დარღვეული მორატორიუმი და ქართული მიწის დილემა - კვირის პალიტრა

დარღვეული მორატორიუმი და ქართული მიწის დილემა

"ტრაგედია მოხდება, თუ ამ მიწებს ჩვენი შთამომავლობისთვის არ შევინარჩუნებთ"

"სხვადასხვა მონაცემით, უცხოელთა საკუთრებაში 30 ათას ჰექტრამდე მიწა მოექცა"

საკონსტიტუციო სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენაზე მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო. შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა ის ნორმა, რომელიც უცხოელებს უკრძალავდა, გამხდარიყვნენ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეები. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების საბაბი კი ავსტრიის მოქალაქის, მათიას ჰუტერის სარჩელი გახდა (ეს მაშინ, როცა თვით ავსტრიაში უცხოელს რომ მიწის შეძენის ნება დართონ, ის ქვეყანაში სულ ცოტა, 10 წელიწადს კანონიერად უნდა იმყოფებოდეს და კიდევ, - მისი შენაძენით არც საჯარო ინტერესები არ უნდა ილახებოდეს). მორატორიუმის დარღვევას აქტიურად უჭერდა მხარს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც. საზოგადოებაში არსებობს ეჭვი, რომ მანამდე ისინი ხელს უწყობდნენ მიწის უცხოელებისთვის მიყიდვასაც.

თავის დროზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შესყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. სხვადასხვა მონაცემით, უცხოელთა საკუთრებაში 30 ათას ჰექტრამდე მიწა მოექცა. ამის შემდეგ პარლამენტმა მათთვის მიწის მიყიდვაზე მორატორიუმი დააწესა - საკუთრების უფლების მინიჭება "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონით 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერდა. ამასთან, მთავრობას 6 თვეში უნდა მოესწრო მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ცოტა ხნის შემდეგ, მთავრობის ინიციატივით ცვლილებები კიდევ შევიდა და მორატორიუმში ერთგვარი გამონაკლისები დაუშვეს. ბოლო ცვლილებების თანახმად, 2014 წლის 31 დეკემბრამდე უცხოელთათვის დაწესებული მორატორიუმი არ ვრცელდებოდა კომერციულ ბანკებზე, აგრეთვე, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვა არ იმოქმედებდა "განსაკუთრებულ შემთხვევებშიც".

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ იზიარებს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია: "მორატორიუმი ერთმნიშვნელოვნად საჭირო იყო. მიწა განსხვავებული ტიპის, ამოწურვადი რესურსია და აუცილებელია მისი განკარგვა სწორად და მაქსიმალურად ეფექტიანად. შესაბამის რეგულაციებზე რამდენიმე სამინისტრო მუშაობს. დაწესდება კონკრეტული რეგულაციები ინვესტორებისთვის, თუ რა პირობებით გაიცემა მათზე მიწა".

სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების კანონის სრულყოფაზე საკანონმდებლო ორგანოში მუშაობდნენ, თუმცა, პარლამენტარები დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა საშემოდგომო სესიაზე გადაიდო, პარლამენტარების არდადეგებს კი მორატორიუმის გაუქმებამ მოუსწრო.

