ეკონომიკური ჯინი გამოშვებულია - კვირის პალიტრა

ეკონომიკური ჯინი გამოშვებულია

შემოსავლების უთანაბრობით საქართველო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც კი უსწრებს

"ჯინის კოეფიციენტი" - ასე ჰქვია სტატისტიკურ მაჩვენებელს, რომელიც ქვეყანაში შემოსავლების უთანაბრობის საზომია. კოეფიციენტი 0-დან 1-მდე მერყეობს და რაც უფრო ახლოს არის 0-თან, მით უფრო თანაბარია შემოსავლების განაწილება, ხოლო რაც უფრო ახლოს არის მაჩვენებელი 1-თან, შემოსავლების გადანაწილება მით მეტად უთანასწოროა.

საქართველოში "ჯინის კოეფიციენტი" 0,42-ია. ეს მიუთითებს, რომ საშუალო ფენა ჯერ კიდევ შორს არის ჩამოყალიბებისგან. ქვეყანაში, სადაც საშუალო ფენა მეტად მცირეა, საზოგადოება, პრაქტიკულად, მხოლოდ მდიდრებად და ღარიბებად იყოფა. ბოლო წლებში "ჯინის კოეფიციენტი" ოდნავ არის შემცირებული: 2006 წელს საქართველოში ის 0,45 იყო, ყველაზე მაღალი კი 2009-2011 წლებში - 0,46.

სამწუხაროდ, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე "მოწინავე" ქვეყანაა დოვლათის უთანასწოროდ გადანაწილების თვალსაზრისით. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორისაც კი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს.

მკვლევართა აზრით, ქვეყანაში საშუალო ფენის ჩამოყალიბებას ბევრი გარემოება უშლის ხელს, მათ შორის, მაღალი უმუშევრობა. გარდა ამისა, მოქმედებენ ბიზნესები, საიდანაც მიღებული შემოსავლები, ძირითადად, საზოგადოების მდიდარ ფენაში ნაწილდება.

იოსებ არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: - არც ერთი ქვეყნის საზოგადოებაში არა აქვს მოსახლეობის ყველა ფენას ერთნაირი შემოსავალი. ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან არა მხოლოდ თვალის ფერით, სიმაღლით თუ ასაკით, არამედ სოციალური მდგომარეობითა და შემოსავლების სიდიდითაც. რამდენად მაღალია ან დაბალი ეს სხვაობა, სწორედ ამის დასადგენად გამოიყენება "ჯინის კოეფიციენტი", რომელიც გასული საუკუნის ცნობილი იტალიელი ეკონომისტისა და სტატისტიკოსის, კორადო ჯინის სახელს უკავშირდება.

წარმოვიდგინოთ ჰიპოთეზური ვარიანტები: მაგალითად, თუ საზოგადოება 1.000 წევრს ითვლის და ყველას ერთნაირი შემოსავალი აქვს, მაშინ "ჯინის კოეფიციენტი" იქნება ნულის ტოლი, ხოლო საპირისპირო ვარიანტში, როცა 1.000 კაციდან მხოლოდ 1-ს აქვს შემოსავალი და დანარჩენს - არა, ეს კოეფიციენტი იქნება 1-ის (ანუ 100%-ის) ტოლი. რა თქმა უნდა, რეალობაში ასე არ არის. რაც უნდა ღარიბი საზოგადოება ცხოვრობდეს ქვეყანაში, განსაზღვრული შემოსავალი მაინც აქვს. ვთქვათ, ინდოეთში დღესაც ძალაშია საზოგადოების კასტებად დაყოფა, მაგრამ მინიმალური საარსებო შემოსავალი უდაბლეს კასტებსაც აქვთ.

რაც უფრო მაღალია "ჯინის კოეფიციენტი", მით უფრო მაღალია სოციალური დიფერენცირება და სახელმწიფომ ამ უთანაბრობის შესამცირებლად შესაბამისი პოლიტიკა უნდა გაატაროს. მიჩნეულია, რომ თუ საზოგადოების ყველაზე მდიდარი 10%-იანი ნაწილის შემოსავლები 10-ჯერ და მეტად აღემატება ყველაზე ღარიბი 10%-ის შემოსავლებს, ყალიბდება სოციალური დაძაბულობა და გაუცხოება. ფაქტობრივად, ყალიბდება განსხვავებული სუბკულტურა - ცხოვრების წესის, მოხმარების და ა.შ. შესაბამისად, "ჯინის კოეფიციენტი" ძალიან კარგი ინდიკატორია სოციალური დუღილის ტემპერატურის შესაფასებლად. სამწუხაროდ, საქართველოში ეს კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია - 0,42 ქულას (ანუ 42%-ს) შეადგენს, ოღონდ მთლიანი შემოსავლების გადანაწილების თვალსაზრისით. კონკრეტულად ფულადი შემოსავლების განაწილების თვალსაზრისით კი მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და 49%-ს უტოლდება. ეს სხვაობა ცხადყოფს, რომ რაც უფრო დაბალშემოსავლიანია ოჯახი, მით მეტად ცდილობს, შემოსავლები მიიღოს ნატურალური ფორმით - სოფლის მეურნეობის პროდუქტებით, ხოლო უფრო მაღალშემოსავლიან ოჯახებში ნატურალური შემოსავლები შედარებით ნაკლებია. შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ საქართველოში საშუალო ფენა მცირეა და ამინდს ვერ ქმნის.

საზოგადოდ, რაც უფრო დაბალგანვითარებულია ქვეყანა, მით მეტია იქ "ჯინის კოეფიციენტი" და შემოსავლებს შორის უთანაბრობა. მაგალითად, ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზე ნამიბიაა, სადაც ეს კოეფიციენტი 76,3%-ს შეადგენს, ნორვეგიაში კი - 25,8%-ს.

საშუალო ფენაზე დგას განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის 70-80%. ასეთი ფენის არარსებობა ან მეტისმეტი სიმცირე შესაძლოა დიდად სარისკო იყოს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა უპირველესად სწორედ საშუალო ფენის შექმნისკენ უნდა იყოს მიმართული. ამისთვის ხელი უნდა შეეწყოს მცირე და საშუალო ბიზნესსა და მოქალაქეთა დასაქმებას, ხელმისაწვდომი უნდა გახდეს განათლება, ჯანდაცვა - ყველაფერი, რაც ადამიანს განვითარებისთვის სჭირდება.