, ისეთივე მნიშვნელოვანი არ არის. არ ვართ იმხელა ქვეყანა, მაინცდამაინც მაგ ბაზარზე თუ არ ვიქნებით, დავიღუპოთ. მნიშვნელოვანია განსაზღვრული სექტორებისთვის, ვინც ტრადიციული დასახელებების პროდუქციას აწარმოებს ("ბორჯომს“, "ხვანჭკარას"), იმიტომ რომ რუსეთში იცნობენ. ამერიკაში კი „ბორჯომს“ დაუძახებ თუ „ნაბეღლავს“, განსხვავება არავინ იცის.

ჩვენ ეს ბაზარი შეიძლება დაგვიბრუნონ, გვიბოძონ, მაგრამ ამან შესაძლოა კიდევ უფრო დიდი საფრთხე შექმნას. ის ბაზარი უკანონოდ ჩაგვიკეტეს. კაცმა გამოაცხადა, ქართული ღვინო, რომელიც არ უნდა იყოს, ყველა მავნებელიაო. ასევე თქვეს ქართული წყალზეც. მეორედ როდის გამოცხადდება - უცნობია. ამიტომ გონიერი ბიზნესმენისთვის რუსეთის ბაზარი უნდა იყოს მისი გაყიდვების არაუმეტეს ერთი მესამედისა, თუ სურს, სტაბილურად იმუშაოს.

უმნიშვნელოვანესი საკითხია, დღეს რატომ გააქტიურდა ამაზე ლაპარაკი.

რუსეთმა ჩვენთან ბრძოლის ძალიან ბევრი ინსტრუმენტი მოსინჯა. ემბარგო, არჩევნებში თავისი ხალხის მხარდაჭერა, ომი... ეს ყველაფერი საქართველოს ნამდვილად არ წადგომია, მაგრამ ქვეყანა არ დაღუპულა. ამიტომ რუსეთმა რაღაც ახალი ინსტრუმენტი უნდა მოძებნოს.

ჩემი აზრით, არსებობს ორი მიზეზი.

რუსეთის ახალი მიდგომაა: მოდი, ახლა კარგი ბიჭები გავხდეთ და ქართველებს მოვეფეროთ - არა ხელისუფლებას, არამედ ხალხს. მაგალითად, შევხვდეთ ნოღაიდელს და ვუთხრათ, რომ „ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ქართული ღვინის იმპორტს რუსეთში“ და ასე შემდეგ.

ეს "კეთილი პოლიციელის" როლია, რადგან თუ რუსეთში შედის ჩემი წარმოებული ღვინო, ისე გაბრაზებული აღარ ვარ; კი, ომი იყო, მაგრამ ამდენი ფული გავაკეთე...

რუსეთის ახალი პოზიციის მეორე მიზეზი ძალიან კონკრეტულია. რუსეთმა, ყაზახეთმა და ბელორუსიამ შექმნეს საბაჟო კავშირი. 2011 წელს, ფაქტობრივად, ეს ერთიანი სივრცე იქნება. შიგნით საბაჟოები აღარ იარსებებს. უკვე დღეს შეგიძლია ბელორუსიაში შეტანილი პროდუქცია დაბეგვრის გარეშე გადაიტანო რუსეთში. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ვერ აკრძალავს ვერც ღვინის, ვერც „ბორჯომისა“ და ვერც ვერაფრის შეტანას! ბოლოს და ბოლოს, შეიტან ყაზახეთის ჩრდილოეთში და ორენბურგის ოლქში გადაიტან. პროდუქციას იქ მაღაზიაშიც გაყიდიან. ან ბელორუსიაში შეიტან და ბრიანსკის ოლქში გადაიტან...

ვინაიდან ეს გარდაუვალია, ქართული პროდუქციის რაღაც ნაწილი რუსეთის ბაზარზე შეაღწევს. ამასთან ბრძოლა იქნება ძალიან რთული და მთელი საბაჟო კავშირის იდეას დაანგრევს. ჩემი ვარაუდით, რუსეთის ხელისუფლებამ იფიქრა - რადგან ეს „კეთილი პოლიციელობაც“ კარგია, მოდი, ეს იდეები შევაჯვაროთ; ანუ იძულებული კი არ გავხდით, ქართული პროდუქცია შემოგვეშვა, არამედ ჩვენ ვართ კარგი ბიჭები და ამიტომ შემოვუშვითო. მაგიტომაც თქვა მედვედევმა, არ გამოვრიცხავ, ქართული პროდუქცია რუსეთში გაიყიდოსო.

ამასთან, რუსეთი შეეცდება, ეს ბიზნესი იყოს მონოპოლიზებული, ვინმე ერთს ჩაუვარდეს ხელში საქართველოდან რუსეთში ღვინის შეტანა, ვინმე ისეთს, ვისაც საქართველოში რაღაც კავშირები აქვს. ებრალიძე იქნება, ძასოხოვი თუ ხუბუტია, არ ვიცი, მაგრამ ამგვარი კონსტრუქცია უნდა შეიქმნას. ეს ადამიანი კარგი კაცის სახელს დაიგდებს, რადგან მთელი რეგიონების პრობლემებს გადაწყვეტს; ქართველებს ეცოდინებათ, რომ ამ პირის დახმარებით შეუწყო ხელი რუსეთმა მათი პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შეტანას. რუსეთზეც გაბრაზებული ნაკლებად იქნებიან. ეს ადამიანი ხომ ფულსაც გააკეთებს და იმ ფულით შეეცდება საქართველოს ხელისუფლებასაც ნელ-ნელა ძირი გამოუთხაროს.

- ანდრეი ილარიონოვმა თქვა, რომ რუსეთში წარმოების ზრდა აღირიცხა. საქართველო თუ გამოდის კრიზისიდან?

- ჩემი აზრით, საქართველოც მნიშვნელოვნად გამოვიდა ამ კრიზისიდან. ვფიქრობ, რომ წლეულს გვექნება ეკონომიკური ზრდა. ჩემი შარშანდელი პროგნოზი გამართლდა, როცა ეკონომიკის ზრდის მინუს ხუთი პროცენტი ვივარაუდე.

ვფიქრობ, წლეულს დაახლოებით 3%-იანი ზრდა გვქნება. ეს ცოტაა, მაგრამ ავადმყოფობიდან გამოსვლისას პაციენტი საკვების მიღებას რომ იწყებს, ქართულ ეკონომიკას ის ეტაპი უდგას.

ჩვენ გვჭირდება ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, რადიკალური ეკონომიკური პოლიტიკა. მაშინ გვექნება შანსი, დავეწიოთ ბულგარეთს, რუმინეთს, თურქეთს, აღმოსავლეთ ევროპას.

- დღევანდელ ხელისუფლებას აქვს კი რადიკალური რეფორმების გატარების სურვილი და შესაძლებლობა?

- როცა რუსული ტანკები 40 კილომეტრში დგას, რადიკალური რეფორმების გარდა, სხვა გზა აღარც გვაქვს. თუ რეფორმები არ ჩავატარეთ და ქვეყანა არ გამდიდრდა და გაძლიერდა, მაშინ ის ტანკები იდგება არა 40 კილომეტრში, არამედ უფრო ახლოს.

საქართველოს ხელისუფლება, რომელიც რეფორმებს არ ჩაატარებს, განწირული იქნება. დემოკრატია და თავისუფალი ეკონომიკა ფოჩიანი კამფეტი კი არ არის. დემოკრატია და თავისუფალი ეკონომიკა საქართველოს გადარჩენის, გამთლიანების და განვითარების გზაა.

თემურ იობაშვილი