ბიუჯეტი და ბანკები 150 მილიონ ლარს ვერ იყოფენ - კვირის პალიტრა

ბიუჯეტი და ბანკები 150 მილიონ ლარს ვერ იყოფენ

მთავრობა არჩევანის გაკეთებას აყოვნებს

ბანკები და მთავრობა ბანკებში "ჩარჩენილი", 150 მილიონი ლარის იპოთეკით დატვირთული ქონების გადანაწილებაზე დავობენ. ბანკებს სურთ, უპირატესობით სარგებლობდნენ და ერთდროულად საგადასახადო და საბანკო ვალებში ჩავარდნილი ქონების გაყიდვისას თანხა ჯერ მათ ამოიღონ. ამჟამად კანონით პირველი რიგის კრედიტორი სახელმწიფოა და გირაოში ჩადებული ქონების გაყიდვიდან მიღებული ფული ბიუჯეტს მიაქვს. ბანკირებმა მთავრობას მოსთხოვეს, არჩევანი გააკეთოს საკრედიტო პორტფელების გაზრდასა და შემცირებულ საგადასახადო შემოსავლებს შორის.

ბანკირებს მიაჩნიათ, რომ ქონების განკარგვის უპირველესი უფლება იმ სტრუქტურას უნდა მიენიჭოს, რომელმაც ქონება უზრუნველყოფაში პირველმა მიიღო. შესაბამისად, თუ საგადასახადოს მიმართ შემდგომ წარმოშობილი დავალიანების გამო ქონება იპოთეკით განმეორებით დაიტვირთება (საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გავლით), ფინანსთა სამინისტრო მეორე რიგის იპოთეკარად უნდა ჩაითვალოს. მთავრობას უპირატესობის დათმობა არ სურს, შესაბამისად, ვერც შეთანხმება ხერხდება.

გირავნობის საკითხზე მოსალაპარაკებლად ბანკირები პრემიერ-მინისტრს გასულ კვირას შეხვდნენ. ბანკები იმ განწყობით დაიბარეს, რომ საკითხი შეთანხმებული იყო და მთავრობაც თანახმა იყო დათმობისთვის. მაგრამ მოულოდნელად შეხვედრისას ფინანსთა მინისტრი წინააღმდეგ წავიდა და პრემიერმაც გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა. საკითხი ერთი კვირით გადაიდო, მაგრამ წინასწარ ცნობილია, რომ სახელმწიფო არ აპირებს, ბანკებს იპოთეკით დატვირთული ქონება მთლიანად დაუთმოს და უკეთეს შემთხვევაში, მათ შეღავათის მხოლოდ დროებით მიღების იმედი შეიძლება ჰქონდეთ. თუმცა ბანკები თავისას ცდილობენ. სექტორი, რომელსაც მთავრობა სთხოვს, ეკონომიკის დეპრესიიდან გამოყვანაში დაეხმაროს, რაც კრედიტების გაცემით უნდა გამოიხატოს, თანადგომის სანაცვლოდ შეღავათებს ითხოვს. ანუ ბანკებმა სახელმწიფოსთან სავაჭროდ "კარგი" დრო შეარჩიეს.

ბანკი სესხს არ გასცემს, თუ ქონებას საგადასახადო ვალდებულება უკვე აწევს. ამიტომ ის ყოველთვის პირველი რიგის იპოთეკარია. თუ კომპანიას საგადასახადო დავალიანება სესხით სარგებლობის განმავლობაში წარმოეშვა, სესხი გაფუჭდა და უნდა გაიყიდოს, ბანკი ვერ ყიდის, რადგან საგადასახადო გირავნობა ადევს. ასეთ ქონებას არავინ იყიდის. ვერც სახელმწიფო გაყიდის, რადგან მას ბანკის იპოთეკა უნდა გადაყვეს. ორივე მხარე ზარალობს.

გირაოში ჩარჩენილი ქონების რეალიზაციის პრობლემა არაერთხელ დამდგარა. შემთხვევებმა კრიზისის დაწყების შემდეგ იმატა, როცა ბიზნესს გაუჭირდა. ყველაზე გახმაურებული "ელიტ-ელექტრონიქსის" საქმე იყო. ხუთი ბანკის მიერ იპოთეკით დატვირთულ კომპანიას რეალიზაციის პრობლემა შეექმნა და საგადასახადო დავალიანება წარმოეშვა. ამის გამო ბანკები მას ვეღარ ყიდდნენ, კუთვნილი ფული რომ გაეყოთ. ბიზნესის გაყიდვა, თავის მხრივ, არც ფინანსთა სამინისტროს შეეძლო, რადგან ის თავდაპირველად ბანკის იპოთეკით დაიტვირთა. ამ გახმაურებულ შემთხვევაში მთავრობა დათმობაზე წავიდა და მხარეები მორიგდნენ. გაყიდვიდან მიღებული პირველი შემოსავლები ბიუჯეტმა წაიღო, სანაცვლოდ, გირაოში ჩადებული მაღაზიათა ქსელი ბანკებმა მართვაში აიღეს. იყო მეორე შემთხვევაც. თითქმის მსგავსი პრობლემა შეიქმნა ბანკ "ქართუს" მიერ გოჩა ძასოხოვის კუთვნილ აგარის კონცენტრატების კომპანიის გაყიდვისას. ძასოხოვს "ქართუდან" სესხი ჰქონდა გამოტანილი და სანაცვლოდ გირაოში ქარხნის ქონება იყო ჩადებული. მფლობელისთვის ჩამორთმევის შემდეგ გაჩერებულ კონცენტრატების ქარხანას დავალიანება გორის საგადასახადოს მიმართ წარმოეშვა. როცა კომპანია "ჰიპის" სახით ქარხნის შესყიდვის მსურველი გამოჩნდა, ორმაგი ვალის გამო სახელმწიფოს მისი გაყიდვა გაუჭირდა. გამონაკლისი ამ შემთხვევაშიც დაუშვეს. ქარხანას საგადასახადო ვალდებულება მოეხსნა, ქონება ბანკმა გაყიდა და კუთვნილი თანხა დაიბრუნა. ამის შემდეგ ბიუჯეტის დავალიანებაც დაიფარა. ბანკებს სურთ, ასეთი გარიგება გამონაკლისი არ იყოს და დაგირავებული ქონების უპირობო განმკარგველები კანონით გახდნენ.

