დამუხრუჭებული ავტობიზნესი - კვირის პალიტრა

დამუხრუჭებული ავტობიზნესი

რუსთავში სამხრეთ კავკასიის ავტობაზრობა ძველ სტატუსს კარგავს.  სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წელს აზერბაიჯანში - 24 ათასი, სომხეთში კი 17 ათასი ავტომანქანა გავიდა, 2014 წელს ეს ციფრი 70%-ით შემცირდა. ქართველი დილერების თქმით, თუ ყაზახეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ ახალ რეგულაციებს სომხეთიც შEემოიღებს, 30 ათასი ინდმეწარმისა და შესაბამისად, ავტობიზნესის მომავალი საქართველოში სავალალო იქნება.

არადა, გასულ წლებში რუსთავის ავტობაზრობა შაბათ-კვირას ავტომანქანებითა და უცხოელი მყიდველებით იყო სავსე. მოქალაქეები ხალხმრავლობის გამო ბაზარში შესვლას ვერ ახერხებდნენ და პირდაპირ ქუჩაში ყიდდნენ ავტომანქანებს. დღეს მაგისტრალიც თავისუფალია და ბაზრის ტერიტორიაც ნახევრად დაცარიელებული. მოვაჭრეები, ვინც წლების განმავლობაში ამ საქმით ირჩენდნენ თავს, მყიდველს დიდხანს, ზოგჯერ კი ამაოდ ელიან. საინტერესოა, რა გახდა ავტომანქანების ექსპორტისა და რეექსპორტის შემცირების მიზეზი.

პაატა თოდუა, ინდმეწარმე: "ასეთ დღეში არასდროს ვყოფილვართ. ერთი საათიც არ გვიწევდა ბაზარში დგომა, მანქანები  სწრაფად იყიდებოდა. მთავრობის მხარდაჭერას ხომ უნდა გრძნობდე კაცი? სამი მანქანა რომ მყავს ჩამოყვანილი და განბაჟების ვადა მეწურება. ადრე აზერბაიჯანელი და ყაზახები დასწრებაზე იყვნენ და გამთენიისას ბაზარში გვხვდებოდნენ. ბევრჯერ ფოთის პორტშივე გამიყიდია მანქანები, რა ფასსაც ვეტყოდი, არც მევაჭრებოდნენ, იხდიდნენ. ახლა მხოლოდ სომხები დადიან და პირობებსაც გიყენებენ, ჩვენ გარდა სხვებს აღარ სჭირდება თქვენი მანქანები და იაფად მოგვეციო. განბაჟების ფული რომ არ გაქვს, იძულებული ხდები, იზარალო, ოღონდ მოიშორო მანქანა".

პირველ რესპონდენტთან საუბრის შემდეგ ჩემი ყურადღება მიიქცია  ავტომანქანამ, რომელსაც შუახნის მამაკაცი ჩაფიქრებული დაყრდნობოდა. რომ მივედი, მყიდველი ვეგონე და დაფაცურდა. როცა ავუხსენი, ჟურნალისტი ვარ-მეთქი, სხვებსაც უხმო:

გიორგი დევიძე, ინდმეწარმე: - ორი თვეა, ერთ მანქანას მივჩერებივარ და ვერ გავყიდე, ფასსაც არ მეკითხებიან, შევაჭრებას ვინღა დარდობს. არადა, ჩამოყვანიდან 45 დღეში უნდა განაბაჟო. თუ ვერ მოასწარი, კიდევ 45 დღეს გაძლევენ, რისთვისაც 300 ლარი უნდა გადაიხადო. ერთხელ უკვე გადავავადე, ამის გამო მომიწევს მანქანის საჯარიმო ტერმინალზე გადაყვანა და 9 ლარის გადახდა ყოველდღე.

- ბაზარი ფაქტობრივად ცარიელია.

