გადასახადი კრიზისზე პასუხისმგებლობისთვის - კვირის პალიტრა

გადასახადი კრიზისზე პასუხისმგებლობისთვის

პრეზიდენტი ობამა ბანკებისთვის ახალი, საგანგებო გადასახადის დაწესების წინადადებით გამოვიდა. მისი განცხადებით, უოლ-სტრიტმა გადასახადის გადამხდელებს 117 მილიარდი დოლარი უნდა დაუბრუნოს. ობამა ბანკებს "უზარმაზარი მოგებისა და არასაკადრისი ბონუსების" გამო აკრიტიკებს.

"ჩემი მოვალეობაა, უკანასკნელ ცენტამდე დავაბრუნო ის, რაც ამერიკელ ხალხს ეკუთვნის", - მჭევრმეტყველია აშშ-ის პრეზიდენტი. ეს გადაწყვეტილება მიღებულია ბანკების მიმართ საერთო უკმაყოფილების ფონზე. მათ ფინანსურ კრიზისზე პასუხიმგებლებად მიიჩნევენ. "ჩემი გადაწყვეტილება კიდევ უფრო მტკიცე ხდება, როცა მესმის ამა თუ იმ კომპანიების უზარმაზარი მოგების, არასაკადრისი ბონუსების შესახებ. ისინი არსებობას ამერიკელ ხალხს უნდა უმადლოდნენ. არ მაქვს უოლ-სტრიტის დასჯის აკვიატებული იდეა, მაგრამ მსურს წერტილი დავუსვა ბანკების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას", - განმარტავს ბარაქ ობამა.

ახალი გადასახადი ბანკებისთვის ამერიკაში უკვე მონათლეს, როგორც "გადასახადი ეკონომიკურ კრიზისზე პასუხისმგებელთათვის". უკვე ცნობილია, რომ ის დაეკისრება ბანკებს, რომელთა აქტივები 50 მილიარდ დოლარს აჭარბებს და დაახლოებით 50 კომპანიას შეეხება. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ბანკებმა ეს ფული შესაძლოა ისევ მომხმარებლებისგან ამოიღონ და საპროცენტო განაკვეთები გაზარდონ სესხებზე კორპორაციული კლიენტებისთვის. სავარაუდოდ, ამ გადასახადით 10 წლის განმავლობაში 90 მილიარდი დოლარი შეგროვდება. ამერიკის ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ამ გადასახადის ამოქმედების შემდეგ ხაზინა იმ თანხის ნაწილს დაიბრუნებს, რომელიც ანტიკრიზისული პროგრამების დასაფინანსებლად დაიხარჯა. ეს პროგრამები აშშ-ში 2008 წელს ამოქმედდა, საინვესტიციო ბანკ Lehman Brothers-ის კრახის შემდეგ. მათი მოცულობა 700 მილიარდი დოლარი იყო. მასშტაბური დახმარების წყალობით, ამერიკამ საბანკო კრიზისი დაძლია და საბანკო სისტემის მიმართ ნდობის აღდგენა დაიწყო. სხვადასხვა პროგნოზით, ანტიკრიზისული პროგრამის ზარალი 117 მილიარდი დოლარი იქნება. ვაშინგტონელი მოხელეები ამბობენ, რომ გადასახადი მანამდე იმოქმედებს, სანამ ხაზინა მთელ თავის ფულს არ დაიბრუნებს.