ლაშა პაპაშვილი (ბანკ "რესპუბლიკის" დამფუძნებელი): "დღევანდელი კანონმდებლობით ჩიხში შევდივართ და ამგვარი ქონების გაყიდვა ჩერდება. მთლად ისეც არ არის, რომ ყველა ჩვენი უფლება ირღვევა, უბრალოდ, ასეთ ქონებას ვერც ისინი ყიდიან და ვერც ჩვენ. მთელი წლის განმავლობაში არაერთი ასეთი ფაილი დაგროვდა. კანონმდებელი დასავლეთშიც ასეთივე მკაცრია, სახელმწიფოს ინტერესს უფრო იცავს, ვიდრე კომერციული სტრუქტურისას, თუმცა იქ გაცილებით დაწყობილი ვითარებაა და თან გაკოტრებებიც ასეთი მასობრივი არ არის. ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ განვითარებისთვის მოქნილი კანონი გვჭირდება. თუ ეს რისკი მოგვეხსნა, ბანკი სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას შეძლებს. გაიზრდება საკრედიტო აქტივობაც. სამუდამოდ თუ არა, პირველობა დროებით მაინც დაგვითმონ, ვიდრე კრიზისია".

"რესპუბლიკის" დამფუძნებლისგან განსხვავებით, სხვა ბანკებს დროებითი შეღავათი არ აკმაყოფილებთ. ისინი თანახმა არც უფლებების თანაბრად გადანაწილებაზე არიან. მათ ინტერესს ბანკების ასოციაციაც იცავს.

ზურაბ გვასალია (ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი): "დროებით შეღავათზე თანახმა არ ვართ. ამიერიდან ქონების რეალიზაციის უპირატესი უფლება ბანკებს უნდა ჰქონდეთ. ეს საკითხი დღეს არ დამდგარა. ბანკები დიდი ხანია ამ საკითხის მოგვარებას ითხოვენ. მთავრობასთან მოლაპარაკება მიდიოდა, ვიცოდით, რომ რაღაც შეთანხმება უკვე იყო მიღწეული, მაგრამ ბოლოს ის არ შედგა. მთავრობა უპირატესობას ბანკებს თუ დაუთმობს, მათი საკრედიტო პორტფელი გაიზრდება, რადგან თანხების 40%, რაც 2 მილიარდ ლარს აღწევს, ასეთი გირავნობით არის გაცემული. ვნახავთ ბრიტანულ, გერმანულ, ფრანგულ კანონმდებლობას, შესაძლოა ამერიკულსაც, შევაჯერებთ და რაღაც გადაწყვეტილებამდე მივალთ".

მხარეთა მორიგი შეხვედრა მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი. ამ თემაზე 4-კაციანი ჯგუფი მუშაობს, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი სირაძის, ბანკების ასოციაციისა და ექსპერტების შემადგენლობით. მათ ადგილობრივ პრობლემებთან ერთად უცხოეთის გამოცდილებაც უნდა გაითვალისწინონ და ამის შემდეგ, მისაღებ ვარიანტზე შეთანხმდნენ.

"გადახდა უნდა ვალსაო..."

" კომერციული ბანკების მიერ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები, 2009 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ეროვნული ვალუტით გაცემულია 331,021 მლნ ლარის, უცხოური ვალუტით " 2.380,217 მლნ ლარის

" კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე ეროვნული და უცხოური ვალუტით გაცემული სესხებით, დავალიანება 2009 წლის 1-ელი დეკემბრისთვის 4.898,027 მლნ ლარს შეადგენს

" 1-ელი იანვრის მდგომარეობით, "კრედიტინფოს" ბაზაში აღნუსხულია 983.679 პოზიტიური სესხი, მათ შორის უკვე დაფარულია 526.706 (53.54%). ნეგატიური სესხების საერთო რაოდენობაა 294.520; მათ შორის უკვე დაფარულია 110.200 (37.41%)

ნონა ქვლივიძე