ნაციონალური ”ბერტყვა” - კვირის პალიტრა

ნაციონალური ”ბერტყვა”

”ხელისუფლებასთან სიახლოვე ისეთივე საფრთხეს შეიცავს, როგორსაც მზესთან მიახლოება”

დღეს ბიზნესმენების "დაბერტყვა" ხვალ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს

სოსო ცისკარიშვილი: მსგავსი საფრთხე მოელის "ავერსს", "პსპ"-ს, "ვისოლსა" და ყველას, ვინც წარმატებას ხელისუფლებასთან სიახლოვით აშენებს

”მახსოვს კომპანია ”ელიტელექტრონიქსის” მესვეურთა გაბადრული სახეები, როცა ისინი გვერდს უმშვენებდნენ მაღალი თანამდებობის პირებს სახელისუფლებო წრეებიდან, მონაწილეობდნენ მთავრობის ინიცირებულ პროექტებში... თავისუფალი ბიზნესი, პირველ რიგში, ხელისუფლების ფავორიტობას უნდა უფრთხოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესსაც დაკარგავენ და თავისუფლებასაც..."

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ”ეკოპალიტრა” ხშირად წერდა, რომ ხელისუფლების წნეხი კერძო სექტორზე სულ უფრო გაუსაძლისი ხდებოდა. ბიზნესის წარმომადგენლები, გასაგები მიზეზების გამო, ამაზე ღიად საუბრისგან თავს იკავებდნენ, მაგრამ პირად საუბრებში აღნიშნავდნენ, რომ საგადასახადო სამსახურების მოულოდნელი ”სტუმრობა”, ჯარიმა-საურავების უსამართლოდ დაკისრება და საბანკო ანგარიშების დაყადაღება ხელისუფლებას ჩვევად ექცა. სამწუხაროდ, ჩვენთან ბიზნესმენები პროტესტს მაშინ იწყებენ, როცა ძალიან დაგვიანებულია. ნათქვამია, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო.

ელექტროტექნიკით მოვაჭრე კომპანია ”ელიტელექტრონიქსის” მაღაზიათა ქსელმა, რომელიც 30-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს აერთიანებდა მუშაობა შეწყვიტა. კომპანიის მესვეურები აცხადებენ, რომ მაღაზიების დახურვის მიზეზი ორი წლის წინ ფინანსური პოლიციის მიერ კომპანიაზე უსაფუძვლოდ დარიცხული ჯარიმა გახდა.

ია ნადირაშვილი (კომპანია ”ელიტელექტრონიქსის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი): _ 2007 წელს ფინანსურმა პოლიციამ ჩვენს კომპანიას 7 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა. ამის საპასუხოდ ჩვენ მაშინვე დავიწყეთ სასამართლო დავა. მართალია, პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ფინანსურმა პოლიციამ 10 აგვისტოს ჩვენი კომპანიის საბანკო ანგარიშებს ინკასო დაადო. ამის შემდეგ საბანკო ანგარიშებით სარგებლობა შეუძლებელი გახდა და იძულებული ვიყავით, ნაღდი ანგარიშსწორება გვეწარმოებინა. 21 აგვისტოს კი ჩვენს მაღაზიებში ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები გამოჩნდნენ და უკვე სავაჭრო პროცესების წარმართვაც შეუძლებელი იყო. იძულებული გავხდით, მაღაზიები დაგვეხურა. კვლავაც მიგვაჩნია, რომ ჯარიმა უსაფუძვლოდ იყო დარიცხული და სასამართლო დავას განვაგრძობთ.

უცნობია, რა ბედი ეწევა ”ელიტელექტრონიქსისა” და ”ელიტელის” ათასობით თანამშრომელს. როგორც კომპანიაში ამბობენ, დამატებით ინფორმაციას კომპანიის გადაწყვეტილებების შესახებ კვირის განმავლობაში გაავრცელებენ.

სოსო ცისკარიშვილი (ეკონომიკის ექსპერტი): _ ხელისუფლებასთან სიახლოვე ისეთივე საფრთხეს შეიცავს, როგორსაც მზესთან მიახლოება. არადა, სახელისუფლებო ქოლგის საფარველის გარეშე საქართველოში ბიზნესის წარმოება მეტწილად წარუმატებელია, ზოგჯერ კი შეუძლებელიც . მახსოვს კომპანია ”ელიტელექტრონიქსის” მესვეურთა გაბადრული სახეები, როცა ისინი გვერდს უმშვენებდნენ მაღალი თანამდებობის პირებს სახელისუფლებო წრეებიდან, მონაწილეობდნენ მთავრობის ინიცირებულ პროექტებში. მაგალითისთვის ნავთლუღის რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქციის პროექტიც კმარა. ცოტა ხნის წინ აჭარაში ვიყავი, გაოგნებული დავრჩი, ”ელიტელექტრონიქსის” იმდენი მაღაზია ვიხილე. რა თქმა უნდა, მავანთა სერიოზული მხარდაჭერის გარეშე კომპანია ამას ვერ შეძლებდა. მართალი გითხრათ, გული მწყდება, რომ ამ კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა. ამ ხერხით ბიზნესის დასჯა სიახლე არ არის. როგორც წესი, თავდაპირველად ხელისუფლება ცდილობს დაიახლოვოს მეტნაკლებად წარმატებული კომპანიები, მათ ავანსად გარკვეული ჯარიმა დააკისროს, რომელსაც ერთგვარი ხაფანგის როლი ეკისრება და შემდეგ მისთვის სასურველ დროს გაააქტიუროს ჯარიმის ამოღების პროცესი. მსგავსი საფრთხე მოელის ”ავერსს”, ”პსპ”-ს, ”ვისოლსა” და ყველა იმ კომპანიას, რომელიც თავის წარმატებას ხელისუფლებასთან სიახლოვით აშენებს. ამიტომ თავისუფალი ბიზნესი, პირველ რიგში, ხელისუფლების ფავორიტობას უნდა უფრთხოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესსაც დაკარგავენ და თავისუფლებასაც. ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გაცნობიერებული საკუთარი შემოსავლის კლების საფრთხე. ამიტომ ე.წ. სახელისუფლებო რეკეტი ბიზნესზე დღეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

საინტერესოა, რომ ფინანსურმა პოლიციამ სწორედ იმ წელს დააკისრა ”ელიქტელექტრონიქსს” 7-მილიონიანი ჯარიმა, როდესაც ხელისუფლებამ კომპანიას კონკურსის წესით 49-წლიანი იჯარით ნავთლუღის რკინიგზის სადგური გადასცა. სადგურის განახლების პროექტი თვით ქვეყნის პრეზიდენტმა მოიწონა. კომპანიაში ამბობენ, რომ სადგური ჯერ კიდევ მათ მფლობელობაშია, მაგრამ შეძლებენ თუ არა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რაც დაახლოებით 15 მილიონი დოლარის ინვესტიციის დაბანდებას გულისხმობდა, ამაზე დღეს საუბარი, ალბათ, უკვე ზედმეტია.