ვინ დაამარცხებს "გაზპრომს" - კვირის პალიტრა

ვინ დაამარცხებს "გაზპრომს"

რატომ გადაიქცა ბათუმის სამიტი კონფერენციად

ბათუმის ენერგოსამიტი მოულოდნელად გადაიქცა ჩვეულებრივ ენერგოკონფერენციად, რადგან უკრაინის, აზერბაიჯანის, პოლონეთის პრეზიდენტები აჭარაში არ ჩავიდნენ. სამიტზე გაზისა და ნავთობის იმ ალტერნატიული მილსადენების მშენებლობაზე უნდა ემსჯელათ, რომლებითაც ევროპამ ენერგორესურსი რუსეთის გვერდის ავლით უნდა მიიღოს. პრეზიდენტების ჩაუსვლელობის მიზეზებზე ოფიციალურად არაფერი თქმულა, თუმცა ენერგოწრეებში ყველაზე რეალურ მიზეზად უკრაინაში მოახლოებული არჩევნები დასახელდა, რამაც იუშენკოს ბათუმში ჩამოსვლაში ხელი შეუშალა. იმავე წრეებში საუბრობენ მონაწილეთა შორის უთანხმოებაზეც. შეკრებას აღარც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საგანგებო წარმომადგენელი ევრაზიის ენერგეტიკის საკითხებში რიჩარდ მორნინგსტარი დასწრებია.

სამხრეთის ენერგოდერეფნის მონაწილე ქვეყნების პირველ პირებს ხელი ორ დეკლარაციაზე უნდა მოეწერათ. ერთი ევრაზიის ნავთობის დერეფნის განვითარებას შეეხებოდა, რომლის მონაწილეები საქართველოსთან ერთად აზერბაიჯანი, ლიტვა, პოლონეთი და უკრაინა უნდა გახდნენ. მეორე დეკლარაციით კი უნდა გაფორმებულიყო შეთანხმება კასპიური ნავთობისა და გაზის შავი ზღვის ფსკერის გავლით, მილსადენებით ევროპაში ტრანსპორტირების შესახებ. ორივე დოკუმენტი ხელმოუწერელი დარჩა.

დეკლარაციების პუნქტებზე შეუთანხმებლობა ჯერ კიდევ თბილისში გაჩნდა. აზერბაიჯანისა და თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები თბილისში გამართულ შეხვედრაზე, დეკლარაციის მეოთხე და მეშვიდე პუნქტებზე ვერ შეთანხმდნენ. შეხვედრის შემდეგ ისინი გაღიზიანებული ჩანდნენ. უკმაყოფილო იყო ენერგეტიკის მინისტრი ხეთაგურიც. როგორც ცნობილია, თურქეთი და აზერბაიჯანი სამხრეთის ენერგოპროექტების ყველაზე პრობლემური რგოლები არიან. ისინი ტარიფებზე ვერა და ვერ შეთანხმებულან. თურქეთი, რომელიც ევროპისკენ მიმავალ გზაზე საკვანძო ქვეყანაა, ტრანზიტისთვის მაღალ ტარიფს ითხოვს, რასაც ნავთობისა და გაზის ექსპორტიორი აზერბაიჯანი აპროტესტებს. უთანხმოებას ბოლო არ უჩანს. სამიტის ინიციატორი იყო საქართველო და შეერთებული შტატები, რომელმაც თბილისში სამიტის წინ სახელმწიფო მდივნის საგანგებო წარმომადგენელი ევრაზიის ენერგეტიკის საკითხებში რიჩარდ მორნინგსტარი მოავლინა. იყო იმედი, რომ ამ შეხვედრაზე მხარეებს "შეარიგებდნენ", მაგრამ გეგმა არ განხორციელდა. მორნინგსტარმა შეხვედრის შესახებ საუბრისგანაც თავი შეიკავა, მოულოდნელად გადაწყვეტილებაც შეცვალა და კონფერენციაზე დასასწრებად ბათუმშიც აღარ ჩასულა.

კონფერენცია ენერგოპროექტების მონაწილე 11 ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით საბოლოოდ პრემიერმა გილაურმა გახსნა. გილაურმა დელეგატებს ოდესა-ბროდის ნავთობსადენის, "თეთრი ნაკადის", "ნაბუკოსა" და საქართველოს პორტების გავლით აზერბაიჯანული თხევადი გაზის ევროპაში ტრანსპორტირების საკითხებზე მსჯელობა შესთავაზა. მონაწილეებმა სათითაოდ, თითქმის ერთი და იმავე შინაარსის გამოსვლებში რუსეთის ალტერნატიული ენერგოწყაროებისა და მარშრუტების აუცილებლობაზე ისაუბრეს. მხარდაჭერაც გამოხატეს, კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ევროპამ მონოპოლისტი "გაზპრომის" ჩანაცვლებისთვის აქტიურად უნდა იმუშაოს და დაიშალნენ.

მოვლენები, რომლებიც ენერგობაზარზე ბოლო დროს განვითარდა, მიაშნებს, რომ ევროპამ რუსეთის ალტერნატიული მარშრუტების თემა სამომავლოდ გადადო. ამ პროექტების დაფინანსების წყაროები, ნაწილობრივ, ეკონომიკური კრიზისის გამო, ჯერ არ ჩანს და ევროპამაც ამ ეტაპზე "გაზპრომთან" დარჩენა ამჯობინა. ენერგოექსპერტები საუბრობენ, რომ რუსეთთან "ბრძოლაში" აღარც შეერთებული შტატები აქტიურობს, რომლის პოლიტიკური მხარდამჭერის გარეშე ალტერნატიული პროექტები ვერ განხორციელდება. კასპიური გაზის ევროპაში გაყიდვით ბუნებრივია, ყველაზე მეტად ბაქოა დაინტერესებული. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა არტურ რასი-ზადემ ბათუმში დელეგატებს მოუწოდა, სამხრეთის ენერგოდერეფნის პროექტები ფინანსურად მიმზიდველი გახადონ. ამისთვის კი, მისი თქმით, მისაღები სატარიფო სისტემის შექმნაა აუცილებელი. მაგრამ ყველასთვის ცხადია, რომ კასპიური გაზის ევროპაში გატანას მარტო აზერბაიჯანისა და საქართველოს ძალისხმევა არ ეყოფა. ბათუმის კონფერენციამ, რომელსაც მთავარი მოქმედი გმირები არ დაესწრნენ, აჩვენა, რომ ამჟამად ეს ქვეყნები "გაზპრომთან" "ბრძოლაში" მარტონი თუ არა, ძლიერი მხარდამჭერების გარეშე არიან.

ამ დროს არც "გაზპრომი" ზის გულხელდაკრეფილი და ყველა მომპოვებელი და ტრანზიტორი ქვეყნის გასადაბირებლად მუშაობს. "გაზპრომმა" იანვრიდან უკვე დაიწყო აზერბაიჯანული გაზის იმპორტი და მზადყოფნას გამოთქვამს, მოცულობა მაქსიმუმამდე გაზარდოს. გაზაფხულზე კი რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი თურქეთში ჩავა და ერდოღანს ხელს უვიზო რეჟიმზეც მოუწერს. ქართული მხარე იმედს არ კარგავს, რომ სამიტის გამართვა პრეზიდენტების დონეზე მოგვიანებით, მაგრამ მაინც მოხერხდება. ექსპერტები კი იმედოვნებენ, რომ ორგანიზატორები ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის შესაფერის დროს უკეთ შეარჩევენ.

ნონა ქვლივიძე