გოგი თოფაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი: "სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ მორატორიუმზე უარი გვითხრა. მორატორიუმი აუცილებელი იყო, ისეთი ტემპით იყიდებოდა საქართველოში მიწები, ისე შეესია ზოგი უცხოელი, მათ შორის ინდოელები, ირანელები და სხვები, ტრაგედია მოხდება, თუ არ შევინარჩუნებთ ჩვენი შთამომავლობისთვის ამ მიწებს. არ შემიძლია გავაკრიტიკო უმაღლესი სასამართლო ორგანო, მაგრამ მისი გადაწყვეტილება ძალიან შეგვიშლის ხელს. დრო მაინც გვქონოდა, რომ საქმე ბოლომდე მიგვეყვანა. ჩვენი ფრაქცია მუშაობდა კანონპროექტზე, რომელიც სხვადასხვა ვარიანტს გულისხმობდა, მათ შორის უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების იჯარით გაცემას 20-30 წლით, ან მიწის გასხვისებას იმ უცხოელებზე, ვინც საქართველოში 10 წელია ცხოვრობს, ან მეუღლე ჰყავს აქაური. უამრავი ვარიანტი განიხილებოდა, რომლებიც იმისგან მაინც იცავდა გლეხს, რომ იპოთეკაში ჩადებული მიწა მაინც არ გაეყიდა. როცა ჩვენ პარლამენტში ამ კანონის განხილვა დავიწყეთ, ბანკებმა ინტენსიურად წამოიწყეს კლიენტებთან მოლაპარაკებები, რომ თუ სასწრაფოდ ვალს არ გადაიხდიდნენ, გირაოში ჩადებულ მიწას ვალში წაიღებდნენ. შემდეგ მათთან მიდიოდნენ უცხოელები და მოვალეებიც ყიდდნენ მიწებს - რა ექნათ, ბანკის ვალი ჰქონდათ გადასახდელი. სწორედ ამ პროცესის შესაჩერებლად იყო შემოღებული მორატორიუმი. ახლა კი, როცა პარლამენტმა საგაზაფხულო სესია დაამთავრა, მაინცდამაინც მაშინ მიიღო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ და, ფაქტობრივად, სამოქმედო დრო არ დაგვიტოვა.

სათითაოდ უნდა მივიდეთ საკრებულოებში და ვინც დააპირებს მიწის გაყიდვას, ან ბანკის სესხი აქვს, დავეხმაროთ და პარლამენტის მუშაობის განახლებამდე შევინარჩუნოთ მიწები უცხოელებზე გასხვისებისგან".

პაატა კოღუაშვილი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: "მსოფლიოში მოსახლეობის სწრაფი ზრდის ფონზე მწვავდება საკვების რესურსის შემცირების პრობლემა. უპირველესად ეს ეხება მიწას და განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის სავარგულებს. ამიტომ თითქმის ყველა სახელმწიფო განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვას და ეს სფერო უმკაცრესი რეგულაციით გამოირჩევა. ამავე დროს, არც ერთ თანამედროვე ქვეყანაში მიწაზე საკუთრება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, არამედ ის რეგულირდება სხვადასხვა ნორმატიული აქტით.

ამ მხრივ განსაკუთრებით მწვავეა ვითარება საქართველოში. მოსახლეობის გამოკვება დღეს არსებითად დამოკიდებულია იმპორტზე, რომელიც, რთული გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველ წუთს შეიძლება შეწყდეს. უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის გამოყენება ამ საშიშროების პრევენციისთვის მოითხოვს იურიდიული ბერკეტების ქონას, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს დღეს არა აქვს.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ნებისმიერ სახელმწიფოში სტრატეგიული დანიშნულების ობიექტად არის მიჩნეული და მსოფლიოს უმრავლეს სახელმწიფოში ამ ტიპის მიწის უცხოელებზე (მოქალაქეობის არმქონე პირებზე) გასხვისება, ძირითადად, შეზღუდულია, ან დაშვებულია მხოლოდ კონკრეტული წინა პირობებით. ზოგ ქვეყანაში შეზღუდვები არსებობს იურიდიული პირების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვაზეც. აქ გვხვდება რეგულირება, წინა პირობები, რომლებიც ართულებენ ან რაღაც მოთხოვნებს აწესებენ. ზოგჯერ მოქმედებს ნებართვის მიღების შემაფერხებელი დამატებითი პროცედურა, ხოლო ზოგ შემთხვევაში, ქონების შესყიდვის პირდაპირი აკრძალვა.

მიწა შეუცვლელი, გაუმრავლებელი და ამოწურვადი (შეზღუდული) რესურსია. მოსახლეობისა და სურსათზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მცირდება დაუმუშავებელი სოფლის მეურნეობის სავარგულები და, აქედან გამომდინარე, იწურება რესურსიც. ამიტომაც მიწის განუსაზღვრელი ოდენობით გასხვისება უცხოელებზე ქვეყნის სასიცოცხლო ამოცანებსა და საზოგადოებრივ ინტერესთან შეუთავსებელია. სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებას სახელმწიფო ყოველთვის უნდა აკონტროლებდეს".

