თხილის ექსპორტით საქართველო მსოფლიოში მესამეა - კვირის პალიტრა

თხილის ექსპორტით საქართველო მსოფლიოში მესამეა

"ყოველწლიურად საქართველო 40-50 ათას ტონა თხილს აწარმოებს"

საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც სრულად ძალაში 2015 წელს შევა. თუმცა რამდენიმე თვეში - სავარაუდოდ, შემოდგომაზე, წინმსწრებად ამოქმედდება შეთანხმება ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA), რაც ითვალისწინებს ევროკავშირის ბაზარზე ქართული სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული პროდუქციის თავისუფალ შეტანას.

საქართველოდან ევროკავშირში პროდუქცია დღესაც გადის და ბუნებრივია, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება პირველ რიგში სწორედ ამ პროდუქტებს შეეხება, რადგან ის, რაც უკვე იყიდება ევროპის 500-მილიონიან ბაზარზე, იქაურ მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს. სხვა საქონელს კი ჯერ შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევს, რასაც დრო და ფული დასჭირდება. ჩვენ დავინტერესდით, რა პროდუქცია გადის საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე, რა მოცულობით და რა შეიძლება შეიცვალოს ადგილობრივი ექსპორტიორებისთვის DჩFთA-ს ძალაში შესვლის შემდეგ? ყოველ პუბლიკაციაში თითო ასეთ პროდუქტზე გიამბობთ.

თხილის წარმოება ბოლო წლებში საქართველოში მომგებიან ბიზნესად იქცა.  რამდენიმე კერძო ინვესტორმა საგანგებოდ შეიძინა გურიაში სავარგულები, ზოგმა ჩაის პლანტაცია ამოძირკვა და თხილი გააშენა. თხილის ნარგავები გააშენეს კახეთშიც. ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 50-მდე კომპანიაა, რომლებიც თხილს მოსახლეობისგან ყიდულობენ, გადაამუშავებენ და ექსპორტზე გააქვთ. ყოველწლიურად საქართველო 40-50 ათას ტონა თხილს აწარმოებს.

მსოფლიოში თხილის ყველაზე დიდი ექსპორტიორი თურქეთია, რომლის წლიური წარმოება 500 ათას ტონაზე მეტია. მისი საექსპორტო პოტენციალი მილიარდებით იზომება და მსოფლიო ბაზრის 75-80% უჭირავს. ფასსაც ის კარნახობს ბაზარს. ჩვენთან არ არსებობს თხილის წარმოების ზუსტი სტატისტიკა, არ არის აღრიცხული თხილის ნარგავების რაოდენობა, თურქეთში კი ლამის ყოველი ბუჩქია დათვლილი. თხილის ექსპორტით მსოფლიოში მეორე იტალიაა, საქართველო და აზერბაიჯანი კი მე-3-4 პოზიციებს ინაწილებენ.

ჩვენი თხილის 90% უცხოეთში გარჩეული გადის. მოთხოვნა ქართულ თხილზე დიდია მაღალი ცხიმიანობის, ნაყოფის უნიკალური გემოსა და სიდიდის გამო, თუმცა ქართველი გლეხების უმეტესობა მოძველებული მეთოდებით უვლის თხილს, რაც მოსავლიანობაზეც აისახება.

ალექსანდრე მოწერელია, თხილის ექსპორტიორთა და გადამმუშავებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე: - ევროკავშირის ბაზრებზე ექსპორტირებისას ქართული თხილი ახლაც ნულოვანი ტარიფით იბეგრება. მოქმედებს თურქული სტანდარტი თშ  30-75, სადაც გაწერილია, რა ხარისხს უნდა აკმაყოფილებდეს თხილი - ექსტრა, პირველის თუ მეორე კლასის. რადგან თურქეთი თხილის უპირველესი ექსპორტიორია, ევროკავშირიც დღეს მისი სტანდარტით ხელმძღვანელობს. ქართული თხილიც ამ სტანდარტის შესაბამისად გადის ევროკავშირის ბაზარზე. შეღავათიანი პირობებით ჩვენ უკვე ვსარგებლობთ და მეტი რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა ამ ეტაპზე და რა შეიძლება შეიცვალოს ჩვენთვის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებით, ძნელი წარმოსადგენია.

მარიამ გაბუნია, ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: - საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატარიფო ლიბერალიზაცია უკვე მოქმედებს ბევრ პროდუქტზე. საქართველო კარგა ხანია სარგებლობს GSP+-ით, რაც ნულოვან საბაჟო ტარიფებს გულისხმობს. შესაბამისად, ის ქართული პროდუქტები, რომლებიც დღეს ევროკავშირში გადის და ნულოვანი რეჟიმით იბეგრება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედების შემდეგაც ამ რეჟიმით დაიბეგრება. ასეთი პროდუქციისთვის დაბეგვრის თვალსაზრისით არაფერი შეიცვლება, ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ GშP+ დროებითი რეგულაციაა, DჩFთA კი მუდმივი შეთანხმება იქნება.

P.S. საქართველო 2005 წლის ივლისში გახდა ერთ-ერთი მსოფლიოს იმ 15 ქვეყნიდან, რომელთაც GშP+-ის ბენეფიციარის სტატუსი აქვს, ანუ საქართველოს აქვს უფლება, ევროკავშირში უბაჟოდ შეიტანოს 7200 დასახელების პროდუქცია. მას შემდეგ 9 წელი გავიდა, ჩვენი ქვეყნიდან ევროკავშირში ექსპორტირებული პროდუქციის ჩამონათვალი კი ორ ათეულსაც ვერ აჭარბებს...

ექსპორტი იმატებს

საქართველოს საგარეო ვაჭრობამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2013 წელს 2,879 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ეს მთლიანი საგარეო ვაჭრობის 27%-ია და წინა წლის მაჩვენებელსაც 3%-ით აღემატება. აქედან ევროკავშირში ექსპორტი კი მთელი 72%-ით გაიზარდა და 608 მლნ აშშ დოლარს, ანუ ქვეყნიდან მთლიანი ექსპორტის 21%-ს გაუტოლდა.

ევროკავშირის ქვეყნებში 183 მლნ დოლარის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გავიდა - 2012 წელთან შედარებით 73%-ით მეტი, ხოლო სამრეწველო პროდუქციის მოცულობამ 425 მლნ - 72%-ით მეტი - შეადგინა.

თხილი ლიდერობს

საქართველოდან ევროკავშირში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციიდან ყველაზე მეტი თხილი გადის. მაგალითად, 2013 წელს საქართველოდან ევროკავშირში 116,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი გავიდა - 2012 წლის მაჩვენებელზე 128%-ით მეტი. ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია გერმანია (მთლიანი საექსპორტო ბაზრის 41%), იტალია (16%), ჩეხეთი (7,6%), ბელგია (6%) და საფრანგეთი (5%).