- აქ მოსვლას რა აზრი აქვს, ტყუილად რატომ უნდა გადაიხადო ფული. ვინც მოასწრო განბაჟება, ურჩევნია, მანქანას ფასი მიაკრას და თავის სახლთან ან ქალაქში სადმე დააყენოს იმ იმედით, რომ კლიენტი დაურეკავს.  ნაცვლად იმისა, ბაზარში შემოსვლის ფასი შეემცირებინათ, პირიქით, გააძვირეს. უწინ მთელი დღით 7 ლარად შეგვეძლო შემოსვლა, ახლა 5 ლარი მარტო შემოსვლა ღირს, დამატებით 20 ლარი იმისთვის უნდა გადაიხადო, რომ მანქანა დააყენო. ზოგს 10 მანქანა  ჰყავს ჩამოყვანილი და ყველა რომ შემოიყვანოს, ამხელა ბაჟი ექნება გადასახდელი და რაღა დარჩება?

ავტომანქანებით მოვაჭრეებთან გასაუბრების შემდეგ ცხადი შეიქნა, რომ  ეს ბიზნესი მართლაც სულს ღაფავს. საჯარიმო სადგომები გადაჭედილია სხვადასხვა მოდელის ავტომანქანებით.

ლევან შიოშვილი, ინდმეწარმე: "წელიწადია სამი მანქანა ვერაფრით რომ ვერ გავყიდე, ავდექი და ერთი ჩემთვის დავიტოვე, მეორე ისე იაფად გავყიდე, ერთი თეთრიც არ მომიგია, ეს მესამე კი თვეებია უკვე ტერმინალზე მყავს დაყენებული. დღეში 9 ლარს ვიხდი და უკვე 800 ლარი მაქვს გადახდილი საჯარიმო მოსაკრებელი. ხომ არ გავაჩუქებ, ფული მაქვს გადახდილი ამ ვერანაში".

ერევნელი ედვარდ აკოფიანი დიდად სიტყვაუხვი კაცი არ გამოდგა, მაგრამ რამდენიმე კითხვაზე მაინც გვიპასუხა: - ჩვენთან ახალი რეგულაციები არ ამოქმედებულა, თუმცა, ავტომანქანების საქართველოდან წაყვანა მაინც აღარ არის სარფიანი.   საჯარიმოზე მდგარი მანქანები  რამდენიმე თვის წინ შევათვალიერე, ყიდვაც მინდოდა, მაგრამ ქართველებს ვერ მოვურიგდი. ჩვენ გარდა, სხვა ქვეყანას აღარ გაჰყავს აქედან მანქანები, ამიტომ მისაღები ფასები უნდა დააწესოთ.

ლევან კალანდაძე, ეკონომიკის ექსპერტი: - მოქალაქეების დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე რჩება, რადგან აქამდე შემოსავლიანი ავტომანქანების ბიზნესი საცაა ჩაკვდება. ავტოტრანსპორტის ექსპორტისა და რეექსპორტის შემცირება პირდაპირ უკავშირდება აზერბაიჯანსა და ყაზახეთში (და, ალბათ, მომავალში სომხეთშიც) გაზრდილ საბაჟო ტარიფებს. თუ ამ ქვეყნებში ისევ შეიცვლება დაბეგვრის რეჟიმი და შემცირდა საბაჟო მოსაკრებლის განაკვეთები, მაშინ ტრანზიტი, რაც იყო, რეექსპორტის სახით ისევ აღდგება.

- აზერბაიჯანში 2005 წლამდე გამოშვებული ავტომანქანების შეყვანა აიკრძალა, არ სჯობს დილერებმა  ახალი მანქანებით ვაჭრობა დაიწყონ?

- ახალი მანქანები ძვირი ღირს. ბაზარზე ახლაც ბევრია 2005 წლის მანქანა, მაგრამ აზერბაიჯანელები მაინც არ აქტიურობენ სწორედ იმ მიზეზით, რომ ვერ ყიდიან ახალ მანქანებს თავიანთ ქვეყანაში.

სამწუხაროდ, ბაზარზე ცვლილებების შესახებ ინფორმაციას მოვაჭრეებს არავინ აწვდის, მათ არც მოსალოდნელი რისკების შესახებ იციან რამე. მაგალითად, აზერბაიჯანში, როცა ახალი რეგულაციები დაწესდა, ხელისუფლებას საინფორმაციო კამპანია უნდა დაეწყო და წვრილი მეწარმეებისთვის ყველაფერი აეხსნა. ეს რომ გაეკეთებინათ, ამდენი გაუყიდავი მანქანა არ დარჩებოდა ქვეყანაში.

უტა ბიწაძე