ემა ტუხიაშვილი

მიწის ყიდვა ყველგან ძნელია

ავსტრიაში უცხოელთა მიერ მიწის შეძენა რეგულირდება ცალკეული მიწების კანონებით. მაგალითად, ერთ-ერთი მხარის (ბურგერლანდის) კანონით, "უცხოელის მიერ უძრავი ქონების შეძენის შესახებ", უძრავი ქონების შეძენისთვის უცხოელი საჭიროებს ნებართვას, რომლის მიღებაც შეიძლება, თუ ვთქვათ, უცხოელი ავსტრიის ტერიტორიაზე სულ ცოტა, 10 წელიწადს ლეგალურად, კანონიერად იმყოფება და მისი შენაძენით არ ილახება მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ან სხვა საჯარო ინტერესი.

დანიაში არარეზიდენტები უძრავ ქონებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძენენ, თუ არიან ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეები ან იურიდიული პირები და მუშაობენ ან საქმიანობენ დანიაში. ხოლო თუ მათი სახელმწიფო ევროკავშირის წევრი არ არის, მაშინ ბოლო 5 წელიწადი დანიაში მუდმივ რეზიდენტებად უნდა იყვნენ დარეგისტრირებული. დანიის კანონმდებლობა განსაკუთრებით მკაცრია საზაფხულო სახლების შეძენის საკითხში. ზღვის სანაპიროზე მოქმედი შეზღუდვები„ანტიგერმანულ წესებად არის ცნობილი - ისინი გერმანელების მიერ სანაპირო ზოლში საკუთრების შეძენას ზღუდავენ.

შვეიცარიაში უცხოელების მიერ მიწის შეძენა დაშვებულია, ოღონდ ნებართვა უნდა აიღონ. კანონის მიზანია, შვეიცარიული მიწის გაუცხოება აიცილოს თავიდან. შეზღუდვები მოქმედებს უცხოეთში მცხოვრებთათვის და არა იმ უცხოელებისთვის, რომლებიც შვეიცარიაში კანონიერად ცხოვრობენ.

ლატვიაში ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოს მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს არ შეუძლიათ მიწისა და ტყის შეძენა!

თურქეთის კანონმდებლობით, უცხოელზე გაყიდული თურქეთის მიწა მთლიანობაში არ უნდა აღემატებოდეს 2,5 ჰექტარს. მომატება, გამონაკლის შემთხვევებში, მაქსიმუმ 30 ჰექტრამდე არის შესაძლებელი.

უკრაინაში 32 მილიონი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწაა. ნაწილის რადიაციით დასხივების მიუხედავად, უკრაინული მიწები ძალიან ნაყოფიერად ითვლება და ბუნებრივია უცხოელთა დაინტერესებაც. უცხო ქვეყნის ფიზიკური პირები აქ სასოფლო-სამეურნეო მიწას ვერ შეიძენენ, თუმცა, ეს შესაძლებელია იურიდიული პირის დარეგისტრირების გზით. ასევე შესაძლებელია 50-წლიანი იჯარის გაფორმებაც. უცხოურ ფირმებს 17 მილიონი ჰექტარი აქვთ იჯარით.

ბულგარეთი ჩვენი მსგავსია ბუნებრივი და ინფრასტრუქტურული პირობებით. აქ უცხოელ მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ბულგარეთში შპს-ს დაარეგისტრირებენ.

ევროკავშირში, აშშ-სა და სხვა მოწინავე ქვეყნებში მიწის საკუთრება რეგულირდება სხვადასხვა ნორმატიული აქტით. ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში სახელმწიფო დონეზე (ირლანდია, ჩეხეთი) იკრძალება ან იზღუდება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ან არარეზიდენტი იურიდიული პირებისთვის გადაცემა. აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწის მხოლოდ 1%-ზე ნაკლები ეკუთვნის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს - ძირითადად, ევროპელებსა და კანადელებს.

სომხეთში უცხოელს არ შეუძლია, გახდეს მიწის მესაკუთრე, თუმცა კანონმდებლობა მას უფლებას ანიჭებს, მიწა იჯარით აიღოს. იგივე ვითარებაა აზერბაიჯანში - ვინც ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის, აზერბაიჯანში მიწას ვერ იყიდის, თუმცა მისი იჯარით აღების სრული უფლება აქვს.